Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინდოელი ქალი ქართველ საიმიგრაციო ოფიცრებს რასიზმსა და დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს

04 ივლისი, 2017 14:45

ინდოელი ქალი ინდოეთში საქართველოს ელჩს ღია წერილით მიმართავს, რომელშიც ამბობს, რომ თბილისის აეროპორტში ჩასულს მესაზღვრეები რასიზმის ნიადაგზე დამამცირებლად მოექცნენ. ქალი წერილში ჰყვება, რომ მესაზღვრეები მას უყვიროდნენ, 6 საათის განმავლობაში მგზავრობით დაღლილს წყალსა და საჭმელს არ აძლევდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროში „ლიბერალს“ უთხრეს, რომ საელჩო ინდოელ ქალს უკვე დაუკავშირდა და მას უახლოეს მომავალში შეხვდებიან.

შსს ინდოელი ქალის წერილზე: საზღვარზე შემოწმება ხდება საყოველთაოდ აღიარებული მეთოდებით

ინდოელი მოგზაურის, ხუშბუ კაუშალის წერილის თარგმანს „ლიბერალი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მე ინდოეთის მოქალაქე ვარ, მარტოხელა ქალი, რომელიც სარეკლამო სააგენტოში მუშაობით პატიოსნად გამოიმუშავებს საარსებო წყაროს. წელს, შვებულების პერიოდში, გადავწყვიტე, თქვენს ქვეყანაში, საქართველოში ჩამოვსულიყავი. მარტოხელა მოგზაური ქალებისთვის საქართველოს სამოგზაუროდ მაღალი შეფასება ჰქონდა, მისი ზოგადი ტოპოგრაფია და ისტორია საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიმეღო.

საქართველოში ჩემი ფრენა 29 ივნისს, ინდოეთის დროით 05:00 საათზე დაწიყო მუმბაიში, ხოლო თბილისში საქართველოს დროით 17:00 საათზე ჩამოვედი. თან მქონდა დამოწმებული E ტიპის ვიზა, დამსაქმებლის წერილი, რომელიც ადასტურებდა, რომ შვებულებაში ვიყავი, რომლის დასრულების შემდეგაც უკან დავბრუნდებოდი, საბანკო ამონაწერი, რომელიც ჩემს ფინანსურ სტაბილურობას ადასტურებდა, სასტუმროს ჯავშანი, რომელიც ადასტურებდა, რომ ქვეყანაში ლეგალურად ვრჩებოდი, ასევე ჯანმრთელობისა და სამოგზაურო დაზღვევა, ქვეყანაში ჩემი ყოფნის პერიოდში რამე რომ დამმართოდა.

საღად მოაზროვნე ადამიანი იფიქრებს, რომ მსგავსი მომზადების გათვალისწინებით ქვეყანაში ადვილად უნდა შევსულიყავი, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, საიმიგრაციო ოფისში პასპორტის კონტროლზე მთხოვეს, იმ დახლთან მივსულიყავი, სადაც ოფიცრები ჩემს საბუთებს შეამოწმებდნენ. ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ ერთ-ერთმა ოფიცერმა ინტერვიუს დროს ქვეყანაში ჩემი ვიზიტის მიზანზე მკითხა, დაათვალიერა ჩემი საბუთები და იხუმრა კიდეც. რამდენადაც პროცედურამ სასიამოვნოდ ჩაიარა, მოველოდი, რომ დასტურს მალე მომცემდნენ და უკვე იმაზე ფიქრიც დავიწყე, რამდენი დრო დამჭირდებოდა სასტუმრომდე მისასვლელად და ქალაქის დასათვალიერებლად სანამ დასაძინებლად წავიდოდი.

თუმცა ასე არ მოხდა. თქვენმა ოფიცრებმა მოცდა მთხოვეს, რაც საიმიგრაციო დეპარტამენტში ცივი ფოლადის არაკომფორტულ სკამზე 2-საათიან ლოდინად იქცა. თბილისში უკვე სამი საათის ჩამოფრენილი ვიყავი და ჯერ არავითარი ინფორმაცია არ მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი სტატუსი მომეკითხა, როცა მითხრეს, რომ უკან მგზავნიდნენ. როცა მიზეზის გამხელა მოვითხოვე, მიყვირეს და მითხრეს, კუთხეში დავმჯდარიყავი.

ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დამამცირებელი ღამის დასაწყისი. მას შემდეგ რაც მითხრეს, რომ უკან მგზავნიდნენ, ყოველ ჯერზე, როცა კი იმიგრაციის ოფიცერისგან ვცადე პასუხის მიღება, მიყვიროდნენ და უხეშად მეუბნებოდნენ კუთხეში მჯდარიყავი, რომ არავითარ განმარტებას არ მომცემენ, თუ რატომ არ მიშვებენ ქვეყანაში. არ ვიცოდი, რა დავაშავე, სად შემეშალა, რამდენ ხანს დამაკავებდნენ საიმიგრაციოში და როდის გამგზავნიდნენ სახლში. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ მარტო ვიყავი და გავაანალიზე, რომ მომატყუეს, თითქოს თქვენს ქვეყანაში მეგობრული მოქალაქეები ცხოვრობენ და მარტოხელა მოგზაური ქალებისთვის უმაღლესი შეფასება აქვს.

ამას ისიც დაემატა, რომ მთელი ამ 6-საათიანი ლოდინის განმავლობაში წყალიც კი არ შემოუთავაზებიათ, მიუხედავად იმისა, რომ ამას ოფიცრებს გამუდმებით ვევედრებოდი. ეს მოთხოვნა კი არა მუდარა იყო. გაუწყლოება დამემართა, მშიოდა, თავი, მთელი სხეული მტკიოდა გაუწყლოების, შიმშილის და 12-საათიანი მგზავრობის გამო.

