Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მუხთარლის და სხვა აზერბაიჯანელი აქტივისტების საქმეები - EMC-ის ანგარიში

27 ივნისი, 2017 15:24

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტების, სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტების (8 პირის) საქმეების პირველადი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. 

EMC-ის მიერ შესწავლილი საქმეები საქართველოში ლტოლვილის სტატუსისა და ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარს, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მათი სავარაუდო შევიწროებისა და დევნის ფაქტებს უკავშირდება. მათ შორის მოხვდა აფგან მუხთარლის საქმეც. როგორც შეხვედრაზე იურისტმა თამთა მიქელაძემ აღნიშნა, აფგან მუხთარლის საქმის შემდეგ ბევრი კითხვა გაჩნდა საქართველოს მთავრობის პოლიტიკის მიმართ. თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, გარკვეული ტენდენციები მანამდეც ჩანდა - საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანიდან დევნილ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს ბინადრობის უფლებასა და ლტოლვილის  სტატუსზე უარს ეუბნებოდა. 

გარდა ამისა, როგორც იურისტი ამბობს, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი აქტივისტები აზერბაიჯანის მთავრობასთან დაახლოებული პირების მხრიდან მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, დევნისა და მუქარის შესახებ ჰყვებოდნენ. თუმცა ანგარიშის თანახმად, საქართველოს შსს ამ საქმეებზე ეფექტიანად არ რეაგირებდა. 

ორგანიზაციის მიერ საქმეების შესწავლის პირველადი ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა 2016 წლიდან უარს აცხადებს აზერბაიჯანელ ჟურნალისტებსა და აქტივისტებისთვის  ლტოლვილის სტატუსის (პოლიტიკოსების დაშგინ აღალარლის და მისი შვილის ორჰან აღალარლის საქმე) და ბინადრობის ნებართვის (ჟურნალისტების - ლეილა მუსტაფაევას, გიულნურ ქაზიმოვას, გიუნელ  მევლუდ იმანოვას საქმეები) მინიჭებაზე, რაც ამავე პერიოდში აზერბაიჯანში აქტივისტების მიმართ მთავრობის ისედაც რეპრესიული პოლიტიკის გამკაცრებას სიმპტომატურად ემთხვევა.

ანგარიშის ავტორების თქმით, აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტებისა და აქტივისტებისთვის ლტოლვილის სტატუსის, ან ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარს საქართველოს შესაბამისი უწყებები ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ზოგადი ინტერესით ხსნიან, რომლის შემოწმება უსაფრთხოების სამსახურების შესაბამისი დასკვნის საიდუმლო ბუნების გამო თითქმის შეუძლებელია. ასევე, ცალკეულ შემთხვევებში ჩნდება ეჭვები საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არაფორმალური თანამშრომლობის შესახებ, რაც ყველაზე ნათლად აფგან მუხთარლის იძულებითი გაუჩინარებისა და ჯამალ ალისთვის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის საქმეებში გამოჩნდა.

გთავაზობთ EMC-ის მიერ შესწავლილ რამდენიმე საქმეს

 ჟურნალისტების ლეილა მუსტაფაევასა და აფგან მუხთარლის საქმე

ლეილა მუსტაფაევა და მისი მეუღლე აფგან მუხთარლი აზერბაიჯანში აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდნენ, აშუქებდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს და ღიად აკრიტიკებდნენ მმართველ პოლიტიკურ გუნდს, რის გამოც მათ ხშირად ექმნებოდათ პრობლემები, მათ შორის, ხელი ეშლებოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტი არაერთხელ გამხდარა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, მისი მეუღლის მიმართ კი ადგილი ჰქონდა სტატიების გამოუქვეყნებლობის პირობით გარკვეული მატერიალური სარგებლის შეთავაზების, მუქარას, ფინანსური ანგარიშების დაბლოკვისა  და დაკავების ფაქტებს.

2015 წლიდან, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ მათ მიმართ უკანონო ქმედებების გაძლიერების ფონზე ლეილა მუსტაფაევა და აფგან მუხთარლი საქართველოში ჩამოვიდნენ, მიიღეს ბინადრობის უფლება.

