Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გირჩის“ განცხადება - წარმოუდგენელი მასშტაბის მარაზმია არსებული სისტემა

09 აგვისტო, 2017 12:57

„გირჩი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო „გირჩის“ მიერ არჩევნებზე რეგისტრაციისთვის წარდგენილი 27 990-დან 27 977 ხელმოწერა, რაც ნიშნავს რომ „გირჩს“ უარი ეთქვა ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.

„გირჩის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ცესკოს თუ დავუჯერებთ, მათ 1 დღეში შეამოწმეს 27,990 ხელმოწერა, რაც ნიშნავს დაახლოებით წამში 1 ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმებას. ეს ფაქტი თავისთავად აჩვენებს კანონით განსაზღვრული ამ პროცედურის აბსურდულობას. თუმცა არანაკლებ აბსურდულია ცესკოს მიერ ხელმოწერების ბათილად ცნობის მიზეზები: დაბადების წელი უნდა ყოფილიყო თურმე მითითებული ოთხნიშნა და არა ორნიშნა რიცხვით (თითქოს 1800-იან ან 2000-იან წლებში დაბადებულებს შეეძლოთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება) და ხელმომწერებზე პასუხისმგებელი პირის გრაფაში მისამართი მითითებული უნდა ყოფილიყო სრულად (თითქოს თბილისს თუ არ მიუთითებ, ვინმემ შეიძლება ჩათვალოს რომ გლდანი ან ჩუღურეთი ფოთის რაიონებიცაა)
გირჩის მიერ ცესკოში წარდგენილი ყველა ხელმოწერა იყო ყალბი და ჩვენს მიერ ოფისში დამზადებული, ზუსტად ისე როგორც წლებია ამას მოქალაქეებისგან მალულად აკეთებს საქართველოში ყველა პარტია. ჩვენ ეს წინასწარ განვაცხადეთ საჯაროდ და თავად დამზადების პროცესიც გავხადეთ საჯარო. მიუხედავად ამისა ხელმოწერების ბათილად ცნობა ცესკოს მიერ მოხდა არა სიყალბის გამო, არამედ რაღაც ტექნიკური ხასიათის ხარვეზების მოშველიებით. მეტიც, ვადა მოგვცა „ხარვეზის” გასასწორებლად.
ამ ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა და ქართული ბიუროკრატიის მუშაობის ეფექტურობის იდეალური ილუსტრაციაა ის ფაქტი რომ წარდგენილ, სრულად გაყალბებულ ხელმოწერებში ცესკომ არც მეტი არც ნაკლები აღმოაჩინა 13 რეალური ხელმოწერა! და ჩაგვითვალა.
ყოველივე ეს ნათლად აჩვენებს რომ ხელმოწერების წარდგენასთან დაკავშირებული კანონის ეს მოთხოვნა რეალურად გულისხმობს მხოლოდ მაკულატურის შეგროვებას და უბიძგებს პარტიებს არა რეალური მხარდამჭრების მოძიებისკენ, არამედ ცესკოს ბლანკებში არსებული ბაზებიდან მონაცემების ზედმიწევნით სიზუსტით გადაწერისკენ.
ის რომ ყველა პარტია ხელმოწერებთან დაკავშირებით იგივეს აკეთებს წლებია და აქამდე ამაზე საჯაროდ არავის ამოუღია ხმა, კიდევ ერთი დასტურია იმისა თუ რა ჭაობშია ჩაფლული ქართული პოლიტიკა. პარტიები ან ვერ აცნობიერებენ ამ პროცესის აბსურდულობას ან უბრალოდ ცდილობენ სისტემის საკუთარ თავზე მორგებას.
ჩვენ შევეცადეთ საკუთარ მაგალითზე გვეჩვენებინა თუ რა წარმოუდგენელი მასშტაბის მარაზმია არსებული სისტემა და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი - ცესკო - როგორ აზრდაუტანებლად ასრულებს არსებულ არქაულ და სასაცილო რეგულაციებს. ეს ინსტიტუტი და ეს სისტემა ატარებს ამ ქვეყანაში არჩევნებს. ეს ინსტიტუტი და ეს სისტემა წყვეტს ვის ხელში იქნება ძალაუფლება ამ ქვეყანაში.
რაც შეეხება გირჩის მონაწილეობას არჩევნებში - ჩვენ 1.5 თვის წინ საჯაროდ განვაცხადეთ რომ თუ ონლაინ ვერ შევაგროვებდით 25,000 მხარდამჭერის ხელმოწერას, არჩევნებში არ მივიღებდით მონაწილეობას. ჩვენ შევაგროვეთ 7,000-ზე მეტი ხელმოწერა და უპირველეს ყოვლისა ამ ადამიანებისადმი პატივისცემის გამო არ ვაპირებთ საკუთარი დაპირების გადათქმას.
თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ მთლიანად ჩამოვცილდებით საარჩევნო პროცესს. ასეთ ბედნიერებას არ მივცემთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ ვიქნებით აქტიური მთელი წინასაარჩევნო პერიოდი და მოგიყვებით სიმართლეს, როგორც ყოველთვის.
დაბოლოს - განსაკუთრებული მადლობა იმ 7,000-ზე მეტ ადამიანს ვინც მხარი დაგვიჭირა. თქვენ ხართ ის ადამიანები რომლებსაც მინიმუმ მობეზრდა ამ ერთფეროვან წუმპეში ცხოვრება. მიუხედავად იმისა რომ რაღაც საკითხებში არ გვეთანხმებით, მიუხედავად იმისა რომ ხანდახან ჩვენი არც ქცევა მოგწონთ და არც გამოხატვის ფორმები, საბოლოო ჯამში გირჩი ხართ თქვენ, რადგან თქვენი არსებობა გვაძლევს სტიმულს გავაგრძელოთ თავისუფლებისთვის ბრძოლა მახინჯი სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ.“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ოქტომბერი
17 ოქტომბერი

მალტაში Panama Papers-ის გამოძიებაში მონ ...

გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, მალტაში მცხოვრები ბლოგერი და ჟურნალისტი დაფნე კარუანა გალიზია მოკლეს. ბლოგ ...
17 ოქტომბერი
17 ოქტომბერი

საპატრიარქო: „კურიერის“ სიუჟეტის ავტორებ ...

საქართველოს საპატრიარქო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებ ...
16 ოქტომბერი
16 ოქტომბერი

ელისაშვილის სპიკერი: გავრცელებულ კადრებს ...

„ექსკლუზიურ კადრებს“, რომელსაც სპეცსამსახურების სუნი ასდის, მხოლოდ პროვოკაციად ვაფასებთ" - ალეკო ელისაშ ...
^