Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი მამალაძეს სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა

05 სექტემბერი, 2017 12:07

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა გიორგი მამალაძეს სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. „ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, გიორგი მამალაძე სასამართლო პროცესს არ დასწრებია.

მამალაძეს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით (სსკ-ის 18-109 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა (სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
 
სასამართლოში საქმის განხილვის განმავლობაში ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო, თუმცა, თბილისის სასამართლოს განცხადებით, საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით, სასამართლომ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 18-109 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 18,108-ე მუხლზე და დადგენილად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადება და მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამისად, ბრალდებული გიორგი მამალაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ ზემოაღნიშნული მუხლებით და მას საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მოცემული სისხლის სამართლის საქმე სასამართლომ დახურულ სხდომებზე განიხილა. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

ადვოკატის, გიორგი რამიშვილის თქმით, „ციანიდის საქმეზე" გამოტანილი განაჩენით დადასტურდა, რომ საქართველოში სასამართლო არ არსებობს.

„რაშიც [გიორგი მამალაძეს] ბრალი ჰქონდა წარდგენილი, ეს იყო 109-ე მუხლი ანგარების მიზნით, მაგრამ თურმე ანგარება არ ყოფილა, მაგრამ მკვლელობის მომზადება ყოფილა. საფუძველი, მოტივაცია არ არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ ბოლოს წამოსცდა მოსამართლეს - შურისძიება. რა მოტივაცია გააჩნია? ვერც ერთმა მოწმემ არათუ შურისძიებაზე, თვითონ ურთიერთობაზეც ვერ დაადასტურა რომ შეიძლება, მათ რაღაც საფუძველი ჰქონოდა. ჩვენ ყველაფერს ვეცდებით, კანონი გვავალებს რომ ეს ყველაფერი ბოლომდე მივიყვანოთ. თუ სააპელაციო და უზენაესი დაქირავებულ მოსამართლეებს დაემსგავსება, ჩვენს ქვეყანას ასეთი არაფრის მთქმელი და მკეთებელი მოსამართლეები არ ეკადრება. ესენი ჩვენს მომავალს ვერ განსაზღვრავენ", - აცხადებს ადვოკატი.

„მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ყოველგვარი ზედმეტი ემოციის გარეშე: დღეს ბესიკ ბუკიანიშვილმა ანგარებით ქართული მართლმსაჯულება გააუპატიურა" - განაცხადა მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ. 

პროკურატურის წარმომადგენელმა, ჯარჯი წიკლაურმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ პროკურატურა მოტივის ნაწილში გადაწყვეტილების გასაჩივრებაზეც იმსჯელებს.

„გავეცნობით გადაწყვეტილებას მოტივის ნაწილში და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრების თაობაზე“, - აცხადებს წიკლაური.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ სად შეიძინა გიორგი მამალაძემ ციანიდი ჯარჯი წიკლაური პასუხობს:

„არაერთხელ დაისვა ეს შეკითხვა და კიდევ ერთხელ გპასუხობთ, ჩვენ ამ სასამართლოს ნაწილში ვიხილავდით, თუ რა მიზნით და რა დანიშნულებით უნდოდა მას ციანიდი - ეს იყო მთავარი შეკითხვა, რომელზეც ჩვენ გავეცით დასაბუთებული პასუხი და სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა ეს. მან ციანიდი შეიძინა ადამიანის მკვლელობის მიზნით და იგი გეგმავდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას. დანარჩენზე ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არსებობს შეკითხვები, რომელზეც პასუხი უნდა გაეცეს, თუმცა დღეს სასამართლოზე მთავარი საკითხი დადასტურდა“, - აცხადებს პროკურატურის წარმომადგენელი.

ემოციური შეძახილები ისმოდა სასამართლო პროცესის შემდეგ. დარბაზიდან გამოსულმა გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა, რომ „მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი არის „ქართული ოცნების" მონა".

საქართველოს პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავა. როგორც პროკურატურისთვის გახდა ცნობილი, მამალაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფას აპირებდა. მოგვიანებით, პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ეხებოდა. 

„აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა, მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება" - აღნიშნავდა პროკურატურა განცხადებაში, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მამალაძის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

19 მაისს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა „ციანიდის საქმის“ სასამართლო პროცესი სრულად დახურა. მიუხედავად ბრალდებულის მოთხოვნისა, რომ განხილვა ღიად წარმართულიყო, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

მამალაძემ მოგვიანებით შიმშილობა გამოაცხადა. იგი პატრიარქსა და სინოდის წევრებთან შეხვედრას მოითხოვდა. 

სინოდის გადაწყვეტილებით, გიორგი მამალაძეს დეკანოზის წოდება დროებით ჩამოართვეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ნოემბერი
23 ნოემბერი

ჩუგოშვილი: სწორი იქნება, თუ პარლამენტი ო ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტის მხრიდან ღირსეული და სწორი ...
23 ნოემბერი
23 ნოემბერი

„ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" ღია ...

„ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა" საქართველოს პარლამენტის წევრს, გიგა ბუკიას ღია წერილით მიმართავს. პლ ...
23 ნოემბერი
23 ნოემბერი

სპეცოპერაციის დროს დაკავებულ პირს 10-დან ...

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებულს 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. როგ ...
^