Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაუწყებლის ეთერში გამარჯვებული პროექტები, სავარაუდოდ, იანვრიდან გავა

20 ივლისი, 2017 16:38

როდის გავა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კონკურსის გზით შერჩეული 9 გადაცემა და ასევე ის გადაცემები, რომელიც მაუწყებლის მენჯმენტის განცხადებით შიდა რესურსით უნდა მომზადდეს ? - მაუწყებლის წარმომადგენელი ია ანთაძე ამბობს რომ, სავარაუდოდ, გადაცემები იანვრიდან ჩაეშვება ბადეში; მიზეზად  ტელეკომპანიის ტექნიკურ განახლებას ასახელებს.

მაუწყებლის საბჭოს წევრს სულხან სალაძეს კი მიაჩნია, რომ ახალი გადაცემების  ეთერში გასვლის ვადებთან დაკავშირებით მენეჯმენტის პოზიცია მკაფიო არაა. ბორდის თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია კი ფიქრობს, რომ გადაცემები ეთერში მაშინ უნდა გავიდეს, როცა ხარისხის უზრუნველსაყოფად ყველა წინარე სამუშაო დასრულდება.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კონკურსის გზით 9 გადაცემა შეარჩია. გამარჯვებული პროექტების ჩამონათვალი 21 ივნისს გახდა ცნობილი, თუმცა ამ დრომდე უცნობია, როდის გავა ეთერში ახალი გადაცემები.  გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

მენეჯმენტის წარმომადგენელი ია ანთაძე ამბობს, რომ, სავარაუდოდ, კონკურსის გზით შერჩეული გადაცემი და ის გადაცემები, რომელიც მაუწყებლის შიდა რესურსით მზადდება, ეთერში იანვრიდან გავა. ჯამში, სულ 15 ახალი გადაცემა.

 „საქმე ის არის, რომ ახალ ბადეს წინ უნდა უძღოდეს ტექნიკური განახლება/ ტექნოლოგიური განახლება, რაც რთული პროცესია და მოითხოვს დიდ დროს; ტექნიკური სიახლეები უნდა შემოვიდეს ტენდერების გზით, ამიტომ ამას ყველაფერს თავისი წესი და ვადები აქვს და იანვარიც ის ვადაა, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს ჩვენგან. მართლა მრავალთვიანი პროცესია ტექნიკის განახლება და მერე ამ ტექნოლოგიური სიახლეების შემოტანა და დანერგვა. იმის გამო, გვინდა, ახალი სტუდიებით და ტექნოლოგიურად გამართულები შევხვდეთ ახალ სეზონს, ამ პროცესმა გადაიწია იანვრამდე.“  - განუცხადა ია ანთაძემ „ლიბერალს“.

მისი თქმით, გამარჯვებული პროექტების თანამშრომლებთან ჯერ ხელშეკრულებები არ გაუფორმებიათ.

„საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა, არ მსმენია, რომ დირქტორმა ხელი მოაწერა ყველა გადაცემას; იქ არის გასარკვევი რამდენიმე ნიუანსი. იყო გადაცემები, რომელთა ტექნიკური მხარე იყო დასაზუსტებელი; რამდენადაც მე ვიცი, ჯერ ხელი მოწერილი არაა; იმის შემდეგ, რაც ზუსტად გაირკვევა, რომელი გადაცემები იქნება ეთერში და საბოლოო გადაწყვეტილებას დირექტორი მიიღებს, ალბათ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ხელშეკრულებები გაფორმდება.“ - განაცხადა ია ანთაძემ.

ახალი გადაცემების ეთერში გასვლის ვადებზე იმსჯელეს მაუწყებლის ბორდის ბოლო სამუშაო შეხვედრაზეც. რომელსაც გენერალური დირექტორი არ ესწრებოდა, თუმცა მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ბლოკის ხელმძღვანელები.

