ვფიქრობ, ეს ჩანაწერი პირდაპირ ეხმიანება იმ მოთხოვნას, რომელიც ჩვენს მოქალაქეთა უდიდეს უმრავლესობას აქვს. და ვფიქრობთ, ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს მმართველმა გუნდმა - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვის საკითხს.
მთავრობის სხდომის დაწყებამდე მან აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა.
„მმართველ გუნდში გაიმართა კონსულტაციები, რომელშიც მონაწილეობდა მთავრობა, საპარლამენტო უმრავლესობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკონსტიტუციო კომისიას მივმართოთ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა.
ანუ ფორმულირება იქნება შემდეგი: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებას, სახელმწიფოს და თვითმმართველ ერთეულს.“ - თქვა პრემიერმა.