12:00 საათზე, მას შემდეგ, რაც უკვე 7 საათი გავიდა ქვეყანაში ჩამოფრენიდან, უფლება მომცეს, საკვები და წყალი მეყიდა და მითხრეს, რომ ოთახში ვმჯდარიყავი, რათა სხვა მგზავრებს არ დაენახათ, თუ როგორ ექცევიან სინამდვილეში ადამიანებს თქვენი იმიგრაციის ოფიცრები. ორსაათ-ნახევრის შემდეგ თქვენმა ერთ-ერთმა იმიგრაციის ოფიცერმა, რომელიც ოთახში შემოვიდა, ყვირილი დამიწყო, რომ უკან უნდა დავბრუნდებულიყავი და რომ ჩემი თვითმფრინავი მზად იყო. გამაქანეს თვითმფრინავისკენ და როცა პასპორტი ვთხოვე, მთხრეს, რომ მას არ დამიბრუნებდნენ სანამ მუმბაიში არ ჩავფრინდებოდი. 9 საათი, რომელიც თქვენს ქვეყანაში გავატარე ყველაზე საშიში და ყველაზე უარესი 9 საათი იყო, რომელიც ცხოვრებაში მგზავრობის დროს გამიტარებია.

სახლში დაბრუნებულმა ვცადე, გამეანალიზებინა, თუ რა მოხდა და რატომ გამომაბრუნეს. ინდოეთის საიმიგრაციო ოფისმა მითხრა, რომ ჩემი გამობრუნების მიზეზი ცრუ ინფორმაციის წარდგენა იყო ჩემი მგზავრობის მიზნების შესახებ. მაინტერესებს, თუ რატომ დაასკვნა ასე მამაკაცმა, რომელმაც აეროპორტში გამომკითხა. ჩემი ყველა საბუთი კანონიერი იყო შეესაბამებოდა თქვენი სავიზო პორტალის მოთხოვნებს. სად შემეშალა?

ჩემმა მეგობარმა, რომელიც ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, საპირისპირო მტკიცება აღმოჩინა, რომელიც მათ გადასცეს, თუმცა არ ასახულა, რომ ჩემი პასპორტი დაზიანებული და პოტენციურად კოპირებული იყო. მინდა, რომ ჩემი პასპორტი ნახოთ და მითხრათ, თუ რატომ აღმოჩნდა პრობლემური ჩემი პასპორტი, როცა ყველა სხვა შემთხვევაში, რაც კი მიმოგზაურია, პასპორტი ვარგისი იყო.

ღრმა გამოძიებამ უფრო მწვავე პრობლემა წარმოაჩინა. შარაიაჰის სატრანზიტო ოფიცრებმა და ინდოეთის იმიგრაციის ოფიცრებმა მითხრეს, რომ თქვენი საიმიგრაციო ოფიცრები ინდოელი მოგზაურების 90%-ს ყოველდღურად უკან აბრუნებს.

მინდოდა მცოდნოდა, რა იყო ინდოელების მიმართ ასეთი ზიზღის მიზეზი იმის გათვალისწინებით, რომ 2015 წელს ინდოეთდან საქართველოში ტურიზმი 80%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენმა ქვეყანამ ჩემი ხალხისგან მნიშვნელოვანი შემოსავალი მიიღო.

იცით რა აღმოვაჩინე? საქართველოს მთავრობამ ინდოელი ფერმერები მიიწვია, რათა დაემუშავებინათ მიწა, რომელსაც ქართველი ხალხი ვერ ამუშავებდა. ინდოელების დიდმა ნაკადმა, რომელიც თქვენმა მთავრობამ მიიწვია, ზოგადად ინდოელების მიმართ უკმაყოფილება და ზიზღი გამოიწვია რაც, როგორც ჩანს, თქვენი ოფიცრების რასიზმში გამოიხატა.

ბოლოს მინდა გითხრათ, რომ თქვენი ქვეყანა კოლოსალური იმედგაცრუება აღმოჩნდა. ჩემი აღტაცება, მომენახულებინა თქვენი მიწები, უადგილო აღმოჩნდა. ჯობდა, ჩემი დრო და ფული სხვაგან დამეხარჯა, სადაც ნამდვილად მეგობრულები არიან და ტურიზმი ადარდებთ.

ასევე მინდა გთხოვოთ, მართოთ თქვენი მოქალაქეების მოლოდინები, რათა რასისტებად არ იქცნენ სხვა ქვეყნების მიმართ. სულ მცირე, რაც ჩემს მსგავსად დეპორტირებული ადამიანებისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ, არის ის რომ მათ ადამიანურად მოეპყროთ. განუმარტეთ მიზეზი, მიეცით წყალი და საკვები, დასასვენებელი ადგილი. არავინ იმსახურებს ისეთ მოპყრობას, როგორც მე მომექცნენ. ჩვენ იმ დროში ვცხოვრობთ, როცა ადმიანებმა და ქვეყნებმა უნდა ითანამშრომლონ და ერთმანეთს პატივი სცენ. ადამიანის ასე არაფრად ჩაგდება მხოლოდ უკმაყოფილებით და ბრაზით დასრულდება. ეს სამყარო ამას არ იმსახურებს.

საუკეთესო სურვილებით, იმედია, ჩემს ქვეყანაში კარგ დროს გაატარებთ.

ხუშრბუ კაუშალი"

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^