Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბაქრაძე: საავტომობილო გზის მოწყობით სასტუმრო „ბუდაპეშტის" მშენებლობის წინაპირობა შეიქმნება

26 ივნისი, 2017 16:56

თბილისის მერია კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკის სიღრმეში შემავალი გზის  სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.

როგორც „ლიბერალს“ გზის სამუშაოებზე დასაქმებული მუშებმა განუცხადეს, დაახლოებით 300-400 მეტრის სიგრძეზე ასფალტი იგება. „რესტორანი „ბუდაპეშტი“ რომ იყო, იმის ზემოთ არის გაჩერებული ტექნიკა და აგებს ასფალტს“.

ქალაქმგეგმარებელ ზურაბ ბაქრაძის თქმით, აღნიშნული გზის საავტომობილოდ ქცევით შეიქმნება ერთ-ერთი წინაპირობა, დაშვებულ იქნას პარკში საზოგადოების მიერ გაპროტესტებული 7-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა.

როგორც ის „ლიბერალთან“ საუბრისას აცხადებს, არსებობს, წესი, რომ არ შეიძლება  მიწის ნაკვეთის სამშებელოდ გამოყენება, თუ მას მანქანა არ უდგება. მისი თქმით, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის ნებართვის გასაბათლებლად აღნიშნული წესი მათი ერთ-ერთი არგუმენტი იყო. ამიტომ, როგორც კი ადგილს სამანქანო გზად აქცევენ, ნაკვეთს მიუდგება გზა და ეს არგუმენტი სასტუმროს აშენების წინააღმდეგ გაბათილდება.

გარდა ამისა, ბაქრაძეს შენიშვნები სხვა კუთხითაც აქვს. მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია საპარკო ბილიკია და მისი გადაქცევა სამანქანო გზად არ შეიძლება.

მერიაში აცხადებენ, რომ გზის რეაბილიტაციას არანაირი კავშირი არ აქვს სასტუმროს მშენებლობასთან. „იქ იყო გზა და კეთდება გზა ჩვეულებრივად, არაფერი განსაკუთრებული“, - აცხადებენ პრესსამსახურში.

აღნიშნული გზის მშენებლობთან დაკავშირებით, ბაქრაძემ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსს გიორგი წერეთელს მიმართა განცხადებით, რომელსაც „ლიბერალი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ვაკის პარკში მიმდინარეობს კუს ტბის ასახვევიდან პარკის სიღრმეში შემავალი გზის სარეაბილიტაციო  სამუშაოები. როგორც მოგეხსენებათ, ეს გზა საპარკო საქვეითო ბილიკია, რაც ვაკის პარკის ექსპლოატაციის მოთხოვნებს და მისი თავდაპირველი პროექტის რეგულაციებს შეესაბამება.

სამწუხაროდ, პარკის უყაირათო და მისი ექსპლოატაციის შეუსაბამო მართვის გამო დღეს აღნიშნული გზა საავტომობილო მოძრაობისთვის გამოიყენება. ეს ხელს უშლის პარკის მომხმარებელთა უსაფრთხო საქვეითო მოძრაობას, იწვევს პარკში ჰაერის მნიშვნელოვან დაბინძურებას და ხმაურს, რაც არსებითად შეუსაბამოა პარკის ფუნქციონირებისთვის. წინა ხელისუფლებათა მიერ პარკის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ ინტერესთა საპირისპიროდ პრივატიზებულ მიწის ნაკვეთებამდე საავტომობილო მიღწევადობა ამას ვერაფრით გაამართლებს.   

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებამ ცხადჰყო, რომ მისი სიგანე მნიშვნელოვნად მეტია ვიდრე ეს მისი ზემოთ აღნიშნული საპარკო ფუნქციისთვისაა საჭირო. ამან საზოგადოებაში აღძრა ეჭვი, რომ თქვენდამი რწმუნებული სამსახური, გზის მისი ფუნქციის შესაბამისი რეაბილიტაციის ნაცვლად, აპირებს ამ ღონისძიების პარკისთვის მიუღებელ რეალობაზე, გზის საავტომობილო გამოყენებაზე, მორგებას და ამით გზაზე საავტომობილო მოძრაობის დაკანონებას.

გარდა ამისა აღნიშნული გზის საავტომობილოდ ქცევით შეიქმნება ერთ-ერთი წინაპირობა, დაშვებულ იქნას პარკში საზოგადოების მიერ გაპროტესტებული 7-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა. სასტუმროს მშენებლობის აღკვეთა ჯერ კიდევ არ არის სამართლებრივად გარანტირებული. მის სამშენებლო მიწის ნაკვეთამდე მიმავალი საავტომობილო გზის არარსებობა კი ერთი არგუმენტთაგანია სასტუმროს მშენებლობის საწინააღმდეგოდ. საზოგადოებაში აღძრული ზემოთ აღნიშნული ეჭვის გამართლების შემთხვევაში თქვენი სამსახური, ნებით თუ უნებლიედ, სასტუმროს მშენებლობას დაეხმარება და ამით მოქალაქეთა ნებას დაუპირისპირდება. 

როგორც თქვენთვის ცნობილი უნდა იყოს, საქალაქო საზოგადოებრივ პარკში, როგორიც ვაკის პარკია, კატეგორიულად დაუშვებელია სამანქანო მოძრაობა. ასეთი პარკი ემსახურება მოქალაქეთა ფსიქიურ და ფიზიოლოგიურ რეკრეაციას, ბავშვთა და მოხუცთა, შშმ პირთა დასვენებასა და სიჯანსაღეს, რასაც საავტომობილო მოძრაობა უშუალოდ ეწინააღმდეგება მავნე გამონაბოლქვით, ხმაურით და ქვეითად მოსიარულეთა, განსაკუთრებით შშმ პირთა, უსაფრთხოების ხელყოფით. საქალაქო საზოგადოებრივი პარკების დაგეგმვისა და ექსპლოატაციის როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ნორმებით იქ დასაშვებია მხოლოდ პარკის მომსახურე (დასუფთავების, ნარგავთა მოვლის და სხვა ასეთი საქმიანობისთვის განკუთვნილ) ავტომანქანათა მოძრაობა პარკის შესასვლელში მათთვის სპეციალური შემშვები მოწყობილობის (მაგ. ხერგილის) გავლით. ამ ნორმის შესაბამისად აღნიშნული გზის დასაწყისში კუს ტბის ასახვევთან უნდა დამონტაჟდეს მხოლოდ პარკის მომსახურე ტრანსპორტის შემშვები მოწყობილობა, რითაც აღიკვეთება პარკში ჯერ კიდევ არსებული საავტომობილო მოძრაობა.

გთხოვთ ყველა ღონე იხმაროთ, რათა აღნიშნული გზის რეაბილიტაცია ვაკის პარკის პროფილის შესაბამისად მოხდეს, რაც გულისხმობს მასზე საველოსიპედო, საბავშვო/შშმ პირთა ეტლების და საქვეითო მოძრაობის ზოლების (ამ უკანასკნელზე წიდის ან დაფხვნილი აგურის საფარით) მოწყობას და კუს ტბის ასახვევიდან გზაზე შესასვლელში ზემოთ აღნიშნული მოწყობილობის დამონტაჟებას.

იმედი მაქვს, რომ თქვენს საქმიანობას ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ანტისაზოგადოებრივი საქმიანობით არ დაიწყებთ და აღნიშნული გზის რეაბილიტაციას მოქალაქეთა მიერ პარკისადმი წაყენებულ არსებით მოთხოვნებს დაუქვემდებარებთ", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^