Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბერძენიშვილი პროპორციული სისტემის გადავადებაზე: ესაა ხელისუფლებაში ჩაბეტონების მცდელობა

19 ივნისი, 2017 17:40

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაძლოა, პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020-ის ნაცვლად 2024 წლიდან ამოქმედდეს. კონსულტაციებისა და შეთანხმების გაჭიანურებაში კობახიძემ ნაწილობრივ ოპოზიცია დაადანაშაულა. ამასთან, „ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებითპირველ ადგილზე გასული პარტია გადაუნაწილებელ მანდატებს სრულად არ მიიღებს. ახალი ვერსიით, პარტიებისთვის ქვედა და ზედა ზღვარი დაწესდება - პარტია გადაუნაწილებელი მანდატების ხარჯზე 89 მანდატზე მეტს ვერ მიიღებს. ამასთან, თუ პირველ ადგილზე გასული პარტია 75 ან ნაკლებ მანდატს მიიღებს, მაშინ ბონუსი აზრს კარგავს და გადაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად ბარიერგადალახულ ყველა პარტიაზე გადანაწილდება. „ლიბერალი“  „რესპუბლიკური პარტიისერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს ესაუბრა:

როგორი იყო ოპოზიციის როლი საარჩევნო სისტემის შეცვლაში?  შეეძლო თუ არა მას დაებრკოლებინა ამ საკითხზე შეთანხმება?    

ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას, მით უმეტეს 2016 წელს დაკომპლექტებულ პარლამენტში, სადაც კონსტიტუციური უმრავლესობა აქვთ. კობახიძე მწყრალადაა ლოგიკასთან, 113 ხმა სჭირდება კონსტიტუციის დამტკიცებას და 117 ხმა აქვთ, ამას ემატება 6-კაციანი მეგობარი ფრაქცია. ასე რომ, მათთვის ეს პრობლემა არ არის.

„ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო წინა მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტის მიერ მიღების საკითხი, არ მოინდომა კენჭისყრა. ამ მოწვევის პარლამენტში, როცა მათ აქვთ  საკონსტიტუციო უმრავლესობა, აღმოჩნდა, რომ ისინი ერთმანეთშიც არ არიან შეთანხმებული. რა შუაშია ოპოზიცია, როცა უმრავლესობის დიდი ნაწილი ღიად და აშკარად მაჟორიტარულ სისტემას უჭერს მხარს.

110-მა კაცმა მოაწერა ხელი საკონსტიტუციო ცვლილებებს, მერე კი ნაწილმა განაცხადა, მაჟორიტარული სისტემის მომხრე ვართო. სწორედ ესაა პოლიტიკური უმწიფარობა - რისი ხელმომწერებიც იყვნენ, იმის ბოლომდე გამტანები არ აღმოჩდნენ.

ეს იყო მდარე ვაჭრობა, ან მოგვეცით ძალიან დიდი ბონუსი, რომ კვლავ უსამართლოდ გვქონდეს უმრავლესობა, ან დავტოვებთ მაჟორიტარულ სისტემას. ჯერ თქვეს, რომ ვენეციის კომისიის გარეშე არ მიიღებდნენ ცვლილებებს. კომისიის რეკომენდაციების მოსმენის შემდეგ თქვეს, რომ 60 მანდატი თუ ეკუთვნის, ბონუსი დაემატება და 89-ს მიიღებს.

არსებობს თუ არა ევროპის რომელიმე ქვეყანაში გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების ბონუსური სისტემა?

ევროპაში ორი  ქვეყანაა გამონაკლისი, სადაც ბონუსებია - იტალია და საბერძნეთი. მაგრამ იქაც განსხვავებული ვითარებაა. საბერძნეთში  3%-იანი ბარიერია პარტიებისთვის და არა 5%-იანი.  იტალიაში კი 40%-იანი ქვედა ზღვარია. აქ შეშინდნენ და 35%-ზე ჩამოვიდნენ. ანუ თუ მანდატების 35%-ს მიიღებს, მაშინ მიიღებს ბონუსს. ისე, თუ 60  მანდატი მეკუთვნის, ბონუსით 89 მინდა გვქონდესო. არადა, 76 მანდატი თუ აქვთ, უკვე უმრავლესობაში არიან.

როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ თმობს ხელისუფლება ამჟამად არსებულ საარჩევნო მოდელს და რამდენად საკმარისი იქნება მხოლოდ ეს, რომ მომავალ არჩევნებშიცქართულმა ოცნებამგაიმარჯვოს?

ეს მხოლოდ იმას აჩვენებს და ადასტურებს, რომ ხელისუფლება შეშინებული და მხდალია. მხდალი ხელისუფლება ხელოვნური მექანიზმებით შორს ვერ წავა. ასე ემართებათ ხოლმე. მეორე ვადის შუა ხანებში უავტორიტეტო  ხელისუფლების მხრიდან, რეიტინგის ვარდნის პროპორციულად ხელოვნური მექანიზმების გამოყენებით, ხელისუფლებაში ჩაბეტონების მცდელობა იწყება - ბლოკების აკრძალვა, საარჩევნო ადმინისტრაციაში ისედაც უმრავლესობა აქვთ და ახლა უნდათ, რომ კიდევ უფრო გაიმყარონ, 7 თვითმართველი ქალაქის გაუქმება, ნაცვლად თვითმმართველი ქალაქების გაზრდისა. ასე დაემართა შევარდნაძესაც, ასე დაემართა სააკაშვილსაც, ასე ემართება ივანიშვილსაც.

