Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

3 ძეგლი UNESCO-ს სიაში - როგორ იცავს საქართველო მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს

13 ივლისი, 2017 18:11

საქართველოდან UNESCO-ს მსოფლიოს მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილია სამი ძეგლი: მცხეთა, გელათი და უშგულის თემის სოფელი ჩაჟაში.

გელათი

გელათის მონასტერი, ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შევიდა. 2008 წლიდან ბაგრატზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყების გამო, 2010 წელს ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი საფრთხის ქვეშ მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში გადაიტანეს.

რამდენიმე დღის წინ, 10 ივლისს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილებით, გელათი დარჩება მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მოდიფიცირებული საზღვრებით, ბაგრატი კი, მასზე წარმოებული სამუშაოების გამო, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღეს.

მცხეთა

მცხეთაც 2009 წლიდან იყო მსოფლიოს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში,  2016 წელს კი კვლავ დაუბრუნდა ძირითადად სიას. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს UNESCO-სა და  სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთოებების სამსახურის უფროსი მანანა ვარძელაშვილი „ლიბერალს“ იმ მიზეზებზე ესაუბრა, რის გამოც მცხეთა თავის დროზე საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში აღმოჩნდა. მისი თქმით, ეს პროცესი დაკავშირებული იყო მცხეთის არასათანადო განვითარებასთან, რომელიც გენერალური გეგმის გარეშე მიმდინარეობდა.

„მიზეზები, თუ რატომ შეიტანეს იგი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში, ძალიან კომპლექსურია და არასათანადო განვითარებას უკავშირდება: წლების განმავლობაში მცხეთაში გენერალური გეგმის გარეშე მოქმედებდნენ. იყო დაუგეგმავი და უკონტროლო განაშენიანება; შემდგომ წლებში სახელმწიფომ ბევრი იშრომა, რომ გაეუმჯობესებინა ვითარებადა მასშტაბური პროექტები განახორციელა. მაგ: მცხეთის ჯვრის რელიეფების კონსერვაცია, სამთავროს დედათა მონასტრის რესტავრაცია, სვეტიცხოვლის ანაზომებისა და მისი დოკუმენტაციის მომზადება“, - ამბობს ის.

სწორედ ამ დაურეგულირებელი განაშენიანების გამო, ვარძელაშვილის თქმით, 2013 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ  განახორციელა პროექტი და იკვლია მცხეთის კულტურული არეალი. 2014 წელს მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაიწყო და კულტურის მინისტრის ბრძანებით დადგინდა მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ერთიანი ვიზუალური დაცვის არეალი.  მისი თქმით, ამ დროს გაფართოვდა დაცვის არეალის საზღვრები.

„მცხეთის ისტორიული ძეგლები არის გაშლილი, მდინარის ხეობის ფონზე, და ეს არის უნივერსალური კულტურული ლანდშაფტი, რომელსაც ძალიან დიდი სიფრთხილით სჭირდებოდა განაშენიანება და განვითარება. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი და კონვენცია, რა თქმა უნდა, არ კრძალავს ურბანული მემკვიდრეობის განვითარებას, მაგრამ აქ ლაპარაკია სათანადოდ შემუშავებული გააზრებული გეგმის მიხედვით განვითარებაზე“, - ამბობს ვარძელაშვილი.

მისი თქმით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომზადება ახლა დაბრუნდა დღის წესრიგში. კეთდება დოკუმენტაცია გაფართოებული საზღვრებით, სწორედ იმ არეალით, რომელიც დამტკიცდა 2016 წელს.

„ვიდრე არ შემუშავდება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, იმისათვის, რომ არ მოხდეს რაიმე შეუსაბამო და არასათანადო განვითარების პრეცენდენტები, საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო მორატორიუმი, რომლითაც აკრძალა მცხეთის ტერიტორიაზე ნებისმიერი ახალი მშენებლობა გარდა სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტების და ძეგლების რეაბილიტაციისა“, - ამბობს ვარძელაშვილი.

ჩაჟაში

უშგულის თემის სოფელი ჩაჟაში არასდროს ყოფილა საფრთხის ქვეშ. ვარძელაშვილის თქმით, სააგენტო, ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გეგმავს ჩაჟაშის სივრცული განაშენიანების დოკუმენტაციის მომზადებას. მან აღნიშნა, რომ დოკუმენტზე მუშაობის დასრულებამდე მთავრობამ დაადგინა მორატორიუმი სოფელ ჩაჟაშსა და უშგულის სხვა სოფლებზე, რათა არ მოხდეს ფართომასშტაბიანი განაშენიანება.

„ეს უზრუნველყოფს მომავალ წლებში ჩაჟაშის გეგმაზომიერ განვითარებას. აქაც ჩვენ გვაქვს უნიკალურ ლანდშაფტში წარმოჩენილი შუასაკუნეების პერიოდის ძეგლები, აქ ბუნებისა და ადამიანების მიერ შექმნილი მემკვიდრეობის ჰარმონიაზეა ლაპარაკი. ვიდრე ჩვენ მიგვითითებდნენ UNESCO და სხვა საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენ თვითონვე მივიღეთ ამის გადაწყვეტილება“, - თქვა  ვარძელაშვილმა.

მისი თქმით,  კონსერვაცია, რომელიც ჩაჟაშის დასახლებაში ეტაპობრივად მიმდინარეობს, იმ საკონსერვაციო გეგმას ეფუძნება, რომელიც საქართველოს ICOMOS-ის ეროვნულმა კომიტეტმა მოამზადა, ხოლო კონსერვაციის გეგმა შეთანხმებულია მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ნოემბერი
23 ნოემბერი

„ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" ღია ...

„ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა" საქართველოს პარლამენტის წევრს, გიგა ბუკიას ღია წერილით მიმართავს. პლ ...
23 ნოემბერი
23 ნოემბერი

სპეცოპერაციის დროს დაკავებულ პირს 10-დან ...

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებულს 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. როგ ...
23 ნოემბერი
23 ნოემბერი

ადვოკატი: სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავე ...

თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ განაცხადა, რომ ...
^