Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა მდგომარეობაა პენიტენციურ დაწესებულებებში - ომბუდსმენის ახალი ანგარიში

26 ივნისი, 2017 17:20

საქართველოს სახალხო დამცველმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა სპეციალურად წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 26 ივნისს აღინიშნება.

ანგარიში დახურული ტიპის დაწესებულებებში, კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოებში, შშმ პირთა პანსიონატებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს. 

რა მდგომარეობაა პენიტენციურ დაწესებულებაში

ევროპის საბჭოს მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 2015 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 10 242 პატიმარი იყო, მათ შორის 54 არასრულწლოვანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში 100 000 მოსახლეზე 274 პატიმარი მოდიოდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მონაცემები საქართველოს 2014 წლის 1 სექტემბრის მაჩვენებელთან (227 პატიმარი 100 000 მოსახლეზე) შედარებით მაღალია. ევროპის საბჭოს ანგარიშის შესაბამისად, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ციხეებში პატიმრების რაოდენობა მაღალია.

2016 წელს პატიმრების მიმართ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე სახალხო დამცველმა წინადადებით 3 შემთხვევაში მიმართა შესაბამის ორგანოს. 

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ კვლავ პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებული წამების განმარტება არ შეესაბამება გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციაში მოცემულ განმარტებას, ასევე, საკანონმდებლო და პრაქტიკულ დონეზე არ არის უზრუნველყოფილი წამების მსხვერპლთა სამართლებრივი დახმარება სახელმწიფოს ხარჯზე.

ანგარიშის მიხედვით, კვლავ პრობლემურია პენიტენციურ დაწესებულებებში ექიმსა და პატიმარს შორის ურთიერთობის კონფიდენციალურობის დაცვის საკითხი. უმეტეს დაწესებულებაში, პატიმრების შესახლებისას, პატიმართა სამედიცინო შემოწმებას დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებიან.

ომბუდსმენი მიესალმება იმ ფაქტს, რომ 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს შემცირებულია პატიმრების დეესკალაციის ოთახში მოთავსების ხანგრძლივობა, თუმცა დაფიქსირდა ერთეული შემთხვევები, როდესაც პატიმრები აღნიშნულ ოთახებში მოთავსებული იყვნენ 20-დან 36-დღემდე ხანგრძლივობით. სახალხო დამცველი დადებითად აფასებს პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში განხორცილებულ ცვლილებებს, რომლითაც დეესკალაციის ოთახში პატიმრის მოთავსების მაქსიმალურ ვადად 72 საათი განისაზღვრა. მიუხედავად ამისა, უცვლელია სახალხო დამცველის რეკომენდაცია, დეესკალაციის ოთახში პატიმრის მოთავსების მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს 24 საათი. „დეესკალაციის ოთახებში არსებული გარემო და პირობები არ არის უსაფრთხო და არ არის მოწყობილი იმგვარად, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი თვითდაზიანების რისკი. აღნიშნულ ოთახებში მეთვალყურეობის სისტემები ისეა დამონტაჟებული, რომ ტუალეტის ნიჟარა მოქცეულია ვიდეოკამერების ხედვის არეალში."

ანგარიშის მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა, რომელიც ხშირად ხდება პატიმრებს შორის ძალადობისა და ჩაგვრის მიზეზი.

სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა ქცევის პოზიტიურ ცვლილებას, რეაბილიტაციას და შესაბამისად, საზოგადოებაში რეინტეგრაციას.

2016 წელს კვლავ პრობლემად რჩება ყველა მსჯავრდებულის 4 მ2 საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ამასთან, N2 და N8 დაწესებულებებში ბრალდებულები და მსჯავრდებულები რიგ შემთხვევებში ერთად არიან განთავსებული, რაც პატიმრობის კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევას წარმოადგენს.

2016 წელს, წინა წელთან შედარებით, პატიმართა მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენების შემთხვევათა რაოდენობა 16%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს N2 დაწესებულებაში 40,4%-ით გაიზარდა სამარტოო საკნებში პატიმართა მოთავსების შემთხვევები, რაც ომბუდსმენის აზრით,  საყურადღებოა.

ანგარიშის მიხედვით,  2016 წელს 37,2 %-ით შემცირდა პატიმართა წახალისების შემთხვევები.

ომბუდსმენის ინფორმაციით, 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში დაფიქსირებული სხეულის დაზიანების ფაქტების საერთო რაოდენობა არსებითად არ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ N8 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში შემცირებულია პატიმრების სხეულის დაზიანების შემთხვევები, რაც დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა საგულისხმოა, რომ N2 დაწესებულებაში დაზიანებების რაოდენობა გაზრდილია, მათ შორის, სხვა პირის მიერ მიყენებული დაზიანებების რაოდენობა. ასევე, აღსანიშნავია, რომ N6 პენიტენციურ დაწესებულებაში, 2016 წელს, 246 შემთხვევაში ვერ მოხერხდა დაზიანების წარმომავლობის დადგენა, 2015 წელს ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაშიც (28 შემთხვევა). 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^