Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტაბატაძე: ავტორიზაციის საბჭო იქცა სადამსჯელო ინსტიტუტად, რითაც არსობრივად გაანადგურა საკუთარი ინსტიტუცია

01 სექტემბერი, 2017 12:39

განათლების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე დემირელის სკოლისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილებით გამოვლინდა ერთი მხრივ, ავტორიზაციის საბჭოს როგორც ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების ინსტიტუტის სრული დისკრედიტაცია; მეორე მხრივ,  საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს ინსტიტუტების სისუსტე და პოლიტიკური ზეგავლენა ამ ინსტიტუტების საქმიანობაზე.

ამის შესახებ შალვა ტაბატაძე Facebook პოსტში წერს: 

„აქ არსებითია გაიმიჯნოს რა არის ან რა უნდა იყოს ავტორიზაციის საბჭოს ფუნქცია და კომპეტენცია. ავტორიზაციის საბჭო ადგენს და აფასებს სტანდარტებთან შესაბამისობას, რათა ხარისხი იყოს უზრუნველყოფილი და არა - კანონის დარღვევას ან არ დარღვევას. კანონის დარღვევის დადგენას სხვა პროცედურები სჭირდება და ვერც ავტორიზაციის ექსპერტების 3 დღიანი ვიზიტით და ვერც შემდგომ საბჭო ვერ დაადგენს და ვერც დაადასტურებს დაირღვა თუ არა კანონი. ეს მისი ფუნქცია არც არის და, ამის კომპეტენცია მათ არც აქვთ (არც უნდა ჰქონდეთ) და კანონის დარღვევა სხვა პროცედურებით უნდა დადგინდეს და რეაგირება/სასჯელიც სხვა უნდა იყოს და არა სკოლის დახურვა . კიდევ ერთხელ არც საბჭო და არც ექსპერტები არ არიან კომპეტენტური დაადგინონ კანონის დარღვევა იმ პროცედურებით რაც არსებობს, მათ უნდა შეაფასონ განათლების ხარისხი და სტანდარტებთან შესაბამისობა.

არსად წერია, რომ კანონის დარღვევა სკოლის ავტორიზაციაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს გარდა ერთი შემთხვევისა. საფუძველი შეიძლება იყოს რომელიმე სტანდარტის დაუკმაყოფილებლობა, ან მოსწავლის სტატუსის წარმოშობის, შეჩერების ან შეწყვეტის წესის დარღვევა (ეს სტატუსთან დაკავშირებული ჩანაწერია გამოყენებულია ძირითადად ინსტრუმენტად ავტორიზაციაზე უარისთვის, ამ წესის დარღვევის შეფასება რეალურად ავტორიზაციის საბჭოს ფუნქცია არც უნდა იყოს). თუმცა დარღვევის იდენტიფიცირების და დადასტურების პროცედურები დებულებით არ არის გაწერილი. სტანდარტთან შესაბამისობას და სტატუსთან დაკავშირებული კანონმდებობის შესრულების დადგენას სხვადასხვა პროცედურები, კომპეტენცია და კვალიფიკაცია სჭირდება.

სტანდარტის შეუსრულებლობის თუ მოსწავლის სტატუსის წარმოშობის, შეჩერების ან შეწყვეტის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებშიც, საბჭოს წევრი შინაგანი რწმენით იღებს გადაწყვეტილებას, რამდენად არსებითია სტანდარტის დაუკმაყოფილებლობა ან დარღვევა ავტორიზაციაზე უარის სათქმელად. ანუ მთავარი ინტერესია მოსწავლე, რომ საბჭოს გადაწყვეტილების გამო, მოსწავლემ არ მიიღოს უხარისხო განათლება ან არ დაირღვეს მისი უფლება კერძო სკოლაში. შესაბამისად ავტორიზაციის წევრთა მტკიცება, „დარღვევები იყო და რა გვექნა" აბსურდია, თუ ის დარღვევები (თუ ასეთი იყო, არ ვიცი, არ ვიცნობ მასალებს) არ ზემოქმედებდა ხარისხზე ამ სკოლაში და მოსწავლეებს არ ემუქრებოდათ ამ სკოლაში უხარისხო განათლების მიღების საფრთხე. სწორედ ეს არის საბჭოს წევრისთვის ამოსავალი გადაწყვეტილების მიღებისას და არა დარღვევა, რომელიც შეიძლება არსებობდეს და შემიძლია ვთქვა ჩემი გამოცდილებით, რომ სკოლების 90% -ში არსებობდა, მაგრამ არ ყოფილა საფუძველი ავტორიზაციაზე უარის თქმისა.

