
თურქეთის მხარის მოთხოვნით თბილისში დაკავებული მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს. წინასაექსტრადაციო პატიმრობაში მყოფი მუსტაფა ჩაბუქის ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართავს.
„მივმართავთ ყველა სათანადო სამართლებრივ საშუალებას, რომ არ მოხდეს ექსტრადირება, ეს საკითხი ეხება არამხოლოდ კონკრეტულ ადამაინს, არამედ ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის და ხელისუფლების ღირსებას. თუ უდანაშაულო ადამიანს გავწირავთ წამებისა და არაადამიანური მოპყრობისათვის, ეს იქნება ძალიან დიდი სირცხვილი. მივმართავთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თავშესაფრის მოთხოვნით, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, რაც ნიშნავს იმას, რომ შეჩერდება ექსტრადირების პროცესი. საჭიროების შემთხვევაში გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და მივმართავთ ყველა სათანადო ორგანოს, მათ შორის იუსტიციის მინისტრს, მთავარ პროკურორს, რომ პროცესი წარიმართოს სამართლებრივ ჩარჩოებში“, - ამბობს იოსებ ბარათაშვილი
მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. ადვოკატის განცხადებით, საექსტრადაციო პატიმრობის ვადა მაქსიმუმ 9 თვეა.