ლეილა მუსტაფაევას განმარტებით, საქართველოში გადმოსვლის შემდგომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მათ მიმართ  კონტროლის გაძლიერება აფგან მუხთარლის მიერ 2015 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მომზადებულ სტატიას მოჰყვა, რომელიც პრეზიდენტ ალიევის ოჯახის ბიზნესსაქმიანობასა და კავშირებს ეხებოდა. 

ამ პერიოდში ოჯახმა აზერბაიჯანში მყოფი მეგობრის დახმარებით გაარკვია, რომ აფგან მუხთარლის, სავარაუდოდ, უთვალთვალებდნენ და აზერბაიჯანში ე. წ. მეორე სიაში ჰყავდათ შეყვანილი და აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთისთანავე დაკავება და თავისუფლების აღკვეთა ელოდა.

2016 წლის აგვისტოში მუსტაფაევას ბინადრობის ნებართვას ვადა გაუვიდა და ხელახალი ნებართვის მიღების მიზნით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებით მიმართა. რამდენიმე დღის შემდეგ მას საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრიდან ტელეფონზე დაუკავშირდნენ, სთხოვეს რუსთავში კონკრეტულ მისამართზე მისვლა, გამოკითხეს საქართველოში ცხოვრების, საქმიანობის შესახებ, დაინტერესდნენ წარსულში აზერბაიჯანში საქმიანობითაც. გასაუბრების პროცესში მუსტაფაევამ აღმოაჩინა, რომ მის მიერ იუსტიციის სახლში ბინადრობის ნებართვის მისაღებად დატოვებული განცხადება გამსაუბრებლებთან იყო.  გასაუბრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი აღნიშნული განცხადება არ დაუკმაყოფილდა.  

სააგენტოსგან უარის შემდგომ მუსტაფაევა და მისი მეუღლე ტურისტული ვიზით იმყოფებოდნენ საქართველოში, თუმცა 2017 წლის 29 მაისს აფგან მუხთარლი საქართველოს ტერიტორიიდან იძულებით გაუჩინარდა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის შეტანის ბრალდებით დააკავეს. აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ის თავის სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. ადვოკატის თქმით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები უნდა ყოფილიყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს თავზე და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიჰყავდათ ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით. ავტომანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სიტყვებით, როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა, სადაც მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს.

საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესის მიუხედავად,  საქართველოს მიერ დაწყებული გამოძიების პროგრესისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ არის ცნობილი. მეტიც, საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებები, რომელიც უაპელაციოდ ეყრდნობოდა აზერბაიჯანის მთავრობის მიერ საქმეზე გავრცელებულ ინფორმაციას, პრობლემურია პოლიტიკური ნეიტრალობისა და ადეკვატურობის თვალსაზრისით.  გამოძიების ფარგლებში მოპოვებული შემთხვევის ადგილის ამსახველი ვიდეომასალის ავთენტურობა სადავო ხდება. ამ დრომდე დაზარალებულ მხარეს დაზარალებულის სტატუსი არ აქვს მინიჭებული, რაც საქმის მასალებზე წვდომასა და გამოძიების პროგრესის მონიტორინგს შეუძლებელს ხდის.

ჟურნალისტის  გიუნულ მევლუდ იმანოვას საქმე

2013 წლიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტები გიუნულ მევლუდ იმანოვა და მისი მეუღლე - ჰაჯი ჰაჯიევი თანამშრომლობდნენ აზერბაიჯანში აკრძალულ ინტერნეტტელევიზიასთან Meydan TV  და „რადიო თავისუფლებასთან“, რის გამოც ხშირად აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან  დევნასა და შევიწროებას  ექვემდებარებოდნენ, რაც შანტაჟში, მუქარასა და ოჯახის წევრების უკანონო დაკავებებში გამოიხატებოდა.

ვითარების გართულების ფონზე, 2013 წელს იმანოვამ და მისმა მეუღლემ დატოვეს აზერბაიჯანი და ერთი წლის განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდნენ, სადაც ასევე ეწეოდნენ ჟურნალისტურ საქმიანობას, რის გამოც, გიუნულ იმანოვას განმარტებით, აზერბაიჯანში მცხოვრებ მის ოჯახის წევრებთან მიდიოდნენ პოლიციის თანამშრომლები და ემუქრებოდნენ. 

საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ, 2015 წელს, იმანოვამ შრომითი ბინადრობის ნებართვა მიიღო და  გააგრძელა  Meydan TV-სა  და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან - Human Right Watch თანამშრომლობა. რასაც მალევე აზერბაიჯანში კვლავ მისი ოჯახის წევრების დაკავება მოჰყვა.

2016 წლის აგვისტოში ბინადრობის ნებართვის ვადა ამოიწურა და იმანოვას მეუღლემ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შრომითი ნებართვის მისაღებად მიმართა, თუმცა განცხადება არ დაკმაყოფილდა და სააგენტომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის  „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმნის შესაძლებლობის მოტივით ახსნა.

გიუნულ მევლუდ იმანოვამ და მისმა მეუღლემ სამინისტროს გადაწყვეტილება აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის თანამშრომლობას დაუკავშირეს და გადაწყვეტილების გასაჩივრება არ მოინდომეს. მალევე ერთ-ერთი  ორგანიზაციის მიერ ჟურნალისტებისთვის გამოცხადებული პროგრამის ფარგლებში ოჯახმა საქართველოს ტერიტორია დატოვა.

პოლიტიკოსების  დაშგინ აღალარლისა და მისი ვაჟის, ორჰან აღალარლის საქმე

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოპოზიციური პარტიის „მუსავათის“ წევრი დაშგინ აღალარლი და მისი შვილი-ორჰან აღალარლი 2014 წლიდან საქართველოში იმყოფებიან და ცდილობენ ლტოლვილის სტატუსის მიღებას.

დაშგინ აღალარლი აზერბაიჯანში ცხოვრების პერიოდში ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნიშნით დევნას ექვემდებარებოდა, მის მიმართ ხშირად ჰქონდა ადგილი სიცოცხლისათვის საშიშ ქმედებებსა და დაკავების შემთხვევებს, რაც აზერბაიჯანის ხელისუფლებისათვის მიუღებელ ინტერნეტგადაცემის „აზერბაიჯანის საათში“ მომზადებაში მონაწილეობის შემდგომ კიდევ უფრო გაძლიერდა.

2013 წელს აღლარლიმ დატოვა აზერბაიჯანი და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში უკრაინასა და თურქეთში იმყოფებოდა, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ გადასახადების გადახდისათვის თავის არიდების ბრალდებით იძებნებოდა და თურქეთის ტერიტორია დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინა. დაშგინ აღალარლი საქართველოში ჩამოვიდა და რამდენადაც ის აზერბაიჯანის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა, საზღვრის გადმოკვეთისთანავე  ქართველმა მესაზღვრეებმა დააკავეს და 2014 წლის 4 მარტს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დაშგინ აღალარლიმ საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება ითხოვა, რამდენადაც მიიჩნევდა, რომ აზერბაიჯანის მიერ მისი დაკავების მოთხოვნა პოლიტიკური ნიშნით დევნით იყო განპირობებული. 

დაშგინ აღალარლის განმარტებით, ამავე პერიოდში აზერბაიჯანში პრობლემა შეექმნა მის შვილს (ორჰან აღალარლი). კერძოდ აღალარლის ოჯახის წევრებმა ახლობლის დახმარებით შეიტყვეს, რომ პოლიციის თანამშრომლები ორჰან აღალარლისაც აკონტროლებდნენ და მის დაკავებას გეგმავდნენ. ინფორმაციის მიღების შემდგომ, ორჰან  აღალარლი საქართველოში ჩამოვიდა  და ლტოლვილის სტატუსის მინიჭება ითხოვა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ  დაიწყო საქმის შესწავლა. თუმცა, 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დაშგინ და ორჰან აღალარლების მოთხოვნა ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. დაშგინ აღალარლის განემარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო მიიჩნევდა, რომ აზერბაიჯანში დაბრუნების შემდგომ ის და მისი შვილი შესაძლოა, დაექვემდებარონ პოლიტიკური ნიშნით დევნას, ამავდროულად არსებობდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ საქართველოში მათი ყოფნა ქვეყნის ინტერესებსა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ეწინააღმდეგებოდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლომ ბათილად ცნო იმ საფუძველზე,  რომ საქმეში  არსებული უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა არ შეიცავდა დასაბუთებულ არსებით მიზეზებს, რაც სტატუსის მინიჭებაზე უარის საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, დაშგინ  და ორჰან აღალარლების მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და იქ წარდგენილი ახალი გარემოების საფუძველზე (რაც საიდუმლოა), 2017 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და დაშიგნ და ორჰან აღალარლებს  უარი ეთქვათ ლტოლვილის სტატუსი მინიჭებაზე. 

