Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანგარიში: საჭიროა სამართალდამცავთა წინააღმდეგ დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმი

21 ივლისი, 2017 17:21

სამართალდამცავი ორგანოების ანაგარიშვალდებულება მნიშვნელოვან პრობლემას წამოადგენს. მათზე საჩივრების განსახილველად დამოუკიდებელი მექანიზმი არ შექმნილა - ეს არის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთ-ერთი საკითხი, რომელიც სახელმწიფო ორგანოების მხრიდან არ შესრულებულა.

პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე  2014-2016 წლების ასოცირების დღის წესრიგის შესრულების (სახელმწიფო ორგანოების მხრიდან) ანგარიშისა და შესრულების თაობაზე სამოქალაქო საზოგადოების შეფასებას ისმენენ. სამოქალაქო საზოგადოებამ ანგარიში ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით მოამზადა.

გთავაზობთ ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე ანგარიშის იმ ნაწილს, რომელიც მართლმსაჯულებას ეხება.

საკითხი  N1

სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება გამოკვეთილი მიზნებითა და პრიორიტეტებით, რომელიც უნდა მოიცავდეს მოსამართლეების თანამდებობაზე დანიშვნისა  და გადამზადების  პოლიტიკას და შესაბამის რესურსებს, სასამართლო მოხელეთა კომპეტენტურობის უზრუნველსაყოფად.

შეფასება: ნაწილობრივ შესრულდა

გაკეთდა: იუსტიციის საბჭომ შექმნა კომისია, რომელიც მუშაობს სტრატეგიაზე.

არ გაკეთდა: სტრატეგია, ჯერჯერობით, დასრულებული სახით არ არსებობს.

საკითხი N2

გაგრძელდეს რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიც არის მართლმსაჯულება, სისხლის სამართლის კოდექსი და საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსი. ამასთან ერთად მოხდეს სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში მხარეების თანასწორობის გაზრდა და ისეთი საკითხების განხილვა და სამართლებრივი  წინადადებების წარმოდგენა როგორებიცაა:  მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის გაზრდა; სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლების უზრუნველყოფადამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება, რათა დაცული იყოს ბავშთა უფლებები; საპროცესო გარიგების სისტემის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირისა და ევროსაბჭოს/ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებსა და პრაქტიკასთან; სისხლის სამართლის პროცესში მსხვერპლის სტატუსისა და უფლებების განსაზღვრა; სისხლის სამართლის საქმეებზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმირება.

შეფასდა: ნაწილობრივ შესრულდა

გაკეთდა: ზემოთ ჩამოთვლილი კონკრეტული საკითხებიდან გატარდა მხოლოდ  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. დანარჩენი საკითხების მიმართულებით ცალკეული მცირე ნაბიჯები იდგმება, თუმცა აქტივობებს შესრულებულად ვერ ჩავთვლით.

არ გაკეთდა: განსაკუთრებულ გამოწვევად რჩება დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა. სისხლის სამართლის პროცესში მსხვერპლის სტატუსი და უფლებები. გარკვეული ხარვეზები რჩება ასევე საპროცესო სისტემის ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხითაც. მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაწევი მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის გაზრდის და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების უზრუნველსაყოფად.

საკითხი N3

გატარდეს პროკურატურის რეფორმა 2008 წლის კანონში 2013 წლის ცვლილებების შესაბამისად. კერძოდ, განისაზღვროს სათანადო საკონსტიტუციო ჩარჩო პროკურატურისათვის ეფექტიანი ზედამხედველობით, რათა პროკურატურის მიმართ გაიზარდოს საზოგადოების ნდობა და ჩამოყალიბდეს ჭეშმარიტად პროფესიონალური პროკურატურა (მათ შორის, თანაშრომელთა შესაბამისი გადამზადების გზით), რომელიც თავისუფალი იქნება როგორც პოლიტიკური პარტიის, ასევე, სხვა არამართლზომიერი ზეგავლენისაგან.

შეფასება: ნაწილობრივ შესრულდა.