დარღვევების პრინციპს თუ მივყვებით, მითუმეტეს თუ ამ პროცედურას არაკომპეტენტური ადამიანები და ორგანო ჩაატარებს (არაკომპეტენტური დარღვევის კლასიფიკაციისთვის და სამართლებრივი შეფასებისთვის) აღმოჩნდება, რომ ყველა კერძო და საჯარო სკოლა დასახურია, უფრო მეტიც, ყველაზე ხარისხიანი სკოლები აღმოჩნდება დასახური, რადგან ისინი განსხვავებულ სასწავლო გეგმებს, სახელმძღვანელოებს და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარების სქემას გვთავაზობენ და სწორედ ეს განაპირობებს მათ ხარისხს. დავხუროთ ყველა ეს სკოლა? თუ ეს მიდგომაა რატომ არ დახურა საბჭომ სხვა სკოლები, სადაც აგრეთვე იყო დარღვევები და ეს თითქმის ყველა სკოლაში ფიქსირდება მეტ-ნაკლებად ავტორიზაციისა თუ მონიტორინგის პროცესში. საბჭოს ჰქონია პრაქტიკა, როცა სამივე სტანდარტთან დაკავშირებით ყოფილა პრობლემები, მაგრამ სკოლას მიუღია ავტორიზაცია, რაც სწორი მიდგომაა, თუ სკოლას აქვს პოტენციალი ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, სკოლებს უნდა მიეცეთ განვითარების საშუალება და საბჭოც სწორედ ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს.

ავტორიზაციის საბჭომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ისევე როგორც შაჰინის სკოლასთან დაკავშირებით, უბრალოდ ერთ კერძო სკოლას კი არ შეუჩერა ავტორიზაცია, არამედ: (ა) დაასამარა საკუთარი ინსტიტუცია, საბჭო, როგორც ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების ორგანო, რადგან თქვა, რომ ხარისხი ამ სკოლაში მაღალია, მაგრამ კანონმდებლობა დაირღვა და მე ის დავსაჯე. ანუ იქცა სადამსჯელო ინსტიტუტად, რითაც არსობრივად გაანადგურა საკუთარი ინსტიტუტიცია მთლიანად; (ბ) კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება და საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო. ასეთ ქმედებას კი ვერანაირი აღმოჩენილი კანონდარღვევა ვერ გაამართლებს, მითუმეტეს თუ ეს კანონდარღვევა ამის დასადგენად არაკომპტენეტურმა პირებმა და ორგანომ დაადგინა.“

მიმდინარე წლის თებერვალში ავტორიზაცია შეუწყდა რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმსაც. სკოლაში სასწავლო პროცესი 13 თებერვალს შეწყდა. რის შედეგადაც, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო შალვა ტაბატაძემ ოფიციალურად დატოვა. მისი თქმით, მან ეს გადაწყვეტილება შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩრების შემდეგ მიიღო. მან „ლიბერალს“ უთხრა, რომ შაჰინის სკოლა საგანმანათლებლო სტანდარტებს აკმაყოფილებდა და მეტიც ის საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაა. დარღვევა კი, რომელიც სკოლას დაუდგინდა არსებითი არ იყო და ის ამის გამო ავტორიზაციის შეჩერებას არ იმსახურებდა.