სულხან სალაძის თქმით, შეხვედრაზე ახალი გადაცემების ეთერში გასვლის კონკრეტული თარიღი არავის დაუსახელებია და ჯერ გადაწყვეტილებაც არ მიუღიათ.

„იმ შეხვედრაზე არავის მიუღია კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ ახალი სეზონი დაიწყება მარტში თუ იანვარში. სანამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღება, მანამდე ნიშნავს, რომ უნდა დაიწყოს სექტემბერში.  საბჭო არ იღებს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ საბჭოს შეუძლია, გავლენა მოახდინოს, რადგან ამ გადაწყვეტილებას დასჭირდება ცვლილებები ბიუჯეტში და თუ საბჭო პრინციპული იქნება და ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, შეუძლია, პირდაპირ მიანიშნოს მენჯემენტს, რომ მან ეთერის დროულად დაწყება უნდა უზრუნველყოს.“ - ამბობს სულხან სალაძე. მისივე თქმით, შეხვედრისას მენეჯმენტის წარმომადგენლების მიერ გამოთქმული არგუმენტები გადაცემების ეთერში გასვლის ვადასთან დაკავშირებით მისთვის მისაღები არ არის.  

„ეს კითხვა დავსვი; იქ მოჰყვა დისკუსია და ცხადია, ბლოკის ხელმძღვანელები საუბრობდნენ იმაზე, თუ როდის დაიწყება ეთერი. ჩემთვის მათი არგუმენტები, თუ რატომ უნდა დაიწყოს ეთერი იანვარში ან თუნდაც მარტში, მისაღები არ არის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ, ჯერ ერთი, მე ვერ ვხედავ ერთიან დოკუმენტს, რომელიც დამარწმუნებს, რომ იანვარში ნამდვილად დაიწყება ეთერი და ამას დამატებული არის პროგრამული პრიორიტეტების დოკუმენტი და გვაქვს კანონი მაუწყებლობის შესახებ და ეს კანონი და ეს დოკუმენტი არ ათავისუფლებს მაუწყებელს ვალდებულებისგან, რომ რაღაც რეფორმის გამო შეაჩეროს მაუწყებლობა ამდენი ხნის განმავლობაში.“ - ამბობს სულხან სალაძე.

მისივე თქმით, ტექნიკური გადაიარაღების დოკუმენტის მიხედვით, რომელიც მაუწყებელმა მიიღო, საჭიროა 15-18 მილიონი ამერიკული დოლარი, რომელიც სესხის სახით უნდა აიღოს;

„ჯერ ერთი სესხის ხელშეკრულება გაფორმებული არაა; რომც იყოს გაფორმებული, როდის ჩაირიცხება თანხა; როდის დაიწყება შეძენა ტექნიკის, ტენდერი, მონტაჟი, ადაპტირება; ეს დროში შეიძლება ისე გაიწელოს, რო ვერც იანვარში ვერ გავიდეს ეთერში ახალი გადაცემები. ამიტომ ჩემი მოასაზრებაა, რო მაუწყებელი ამ პროცესს არ უნდა დაელოდოს; სექტემბრიდან უნდა გავიდეს ეთერში.“ - ამბობს სულხან სალაძე.

მაუწყებლის ბორდის ხელმძღვანელის, გრიგოლ გოგელიას თქმით, ახალი გადაცემების ბადეში ჩაშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ბორდი და მენეჯმენტი ერთობლივი მსჯელობის შედეგად მიიღებენ და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაყურებელმა ხარისხიანი პროდუქტი იხილოს მაუწყებლის ეთერში. მისივე თქმით, გადაცემების ეთერში გაშვების ვადასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიაზე იყო მსჯელობა, ერთ-ერთის მიხედვით, შეიძლება, ეტაპობრივად ჩაეშვას ეთერში გადაცემები; ან შესაძლოა, ყველა გადაცემა ერთდროულად დაიწყოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^