Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ები: საქართველოში ნარკოპოლიტიკა ადამიანური მიდგომისკენ უნდა შემობრუნდეს

26 ივნისი, 2017 10:35

ზიანის შემცირებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები, პროფესიული და ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის წარმომადგენლები და აქტივისტები საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, შინაგან საქმეთა მინისტრების სახელზე მიმართვას ავრცელებენ, რომელსაც „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:

„კვლავ მოგმართვათ ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც აღინიშნება ყოველ წელს, 26 ივნისს და აქვე გამოვხატავთ ჩვენს ძალიან ღრმა წუხილს, რომ მიუხედავად მრავალჯერადი წინასაარჩევნო წერილობითი თუ ზეპირი დაპირებებისა ნარკოპოლიტიკის პოზიტიური და რეალური ცვლილებები საქართველოში დღემდე არ განხორციელებულა. 

მივესალმებით იმ წარმატებებს, რომელსაც ქვეყანამ ბოლო წლების მანძილზე მიაღწია აივ/შიდსისა და C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის და მისი ელიმინაციის მიმართულებით, მათ შორის ნეიტრალური დოკუმენტების მქონე პირებისთვის. მივესალმებით იმ დადებით დინამიკას, რომელიც ნარკოლოგიური სერვისების სახელმწიფო დაფინანსების კუთხით აღინიშნება. თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ათეული წლების განმავლობაში დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება უსამართლო, რეპრესიული და საზოგადოებისათვის საზიანო ნარკოპოლიტიკა. ეს პოლიტიკა იწვევს ათასობით ოჯახის გაღარიბებას, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევას, ახდენს ნარკოტიკების მომხმარებელთა კრიმინალიზაციას, ხოლო დაპატიმრების შიში კი აიძულებს ადამიანებს თავი აარიდონ სოციალური და სამედიცინო სერვისებით სარგებლობას. 

მეცნიერული კვლევები და განვითარებული ქვეყნების, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკა მიუთითებს, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირთა მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა და ადამიანის უფლებების დაცვასა და ჯანდაცვაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა ამცირებს დანაშაულს, ხელს უწყობს წამალდამოკიდებული ადამიანების რესოციალიზაციას და ამცირებს შიდსის, C ჰეპატიტის და სხვა სიცოცხლისათვის საშიში დაავადების გავრცელებას. წამალდამოკიდებულთა მკურნალობა/რეაბილიტაციისა და ზიანის შემცირების პროგრამების გაფართოება და ხელმისაწვდომობა აგრეთვე მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჯანმრთელობის უფლების ეფექტურ დაცვას და საქართველოს მიერ გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის სრულყოფილ იმპლემენტაციას. 

თანამედროვე განვითარებული ქვეყნების ხელისუფლება და საზოგადოება სულ უფრო მეტად თანხმდება, რომ ამა თუ იმ ქვეყნის დემოკრატიულობისა და განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი ქვეყანაში არსებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დაცვასა და ჯანდაცვაზე ორიენტირებული პრაგმატული ნარკოპოლიტიკაა. საქართველოში არსებულმა რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ არაერთი უარყოფითი შედეგები მოიტანა, როგორც ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის, ასევე მთელი საზოგადოებისთვის და ამგვარად ზოგადად ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. გაიზარდა ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა, თვითკმვლელობის შემთხვევები, ადამიანების მსხვერპლი და ინფექციური დაავადებების ტვირთი, შესაბამისად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯი. არაერთი მტკიცებულება ცხადყოფს, რომ დასჯა არ არის პრევენციული მექანიზმი და უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მკურნალობა და რეაბილიტაცია. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების და სადამსჯელო ღონისძიებების გამოყენება ნარკოტიკების მომხმარებელ პირთა მიმართ ხელს უშლის წამალდამოკიდებულის ჯანდაცვის უფლების რეალიზებას პრაქტიკაში, უნადგურებს მათ მომავალს, აღრმავებს სტიგმასა და დისკრიმინაციას ნარკოტიკების მომხარებლების მიმართ და ხელს უწყობს მათ იზოლაციას და საზოგადოებიდან გარიყვას. 

საქართველოში წლების განმავლობაში მოქმედი ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო ანალიზი გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ კანონმდებლობა ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ ითვალისწინებს არასამართლიან და არაპროპორციულ სასჯელს, რაც ეწინააღმდეგება, როგორც მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას ისე საერთაშორისო, კერძოდ განვითარებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაგმატულ გამოცდილებას.

საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებლის ადმინისტრაციული წესით დასჯის აღსრულებისათვის, რადგან კანონმდებლის მხრიდან განსაზღვრულია ზოგადი და არა კონკრეტული წესი, პოლიციელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ შემთხვევაში დააკავოს პირი და წარუდგინოს თავისივე უწყების დაწესებულებას ნარკოტიკული თრობის შესამოწმებლად. ამ შემთხვევაში ხშირად ხდება ადამიანის ღირსების შელახვა და მისი ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დარღვევა. ხელისუფლების არსებული შემდგომი მიდგომა კი ორიენტირებულია მის მუდმივ დევნასა და კრიმინალად გადაქცევაზე. 

ბოლო პერიოდში შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო სამართლადამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანების უსაფუძვლო დაკავებამ და ნარკოტიკების მოხმარება/შენახვის გამო წაყენებულმა ბრალდებებმა (გიორგი ადეიშვილის, მიშა მგალობლიშვილის, გიორგი ქებურიას, შოთა პაკელიანის, მიხეილ თათარაშვილის, დავით ხარშილაძის, ლევან აბზიანიძეს საქმეები, ასევე მამუკა მიქაუტაძის, დემურ სტურუას თვითმკვლელობის და სხვა მრავალი გახმაურებული თუ გაუხმაურებელი საქმეები, კონკრეტულად იხ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, HRW-ის და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების 2016-2017 წლის ანგარიშები საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ), რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯსა და რეპუტაციასაც. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ მკაცრი რეაგირება უნდა გვქონდეს ყოველ ისეთ შემთხვევაში, რაც საზოგადოებაში „ნარკოტიკის ჩადებასთან“ არის დაკავშირებული. 

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის პატიმრობის შეფარდებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. 2016 წლის 15 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელშიც სადავოდ მიიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლების კონსტიტუციურობა. ასევე საქართველოს სახალხო დამცველმა 2015 წლის 20 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც გაასაჩივრა ე.წ. „ქუჩის ნარკოტესტირების“ მთლიანი პროცედურა, პირის წარდგენიდან, მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ სასამართლო დადგენილების გამოტანის ეტაპამდე, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და მალე იგეგმება მისი არსებითი განხილვა. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს რომ, ნარკოტიკულ სამართალდარღვევათა დადგენის წესი წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის რიგ ნორმებთან და საჭიროებს გადახედვას. ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია მოქალაქეთა და საერთო სასამართლოების უამრავი წარდგინებები სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოდანაშაულის თავში მოცემული სასჯელების არაპროპორციულობასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს სახელმწიფოს მხრიდან დაუყონებლივი ჩარევის და დღევანდელი ნარკოპოლიტიკის ცვლილების აუცილებლობაზე.

ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლა არ გულისხმობს ბრძოლას ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანებთან და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებთან, ამას მოწმობს მსოფლიოს არაერთი ქვეყნის გამოცდილება და ადასტურებს საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას, რომ ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანებთან მიმართებაში აქცენტი უნდა გაკეთდეს ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებაზე. 

დღეს თქვენი პოზიცია და პოლიტიკური ნება გადამწყვეტია - ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში უნდა მოხდეს ნარკოპოლიტიკის შემობრუნება ადამიანური, დახმარებაზე ორიენტირებული მიდგომისკენ. მოგიწოდებთ ერთად დავამთავროთ ეს უსამართლობა. შიში, რეპრესია და დევნა ჩავანაცვლოთ განათლებით, პრევენციით და ზრუნვით. დღეს არსებული ცოდნა, მეცნიერება და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს არის პრობლემის გადაჭრის ეფექტური გზა. 

კვლავ გამოვხატავთ სრულ მზადყოფნას, რომ ყველა პარტნიორთან ერთად ვიმუშავოთ მტკიცებულებებზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის შექმნაზე და განხორციელებაზე. 

გთხოვთ და მოგიწოდებთ მხარი დაუჭირეთ ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ერთობლივ კანონისპროექტს", - ნათქვამია განცხადებაში.

„ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელისა და  „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ, კახეთის გზატკეცილზე, 19 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება.

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა (GNDP);
ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი (GHRN);
ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი (GeNPUD);
თეთრი ხმაურის მოძრაობა;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^