Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაუჭერს თუ არა მხარს საპარლამენტო ოპოზიცია გენდერულ კვოტირებას

12 სექტემბერი, 2017 16:06

გუშინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის (Task Force) მიერ წარდგენილ ინიციატივას ხელს  37 ათასი ამომრჩეველი აწერს.

ინიციატივა გულისხმობს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, რომლის მიხედვით, პარტიები ვალდებულნი იქნებიან, საარჩევნო სიის დაკომპლექტებისას 50%-იანი გენდერული კვოტა დაიცვან და სიის ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. ცვლილება მხოლოდ პროპორციულ სიას ეხება.

კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ეს იქნება დროებითი ზომა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში გენდერული ბალანსის გასაუმჯობესებლადაა საჭირო.

ცვლილებების მიღების შემთხვევაში, პარლამენტში (150 წევრიდან) ქალების რაოდენობა არანაკლებ 38 იქნება და, საბოლოოდ, ქალთა 25%-იან წარმომადგენლობას მივიღებთ.

ამჟამად პარლამენტში ქალების 16%-იანი წარმომადგენლობაა.

ეს არის მეორე მცდელობა არასამთავრობო სექტორისა და ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების. წინა ინიციატივა პარლამენტში 2015 წელს წარადგინეს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა კანონპროექტს მაშინაც დაუჭირა მხარი, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მსვლელობა არ მისცა და ინიციატივა ჩავარდა.

შესაბამისად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს ქვეყანა სავალდებულო გენდერული კვოტორების გარეშე შეხვდა.

მოქმედი საკანონმდებლო ნორმის მიხედვით, გათვალისწინებულია ფინანსური წახალისება იმ პარტიებისთვის, ვინც გენდერულ კვოტას დაიცავს. კერძოდ, თუკი პარტიების მიერ წარდგენილ სიაში კანდიდატთა ყოველ ათეულში განსხვავებული სქესი სულ მცირე 30%-ით იქნება წარმოდგენილი, პარტია 30%-ით მეტ დაფინანსებას მიიღებს.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ, ფინანსური წახალისების მიუხედავად, პარტიები ამ ჩანაწერით არ სარგებლობენ. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არც „ერთიანმა ნაცონალურმა მოძრაობამ“ და არც „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული ნორმა არ გამოიყენა, ხოლო 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ამ შესაძლებლობით მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისარგებლა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ინიციატივის განხილვისას მმართველი პარტიის წევრებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ამ ცვლილების მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. წინააღმდეგი მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე იყო. კანონპროექტისადმი საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია საბოლოოდ საკითხის უშუალოდ პლენარული სხდომის კენჭისყრაზე დაყენების შემდეგ გამოჩნდება.

„ლიბერალი“ დაინტერესდა, როგორი დამოკიდებულება ექნება საპარლამენტო ოპოზიციას,  დაუჭერს თუ არა მხარს სავალდებულო გენდერულ კვოტორებას ?

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი ამბობს, რომ სწორი და აუცილებელია პრინციპების დონეზე ამ საკითხზე მსჯელობა, თუმცა შემდგომ  შესაძლებელია, ფრაქციაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობდეს.

„ჩვენ გამოვიყენეთ წინა არჩევნებზე „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით გენდერული კვოტირება. დღესაც გვყავს ძალიან ბევრი მერობის კანდიდატი ქალი, მაგრამ ეს არა იმიტომ, რომ არსებობს კვოტირება, არამედ იმიტომ, რომ ამ პოზიციებზე ისინი  საუკეთესოები არიან. ამ ნიშნით არიან  შერჩეულები. 

საზოგადოებაში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, ბუნებრივად მესახება ამაზე მოთხოვნა, თუმცა, მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ დემოკრატიის კუთხით,  ან საუკეთესოს არჩევის მიმართულებით, შეიძლება გარკვეული ხარვეზიც ჰქონდეს ამ ინიციატივას,  მაგრამ მაინც ყველა შემთხვევაში მივესალმები. ნამდვილად არსებობს საფუძველი, [საკითხი] სერიოზულად  იყოს განხილული",- ამბობს სერგო რატიანი.

„პატრიოტთა ალიანსში“ გვითხრეს, რომ ისინი გენდერული კვოტირების საკითხზე კომენტარს ჯერ ვერ გააკეთებენ.

რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიის წევრი თინათინ ბოკუჩავა „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, რომ ის პირადად მხარს უჭერს დროებითი ნორმის შემოღებას იმისათვის, რომ ქალთა წარმომადგენლობა გაიზარდოს პარლამენტში.

„ფრაქციაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკაშირებით. ზოგიერთს მიაჩნია, რომ სავალდებულო კვოტირება არ უნდა არსებობდეს, თუმცა ჩვენს პარტიაში ეს თემა წესდებით არის განსაზღვრული და  შიდაპარტიულად მოწესრიგებულია. მართალია 30%-იან კვოტას ითვალისწინებს ჩვენი წესდება, მაგრამ  ვიცავთ ამ თვითმმართველობის არჩევნებისას.  ასე რომ, ჩვენ ამ საკითხს სერიოზულად ვუდგებით. ვფიქრობ, პარლამენტში ამ საკითხს ფრაქციის მხრიდან სრული მხარდაჭრა ექნება,“ - აღნიშნავს თინათინ ბოკუჩავა.

როგორც ბოკუჩავა ამბობს, სამწუხაროა, რომ კვოტირების საკითხს საარჩევნო სისტემის რეფორმის კონტექსტში არ განიხილავენ, რადგან კვოტირება ბევრად უფრო აქტუალური და რეალური შედეგის მომტანი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი  ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა.

„მოქმედი შერეული სისტემის შენარჩუნების შემთხვევაში, ცხადია, კვოტირების მიღებას ვერ ექნება ისეთივე ეფექტი, რომელიც  ესახება სამოქალაქო სექტორს და ათასობით ამომრჩეველს,  რომელმაც ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა“.

რამდენიმე დღის წინ მმართველმა პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები წარადგინა. მერობის 62  კანდიდატიდან მხოლოდ 2 ქალია.

ამჟამად ადგილობრივ თვითმმართველობებში მხოლოდ 11% ქალია. 69 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალია, არც ერთი მერი და არც ერთი გუბერნატორი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ნოემბერი
23 ნოემბერი

ჩუგოშვილი: სწორი იქნება, თუ პარლამენტი ო ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტის მხრიდან ღირსეული და სწორი ...
23 ნოემბერი
23 ნოემბერი

„ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" ღია ...

„ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა" საქართველოს პარლამენტის წევრს, გიგა ბუკიას ღია წერილით მიმართავს. პლ ...
23 ნოემბერი
23 ნოემბერი

სპეცოპერაციის დროს დაკავებულ პირს 10-დან ...

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებულს 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. როგ ...
^