Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წერილი თბილისის მერს, კუს ტბის ასახვევთან მორიგი სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ

02 აგვისტო, 2017 15:19

არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ინდივიდუალურმა აქტივისტებმა თბილისის მერს მიმართეს მოთხოვნით, არ გაიცეს თანხმობა კუს ტბის ასახვევში მდებარე სარეკრეაციო ზონაში მორიგი სასტუმროს ასაშენებლად. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან, კუს ტბისკენ მიმავალი გზის მიმდებარედ, 2280 კვ.მ სარეკრეაციო ზონაში (რზ3), დაგეგმილია სასტუმროს მშენებლობა.

თქვენს წარმოებაში ამჟამად განიხილება 2002 წელს გაცემული პასპორტის თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანისა და შენობის გამოყენების ფუნქციად, „სასტუმროს“ დაფიქსირების ასევე დადგენილი კოეფიციენტების ცვლილების, კერძოდ კ2-ის 2.0 განსაზღვრის მოთხოვნა (იხილეთ განაცხადი # AR1498403).

თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ გვერდზე განთავსებული ელექტრონული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული საკითხი განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ, („ზონალურმა საბჭომ“) რომელმაც გასცა დადებითი რეკომენდაცია. აღსანიშნავია, რომ საბჭოს რამდენიმე წევრმა საგანგაშოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ ამ ტერიტორიაზე იგეგმება სასტუმროს მშენებლობა, რაც აუცილებლად გამოიწვევს ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების განადგურებას (იხილეთ საბჭოს გადაწყვეტილება 27/04/2017 # AR1498403).

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მერიის არქიტექტურის სამსახურმა, განმცხადებელს დაუდგინა ხარვეზები, რომელიც მხედველობაში არ იღებს საბჭოს ზოგიერთი წევრის ზემოაღნიშნულ არგუმენტებს, ამ ტერიტორიაზე განაშენიანების დაუშვებლობასთან დაკავშირებით. ხარვეზის შევსების ვადის ამოწურვისთანავე, თბილისის მუნიციალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის აქტით (№ AR1178093MS), საკითხი გადმოგეგზავნებათ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

თბილისში არსებული უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, რომელსაც ქალაქის მუნიციპალიტეტი თავად აღიარებს არა ერთ პოლიტიკურ ფორუმსა თუ დოკუმენტაციაში, მათ შორის, ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების ტექსტშიც, ცხადია, რომ წლების განმავლობაში უცვლელია ქალაქის განაშენიანების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რაც მძიმედ აისახება ქალაქის ეკოლოგიის თუ საჯარო სივრცეების მდგომარეობაზე.

მოცემული საქმე, მორიგ განაშენიანებას უშვებს სარეკრეაციო ზონაში, რითაც უხეშად ლახავს საჯარო ინტერესს და უგულებელყოფს წლების განმავლობაში, საზოგადოების მხრიდან არა ერთი ფორმით დაფიქსირებულ მოთხოვნას ქალაქის ეკოლოგიური რესურსების დაცვასთან დაკავშირებით.

განსაკუთრებით მძიმეა ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე კიდევ ერთი მშენებლობის დაგეგმვა, მას შემდეგ, რაც 2013 წელს, საზოგადოების მწვავე პროტესტის ფონზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის რეკომენდაციით, საკრებულოს მიერ შეცვლილი ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონისა და დასუსტებული დაცვის რეჟიმის გამო, შესაძლებელი გახდა ამ ტერიტორიაზე მასშტაბური ფართობის რესტორნის მშენებლობა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ დააზიანა მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიური ერთიანობა, გამოიწვია ეკოლოგიური რესურსების განადგურება და შეამცირა კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციო და სხვა საჯარო ფუნქციებით გამოყენების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია აქვე აღვნიშნოთ, რომ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო ამ ტერიტორიის მიმდებარედ არსებული ნაწილისათვის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის ცვლილების შესახებ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის გადაწყვეტილება სათანადო დასაბუთების არ არსებობის მოტივით. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

დადგენილი ზონალური და კოეფიციენტის ცვლილებებისათვის, კანონმდებელი ადმინისტრაციულ ორგანოსგან დასაბუთების მაღალ სტანდარტს მოითხოვს. ასეთი ცვლილებების განხორციელების წინაპირობაა გადაუდებელი ქალაქგეგმარებითი აუცილებლობის არსებობა, ცვლილებას არ უნდა უპირისპირდებოდეს საჯარო ინტერესი და შემუშავებული უნდა იქნას სათანადო საკომპენსაციო ღონისძიებები. კონკრეტულ შემთხვევაში, გაუგებარია რა ტიპის ქალაქგეგმარებითი აუცილებლობით შეიძლება იყოს გამოწვეული სარეკრეაციო ზონაში სასტუმროს მშენებლობა, ამავე დროს, აღნიშნულ საკითხს ფართოდ უპირისპირდება მოსახლეობის საჯარო ინტერესი, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, შეინარჩუნოს ეკოლოგიური რესურსები და დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა. ტერიტორია მდებარეობს ქ. თბილისის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში. აღნიშნული ზონა, კულტურული მემკვიდრეობის კანონით დაცული ზონაა, ის აღიარებს თბილისის ლანდშაფტის ქვეშ მოქცეულ ტერიტორიებს, მნიშვნელოვან დაცვის ღირს სამართლებრივ სიკეთედ და გამორიცხავს ამ ტერიტორიაზე ყოველგვარ მასშტაბურ მშენებლობას. ასევე ბუნდოვანია, რა ტიპის ღონისძიებებით შეიძლება დაკომპენსირდეს ის ფაქტი, რომ წარსულში დაშვებული განაშენიანება, ჯაჭვური რეაქციით, სხვა განაშენიანების მოთხოვნების უწყვეტ ციკლს წარმოშობს და საბოლოოდ ანადგურებს ამ ტერიტორიის საჯარო ფუნქციასა და ეკოლოგიურ მნიშვნელობას.

ამ ფონზე, მერიის არქიტექტურის სამსახურისა და განსაკუთრებით თბილისის მერის მხრიდან სასტუმროს მშენებლობის მოთხოვნის ნებისმიერ სტადიაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება, მკაფიო განაცხადი იქნება საზოგადოებრივი მოთხოვნების წინააღმდეგ, შელახავს საჯარო ინტერესს და დაარღვევს საქართველოს სივრცითი მოწყობისა და ქალაქგეგმარების საფუძვლების შესახებ კანონით განმტკიცებულ სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის სფეროში გადაწყვეტილების მიღების პრინციპებს. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ:

· უარი ეთქვას განმცხადებელს, წარმოდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

· არ გაიზარდოს ამ ტერიტორიის სამშენებლო პარამეტრები და უზრუნველყოფილი იქნეს, ტერიტორიის ეკოლოგიური რესურსების უცვლელად შენარჩუნება",  -ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები:

ინიციატივა საჯარო სივრცისათვის, თბილისის არქიტექტურული ფორუმი, ტფილისის ჰამქარი, პარტიზანული მებაღეობა თბილისში, მწვანე ალტერნატივა, იარე ფეხით, ცხოველთა უფლებების კომიტეტი. ინდივიდუალური აქტივისტები: ალექსანდრე ელისაშვილი, მერაბ ქეჩხოშვილი, ერეკლე ურუშაძე, ლუკა ბაქრაძე და ლევან კალანდარიშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^