Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დემირელის კერძო კოლეჯი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

01 სექტემბერი, 2017 23:09

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ადმინისტრაცია გეგმავს გაასაჩივროს ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ამის თაობაზე ადმინისტრაციამ განცხადება დღეს გაავრცელა:

„მოგეხსენებათ, რომ 2016-2017 სასწალო წელი ურთულესი იყო დემირელის კერძო კოლეჯისთვის. სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში შემოვიდა ფინანსური პოლიცია, მთელი წლის განმავლობაში დაკითხვებზე იბარებდნენ პედაგოგებს, რაც მათთვის დიდი ფსიქოლოგიური სტრესი იყო. ამავე წელს, ავტორიზაცია გაუუქმდა შაჰინის სახელობის ბათუმის სკოლა- ლიცეუმს, რომელიც  დემირელის კოლეჯის პარტნიორი სკოლაა; დაუსაბუთებელი ბრალდებით დააკავეს დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი და შეუფარდეს საექსტრადაციო პატიმრობა.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ადმინისტრაცია შეშფოთებული და იმედგაცრუებულია  ამგვარი მიდგომით იმ სკოლის მიმართ, რომელიც  1993 წლიდან  წარმატებულ  საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა  საქართველოში და  რომლის მოსწავლეებსა და კურსდამთავრებულებს  არაერთხელ უსახელებიათ საქართველოს სახელი საერთაშორისო მასშტაბით. სულ ახლახან, აგვისტოს დასაწყისში, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა გამარჯვება მოიპოვეს ტაილანდში გამართულ  ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიდაზე, ასევე  ევროპისა და მსოფლიოს ინფორმატიკის  ოლიმპიადებზე და მხოლოდ ერთ თვეში  სკოლამ ქვეყანისთვის ოთხი  მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა. ეს არ რის სრული ჩამონათვალი იმ მიღწევებისა, რომელიც მხოლოდ წელს სკოლამ მოუტანა ქვეყანას.

 ავტორიზაციის საბჭოს დასაბუთებული  გადაწყვეტილების ოფიციალურად  გამოქვეყნების შემდეგ, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი კონსულტაციას გაივლის ადვოკატებთან და  არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კანონით დადგენილი წესით მიმართავს სასამართლოს,   რათა არ შეილახოს  სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა უფლებები. 

ვაპირებთ, გამოვიყენოთ კანონმდებლობით  მონიჭებული გასაჩირების უფლება, რათა ბათილად იქნას ცნობილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების  ავტორიზაციის საბჭოს  გადაწყვეტილება“,- ნათქვამია განცხადებაში. 

*************

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დემირელის სკოლამ რეავტორიზაცია ვერ გაიარა და დახურეს. გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ გუშინ მიიღო.

როგორც ცენტრში „ლიბერალს“ განუცხადეს, ავტორიზაციისთვის საჭირო სამივე სტანდარტი დარღვეული იყო, მათ შორის, გამოვლინდა უკანონო ქმედებები.

დემირელის სკოლამ რეავტორიზაცია ვერ გაიარა და დახურეს

როგორც ავტორიზაციის საბჭოს-ერთ-ერთმა წევრმა, რევაზ აფხაზავამ „ლიბერალს“ უთხრა, ავტორიზაციის ექსპერტების მიერ წარმოდგენილი დასკვნა მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავდა, თუმცა მისი თქმით, სკოლის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს არგუმენტირებულად განემარტათ ამგვარი დარღვევების მიზეზები.

მიმდინარე წლის თებერვალში ავტორიზაცია შეუწყდა რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმსაც. სკოლაში სასწავლო პროცესი 13 თებერვალს შეწყდა. სკოლამ 15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გაასაჩივრა. 20 თებერვალს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ შაჰინის სკოლის შუამდგომლობა აქტის შეჩერებაზე არ დააკმაყოფილა, სკოლას უარი ეთქვა შუამდგომლობაზე, რომ აქტის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებულიყო.

საია: შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმება დაუსაბუთებელია

TDI: შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმება სავარაუდოდ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას

განათლების სამინისტრო: შაჰინის სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა კანონმდებლობის დარღვევით მოხდა

თურქეთის მხარის მოთხოვნით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. სასამართლომ ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ადვოკატებმა, დაკავებიდან რამდენიმე კვირაში ლტოლვილთა სამინისტროს ემრე ჩაბუქისთვისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართეს, თუმცა 7 ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის წინააღმდეგ აქცია პარლამენტთან გაიმართება

არ გადასცე! - ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერად კანცერლარიასთან აქცია მიმდინარეობს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^