ხელისუფლება ორიენტირებულია უმცირესობის ხმებით უმრავლესობის მოპოვებაზე. ეს ნიშნავს იმას და პრაქტიკაც ადასტურებს, რომ შეიქმნება საინფორმაციო-პოლიტიკური ბანაკები და როგორც არაერთხელ მომხდარა, მორიგი პიროვნება იქსი ეცდება, დამყაყებული ხელისუფლების წინააღმდეგ შექმნას ლაშქარი.

ვერანაირი ხელოვნური ტექნოლოგიები ვერ უშველის ხელისუფლებას, თუ მას საზოგადოების ნდობა არ აქვს. ვერ უშველა ვერც შევარდნაძეს 2003-ში, ვერც სააკაშვილს 2012-ში. ასე იქნება ივანიშვილის ხელისუფლების შემთხვევაშიც.

რატომაა აუცილებელი, რომ არსებული მოდელი რაც შეიძლება მალე შეიცვალოს?

არსებული მოდელი ნიშნავს იმას, რომ ასე ჩატარებული არჩევნები ორ დიდ ბანაკს წარმოშობს. ეს ბანაკები ერთმანეთს ეჯახებიან, ეს არაა კონკურენცია, ესაა მტრობა. ჩვენ ამის ამდენწლიანი გამოცდილება გვაქვს. ეს არის სისტემა - „გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი“. მაჟორიტარული სისტემის დატოვება ნიშნავს, რომ 50%-ს + 1 ხმა ესაა სრული მანდატი და არაფერი რჩება 49,9-ს. ეს არაა ევროპული გზა. ევროპული გზა დამყარებულია კოალიციაზე, პარტნიორობასა და კონკურენციაზე. ასეა ჰოლანდიაში, ბელგიაში, ლუქსენბურგში, გერმანიაში, სკანდინავიაში, ბალტიაში, ბალკანეთში. პრაქტიკულად ასეა იმ ქვეყანაში, სადაც ძლიერი დემოკრატიული საპარლამენტო მოდელებია.

ხოლო სისტემა „გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი“ დამახასიათებელია ჩვენნაირი უწიფარი პოლიტიკური რეჟიმების პირობებისთვის. როგორც იყო „მრგვალი მაგიდა“ კომუნისტების წინააღმდეგ, ოპოზიცია „მრგვალი მაგიდის“ წინააღმდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ მოქალაქეთა კავშირის წინააღმდეგ, გაერთიანებული ოპოზიცია 2007-2008 წლებში „ნაციონალების“ წინააღმდეგ, „ქართული ოცნების“ კოალიცია „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, რაც არის ორიენტირებული დალეწვაზე ან შელეწვაზე. ან იგებს ოპოზიცია და ანგრევს და ამსხვრევს ხელისუფლებას, ან შეელეწება მას და მომდევნო ციკლის დროს სხვა ოპოზიცია დალეწავს ხელისუფლებას. ეს არაა დემოკრატიული და ევროპული პოლიტიკა.

რას მივიღებთ, თუკი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე არაფერი შეიცვლება?

რაც  უფრო დიდი იქნება სხვაობა მოსახლეობის განწყობასა და განაწილებულ მანდატებს შორის, უმცირესობის ხმებით მანდატების უმრავლესობის მოპოვება გამოიწვევს იმას, რომ პოლიტიკა დარბაზს გასცდება. ეს ჩვეულებრივი ანა-ბანაა. ეს ვერ ისწავლა ვერცერთმა ხელისუფლებამ და, მით უმეტეს, ამ უმწიფარმა. ივანიშვილმა 2016 წელს სააკაშვილისგან მტრის ხატი შექმნა და ეს გამოიყენა საარჩევნო კამპანიის წარმართვისას. მაგრამ ახლა სააკაშვილი ერთი არაპოპულარული თოქშოუს წამყვანია სხვა ქვეყანაში და მისი მონსტრად დასახვა ივანიშვილს აღარ გამოუვა.

ხელისუფლების  მიერ გაყვანილი ადამიანები ისევე გამოიცვლიან პარტიას, როგორც არაერთხელ გამოუცვლიათ. 2003 წელს მაჟორიტარების კორპუსმა თქვა, რომ ჩვენ ხელისუფლების ვართ, რა მნიშვნელობა აქვს რომლისო. შევარდნაძის ვიყავით და ახლა სააკაშვილის ვიქნებითო. იყვნენ სააკაშვილის, მერე 12 პორტირებული ნაციონალი გახდა „ქართული ოცნების“ წევრი. ახლაც ბლომად არიან ასეთები მაჟორიტართა კორპუსში და არა მხოლოდ იქ. როგორიც იქნება საზოგადოების განწყობა, ისე მოიქცევიან ისინიც. ასე რომ, 35%-40%-ს თუ მიიღებს ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობას დიდი რეზერვით დააკომპლექტებს, ბუნებრივია, ეს საპარლამენტო უმრავლესობა ვერ აღმოჩნდება მყარი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^