შალვა ტაბატაძემ შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერებას მხარი არ დაუჭირა და საბჭო დატოვა

სკოლამ 15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გაასაჩივრა. 20 თებერვალს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ შაჰინის სკოლის შუამდგომლობა აქტის შეჩერებაზე არ დააკმაყოფილა, სკოლას უარი ეთქვა შუამდგომლობაზე, რომ აქტის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებულიყო.

საია: შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმება დაუსაბუთებელია

TDI: შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმება სავარაუდოდ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას

განათლების სამინისტრო: შაჰინის სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა კანონმდებლობის დარღვევით მოხდა

*****

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, თბილისში მდებარე დემირელის სკოლამ რეავტორიზაცია ვერ გაიარა და დახურეს. გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ 29 აგვისტოს მიიღო. როგორც ცენტრში აცხადებენ, ავტორიზაციისთვის საჭირო სამივე სტანდარტი დარღვეული იყო, მათ შორის, გამოვლინდა უკანონო ქმედებები.

როგორც ავტორიზაციის საბჭოს-ერთ-ერთმა წევრმა, რევაზ აფხაზავამ „ლიბერალს“ უთხრა, ავტორიზაციის ექსპერტების მიერ წარმოდგენილი დასკვნა მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავდა, თუმცა მისი თქმით, სკოლის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს არგუმენტირებულად განემარტათ ამგვარი დარღვევების მიზეზები.

„სკოლას ჰყავდა ძალიან დიდი ნაკადი არაქართულენოვანი მოსწავლეებისა, რომლებსაც დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში აფასებდნენ და შესაბამისი საბუთით უშვებდნენ. მაგალითად, მოსწავლეების რაღაც ნაწილი ერთ დღეში იყო შეფასებული ექვს საგანში და შესაბამისი საბუთით სკოლიდან გაშვებული, ზოგიერთი კი 1-2 თვეში გაუშვეს ამგვარად. ერთ ან ორ თვეში შესაძლებელია რომ მოსწავლე, რომელმაც ქართული არ იცის, მოვიდეს,  ქართულიც ისწავლოს, მასალა დაძლიოს და შეფასებები მიიღოს? ავტორიზაციის ექსპერტებმა სამ დღეში 87 ფაქტი გამოავლინეს. განხილვისას თავად სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ ის დამოუკიდებლად არ იღებდა გადაწყვეტილებას და დამფუძნებლებს უწევდა ანგარიშს.

გარდა ამისა, იყო წვრილ-წვრილი დარღვევები, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, არსებული მოსწავლეების აღრიცხვასთან დაკავშირებით, მაგალითად იყვნენ მოსწავლეები, რომლებიც ამორიცხულები იყვნენ სკოლიდან სემესტრის შუაში, მაგრამ იყვნენ შეფასებული წლის ბოლოს“,- განაცხადა რეზო აფხაზავამ.

დემირელის სკოლის დირექტორმა ნინო კავთიაშვილმა „ლიბერალს“ უთხრა, რომ საბჭოს მიერ სკოლაში გამოვლენილი ხარვეზევბის უმეტესობას არ ეთანხმება, რადგან სინამდვილეს არ შეესაბამება. 

მისივე თქმით, გადაწყვეტილების სააპელაციო საბჭოში გასაჩივრებას არ აპირებენ და ერთი წლის შემდგომ ავტორიზაციის მიღების მიზნით, ხელახალ განცხადებასაც არ წარადგენენ. ამისი მიზეზი კი ის ზოგადი სიტუაციაა, რაც დემირელისა და მისი პარტნიორი სკოლების ირგვლივ ბოლო პერიოდში ქვეყანაში არსებობს.

დემირელის სკოლის დირექტორი: გადაწყვეტილების სააპელაციო საბჭოში გასაჩივრებას არ ვაპირებთ

თამარ მოსიაშვილი: იხურება წარმატებული სკოლა, ეს პოლიტიკურ ზეწოლაზე მიუთითებს

სამინისტრო: ყველა პირობას შევქმნით რომ მოსწავლეების და მასწავლებლების სხვა სკოლებში გადანაწილება უმტკივნეულოდ მოხდეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^