სააპელაციო სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული მიშკა მგალობლიშვილი წინასწარი პატიმრობიდან 50 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე (უძრავი ქონების გარანტიით) გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლემ, გიორგი გოგინაშვილმა, რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ჰიპ-ჰოპ პროექტის „ბირჟა მაფიის“ წევრი, რეპერი მიშკა მგალობლიშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ივნისს დააკავეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დაკავებას უკავშირებს კლიპს, რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული.
ჰიპ-ჰოპ პროექტის „ბირჟა მაფიის“ წევრებს საქალაქო სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა 9 ივნისს შეუფარდა.
პროცესის მეორე დღეს თბილისში რეპერების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები რეპერების დაკავებას და არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებდნენ.
აქციის მიმდინარეობისას რეპერების დაკავებას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში ნარკოპოლიტიკა მკაცრია და პარლამენტს აღნიშნულთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებულ რეჟიმში განხილვისკენ მოუწოდა.
11 ივნისს გლდანის ციხეში დაკავებული რეპერები პროკურატურის წარმომადგენლებმა დაკითხეს. დაკითხვის დასრულებიდან რამდენიმე საათში პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარის მოთხოვნას პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლაზე დაეთანხმება.
ასევე, პროკურატურამ, მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიის“ წევრების გამოკითხვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. განცხადების მიხედვით, გამოძიება პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარეობს
მგალობლიშვილთან ერთად დაკავებულია ჰიპ-ჰოპ პროექტის „ბირჟა მაფიის“ მეორე წევრი გიორგი ქებურია. გიორგი ქებურიას სასამართლო პროცესი 3 საათზეა ჩანიშნული.