Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა შემთხვევაში არ დაისჯება ნარკოტიკის მოხმარება - პლატფორმის კანონპროექტი

27 ივნისი, 2017 18:20

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" ავტორობით მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებას. კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე და სოფიო ქაცარავა.

კანონპროექტი ყველა ტიპის ნარკოტიკის მოხმარებისა და მისი მცირე ოდენობით ფლობის შემთხვევების დეკრიმინალიზებას ითვალისწინებს. ასევე ახლებურად ყალიბდება ნარკოტიკების ოდენობები, ყალიბდება ნარკოტესტირებაზე პირის წარდგენის საფუძვლები და ა.შ. უფრო კონკრეტულად, თუ რა შემთხვევებში დააჯარიმებენ ადამიანებს ნარკოტიკების მოხმარებისთვის და რამდენი იქნება ჯარიმა, ასევე, როგორი იქნება სანქციები ნარკოტიკების ფლობისა და გასაღებისთვის, გთავაზობთ კანონპროექტის შინაარსს.

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში:

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დასჯადობის კონკრეტულ შემთხვევებს აწესებს. ერთმანეთისგან იმიჯნება ნარკოტიკის მოხმარება და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოცემულია იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც ნარკოტიკის მოხმარება ადმინისტრაციული წესით დაისჯება: სტადიონზე, სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ასევე არასრულწლოვნის თანდასწრებით. 

ასევე ახლებურად განიმარტა მოხმარების დეფინიცია, რაც გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების (ე.წ. ბიო), ფსიქოტროპული ნივთიერების ორგანიზმში შეყვანას ან მის მოსახმარებლად უშუალოდ მომზადების პროცესს.

ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა დასჯადი იქნება, თუ ასეთი ქმედება ჩადენილია მაღალი რისკის მქონე, საგანმანათლებლო ან არასრულწლოვნებთან დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. პირი მიიჩნევა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფად, თუ ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი დასტურდება ერთობლივად კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნებით. პოლიციელი უფლებამოსილია, პირი გამოსაკვლევად წარადგინოს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება ამ მუხლით გათვალისწინებული საზოგადობრივი თავშეყრის ადგილას ან ასრულებს მაღალი რისკის შემცველ საქმიანობას ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამსახურებრივ მოვალეობას.

რაც შეეხება სანქციებს, როგორც უკვე აღინიშნა, მოხმარება ადმინისტრაციული წესით დასჯადი იქნება სტადიონზე, სკვერში პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ასევე არასრულწლოვნის თანდასწრებით. აღნიშნული ქმედება დაისჯება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  და გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარამდე ოდენობით.

რაც შეეხება ზემოქმედების ქვეშ ყოფნას, ის დასჯადი იქნება  მაღალი რისკის მქონე, ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარამდე ოდენობით.

ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში

განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტის არსია პირის მიერ პირადი მოხმარების მიზნით, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების და მცირე ოდენობით ფლობის კრიმინალური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება

რაც შეეხება სანქციებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაისჯება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში, ისიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

შესაბამისად, კანონპროექტით უქმდება სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, რომლითაც ამჟამად გათვალისწინებულია „პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება. შესაბამისად, ხდება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზება.

რა შემთხვევაში იქნება გათვალისწინებული სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა?

სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მას მცირე ოდენობაზე მეტი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ექნება.

კერძოდ, ნარკოტიკული ნივთიერების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა (იგულისხმება მცირე ოდენობაზე მეტი ოდენობა) დაისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 400 საათამდე.

იგივე ქმედება ჩადენილი დიდი ოდენობით და არაერთგზის და ა.შ. დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 200-დან 600 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ოთხ წლამდე.

რაც შეეხება განსაკუთრებით დიდ ოდენობას, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 7 წლამდე.

კანონპროექტით, სსკ 260-ე სეკუნდა მუხლი სანქციებს ითვალისწინებს ნარკოტიკების გასაღებისთვის და ის მკაცრად დასჯად ქმედებად რჩება.

კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების, ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღება კომერციული მიზნით, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 3-დან  8 წლამდე. დიდი ოდენობით გასაღების შემთხვევაში დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 5-დან 11 წლამდე. ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 6-დან 14 წლამდე.

აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი ასევე ახლებურად განსაზღვრავს ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობებს, თუ რა რაოდენობა მიიჩნევა მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობად (იხ. დანართი);

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^