ჟურნალისტის გულნურ ქაზიმოვას საქმე

გულნურ ქაზიმოვა აზერბაიჯანში რადიო თავისუფლების რეგიონულ რეპორტიორად მუშაობდა და პარალელურად iwpr.net-თან თანამშრომლობდა. მისი თქმით, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელს ხშირად დაკავებით, აზერბაიჯანში პოლიციის განყოფილებაში გადაყვანითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით უშლიდნენ, რასაც თან ერთვოდა მისი ოჯახის წევრების სამსახურიდან გათავისუფლება და შევიწროება.

ზეწოლის გაძლიერების შემდეგ, 2014 წლის დეკემბერში ქაზიმოვამ ოჯახთან ერთად დატოვა აზერბაიჯანი და საქართველოდან გააგრძელა ჟურნალისტური საქმიანობა, თუმცა აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან კონტროლს მაინც გრძნობდა, რასაც მისი თქმით, საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა აძლიერებდა.

გ. ქაზიმოვა აღნიშნავს, რომ საქართველოში მას, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები უთვალთვალებდნენ. 

ოჯახის წევრების უსაფრთხოებისა და აზერბაიჯანში დევნილი აქტივისტებისა და ჟურნალისტებისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის პრაქტიკის გამო, გულნურ ქაზიმოვამ ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა და ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში სხვა ქვეყანაში გაემგზავრა.

ჟურნალისტის ჯამალ ალის საქმე

ჯამალ ალი აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომელიც ამჟამად პოლიტიკური ნიშნით ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს გერმანიაში. ის არის აზერბაიჯანული ონლაინმედიაპლატფორმა Meydan TV-ის თანამშრომელი. Meydan TV ალიევის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი და აქტიურად აშუქებს აზერბაიჯანში სახელისუფლებო კორუფციის საკითხებს, მისი თანამშრომლების დიდი ნაწილი პოლიტიკური და განსხვავებული შეხედულების გამო იდევნება აზერბაიჯანში.

2018 წლის 19 აპრილს ჯამალ ალი საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოფრინდა. იგი დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში დააყოვნეს საპასპორტო კონტროლთან, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ მას არ შეეძლო საქართველოს საზღვარზე შემოსვლა და გადასცეს საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, სადაც უარის თქმის მიზეზად მითითებული იყო, რომ  ის „არ აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს“.

ჯამალ ალის შეხედულებების ირგვლივ საქართველოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე,  ჩნდება ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტიკური ლოიალობის შედეგად, ჯამალ ალის მისი კრიტიკული, განსხვავებული მოსაზრებების გამო, დისკრიმინაციულად უარი უთხრა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე.

სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელთა გადაწყვეტილება ჯამალ ალიმ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაასაჩივრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით  საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შსს-მ  მიიჩნია, რომ არ არსებობს შსს საპატრულო  დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლის სამმართველოს  მიერ ჯამალ ალის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის კანონიერი და სამართლებრივი საფუძველი. დეტალური ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება შსს-ს გადაწყვეტილებაში წარმოდგენილი არ არის.

როგორც EMC-ში ამბობენ,  განხილულ საქმეებში გამოჩნდა,  რომ შესაბამისი უწყებები ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თუ ბინადრობის ნებართვის საკითხის განხილვისას არსებითად  ეროვნული უსაფრთხოების დაცვის აბსტრაქტულ არგუმენტზე აპელირებენ, რომელსაც მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შედგენილ საიდუმლო დასკვნას აფუძნებენ. აღნიშნული დასკვნაზე სუსტი და ფორმალური სასამართლო კონტროლის პირობებში,  აღმასრულებელ ხელისუფლებას თვითნებობის ფართო არეალი რჩება და  ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მაღალ რისკს შეიცავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^