გაკეთდა: 2015 წელს შევიდა ცვლილებები პროკურატურის კანონში, რომლითაც შეიცვალა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არჩევის და გათავისუფლების წესები, შეიქმნა ახალი ერთეული - საპროკურორო საბჭო და პროკურორთა კონფერენცია.

არ გაკეთდა: არ განსაზღვრულა პროკურატურის სათანადო საკონსტიტუციო ჩარჩო. ნდობა პროკურატურის სისტემის მიმართ კვლავ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, განსაკუთრებით შესაძლო პოლიტიზებისა და არამართლზომიერი გავლენის კონტექსტში.

საკითხი N4

სისხლის სამართლებრივი დევნის გამჭვირვალეობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა, პოლიტიკური მოტივაციის გარეშე, ნებისმიერი პოლიტიკურად მოტივირებული შერჩევითი სამართლის თავიდან ასაცილებლად.

შეფასება: ნაწილობრივ შესრულდა

გაკეთდა: ცალკეული მიმართულებით არსებობს დადებითი ტენდენციები სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში, თუმცა  ეს ტენდენციები სუსტია და გამონაკლისის სახეს უფრო ატარებს, ვიდრე წესის.

არ გაკეთდა: კვლავ რჩება ეჭვი კონკრეტულ საქმეებში სისხლის  მართლმსაჯულების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების თაობაზე.

საკითხი N5

სისხლის სამართლის სფეროში გაგრძელდეს რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პოლიტიკა. ხელი შეეწყოს ისეთ მიდგომებს, როგორებიც არის: არასაპატიმრო სასჯელი, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა; აქტიურად გამოიყენებოდეს პრობაცია, თავდებით ნაადრევი გათავისუფლება, აცილება და შუამდგომლობა.

შეფასება: ნაწილობრივ შესრულდა;

გაკეთდა:  სრულდება გარკვეული აქტივობები რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის მიმართულებით.

არ გაკეთდა: არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების მაჩვენებელი კვლავ ძალიან დაბალია.

-გაიზარდოს სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულება და მათზე დემოკრატიული ზედამხევდელობა. საჩივრები პოლიციისა და პროკურორების წინააღმდეგ საჭიროებს პროფესიონალურ და ეფექტიან მექანიზმს მათზე სარწმუნო რეაგირებისთვის, განხილულ იქნას სრულფასოვანი დამოუკიდებელი და ეფექტიანი გასაჩივრების მექამიზმის ჩამოყალიბების შესაძლებლობა მსგავსი საქმეების გამოსაძიებლად. უზრუნველყოფილ იქნას სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ყოვლისმომცველი პროფესიული გადამზადება, ეთიკურ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეფასება: არ შესრულდა

არ გაკეთდა: სამართალდამცავი ორგანოების ანგარშვალდებულება  მნიშვნელოვან პრობლემას წამოადგენს. დამოუკიდებელი მექანიზმი მათზე საჩივრების განსახილველად არ შექმნილა.

-განვითარდეს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები (შუამდგომლობა, არბიტრაჟი) გადაიხედოს ადმინისტრაციული დაკავების წესები სამართლიანი სასამართლო განხილვის ნორმების შესაბამისად.

შეფასება: ნაწილობრივ შესრულდა.

გაკეთდა: გარკვეული ცვლილებები შევიდა არბიტრაჟის შესახებ კანონში:

არ გაკეთდა: პრაქტიკაში დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშულებების დანერგვისთვის ნაკლებად იდგმება ნაბიჯები.

ანგარიში რამდენიმე საკითხს აერთიანებს: მათლმსაჯულება, არჩევნები, ადმინისტრაციული რეფორმა და საჯარო სამსახური, წამებისა და სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა, პროფესიული კავშირების უფლებები და ძირითადი შრომითი სტანდარტები, თანასწორი მოპყრობა, ბავშვთა უფლებების დაცვა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, თანამშრომლობა აუდიოვიზუალურ და მედიის სფეროებში, გარემო და კლიმატის ცვლილება, სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, განათლება, ტრენინგი და ახალგაზრდობა, თანამშრომლობა კულტურის სფეროში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^