Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით კეზერაშვილი დღეისთვის არც ერთ საქმეზე არ არის მსჯავრდებული

13 სექტემბერი, 2017 11:03

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიას  აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა მილიონები ყაჩაღობით, ქურდობითა და ძარცვით იშოვა. დღეს კი, როგორც მელია ამბობს, კეზერაშვილი ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია და მის მიერ შექმნილ „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებს.

„დღეს ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს, ბოკერია-უგულავას პარტიას რომ აფინანსებს, როგორ გგონიათ, ივანიშვილის დასტურის გარეშე ხდება ეს ყველაფერი?!... ენმ არის განახლებული პარტია და ამ პარტიაში მოღალატე უგულავების დრო აღარ იქნება, აღარც ბოკერიების, აღარც კორუმპირებული კეზერაშვილების, ფარცხალაძეების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ“,-  განაცხადა „ნიკა მელიამ TV “პირველის“ ეთერში.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გოკა გაბაშვილი კი მელიას გუშინდელ განცხადებას „ქართულ ოცნების“ წარმოადგენელთა განცხადებებს ადარებს და აცხადებს, რომ წლების განმავლობაში სწორედ ეს გვესმის მმართველი პარტიის ლიდერებისგან.

„კლიშეების შექმნას, შტამპირებას ცდილობენ - რომ „უგულავა კორუმპირებულია", „ბოკერია რომ საშინელია", „ის ყაჩაღია, ის მძარცველია" - რა პოლიტიკური ინსტრუმენტებით და იარაღითაც „ქართული ოცნება" ოპერირებს, ზუსტად ეს გააკეთა ნიკა მელიამ“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა TV „პირველის“ ეთერში.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დავით კეზერაშვილს ბრალი რამდენიმე ეპიზოდზე წარედგინა, თუმცა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არც ერთ საქმეზე არ არის გამოტანილი. 

აგვისტოს მიწურულს დავით კეზერაშვილი  სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. ხოლო მასთან ერთად ბრალდებული პირი, ალექსანდრე ნინუა ნაწილობრივ გაამტყუნა. კეზერაშვილის ადვოკატის, შოთა მინდელის განცხადებით, სასამართლო განხილვისას პროკურატურამ ბრალის დადასტურება ვერ შეძლო. 

საქმე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ეხებოდა. ამ საქმეში კეზერაშვილთან ერთად თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ნინუაც იყო ბრალდებული. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მათ თანხის გაფლანგვის ბრალდება 2014 წლის 7 მაისში წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, 2008 წლის 10 იანვარს დავით კეზერაშვილმა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ, მასთან დაკავშირებულ კომპანიას, „Girwood Business Corp-ს" ხელშეკრულება გაუფორმა, რითაც სახელმწიფოს კუთვნილი 5 685 000 ევრო გაფლაგა. პროკურატურის ვერსიით, ამავე საქმეში ჩართული იყო  ნინუაც. ხელშეკრულების მიზანი თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფების გეგმური საბრძოლო მომზადება იყო, თუმცა ბრალდების მხარის მტკიცებით, კომპანიას არაფერი გაუკეთებია.

წარსულში დავით კეზერაშვილი სასამართლომ კიდევ 2 საქმეში ცნო უდანაშაულოდ. ერთ-ერთი რიყის ტერიტორიისა და „იმედის“  გასხვისებას ეხება, რომელშიც თავდაცვის ყოფილი მინისტრი თბილისის ყოფილ მერთან, გიგი უგულავასთან ერთად იყო ბრალდებული. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 6 იანვარს ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი გაუნახევრა, კეზერაშვილი კი უდანაშაულოდ ცნო.

მესამე საქმე, სადაც სასამართლომ კეზერაშვილი უდანაშაულოდ ცნო, ე.წ. სპირტის კონტრაბანდას ეხება. ამ საქმეზე თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ერთად მისი სიძე იყო ბრალდებული. მათ ბრალი 2013 წელს წარედგინათ. 2014 წლის 27 მაისს კი გაამართლეს.  პროკურატურა მათ 13 მილიონი ლარის ქრთამის აღებასა და 40 მლნ ლარით ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებდა. კეზერაშვილის სიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თავად ყოფილი მინისტრი კი გაამართლა.

პროკურატურის ინფორმაციით, კეზერაშვილი და მისი სიძე, ფინანსური პოლიციის მაშინდელი უფროსი იმ პირებთან გარიგებას დასთანხმდნენ, ვისაც დიდი ოდენობით ეთილის სპირტის შემოტანა სურდათ. მათ უნდოდათ, იმპორტის დაბეგვრის რეჟიმისთვის თავი აერიდებინათ, ამისთვის კი კეზერაშვილისა და მისი სიძის „მფარველობა“  სჭირდებოდათ.

„ამ წლების მანძილზე დანაშაულებრივი მანიპულაციებით საქართველოში სულ შემოიტანეს 19 868 312 ლიტრი ეთილის სპირტი, გადასახადების დამალვის სახით სახელმწიფომ იზარალა 49 392 341 ლარი. თავად კეზერაშვილმა კი, საერთო ჯამში, უკანონო შემოსავლის სახით მიიღო 12 334 683 აშშ დოლარი“, - აცხადებდნენ პროკურატურაში.

ამჟამად კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმე არსებობს. ერთში მას ბრალი ყოფილ პრეზიდენტსა და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ედება. სისხლის სამართლის ეს საქმე ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ეპიზოდებს ეხება. ამ საქმეზე ბრალდებას კვალიფიკაცია 2015 წლის მარტში შეეცვალა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალად სსკ-ის 333-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება 7 ნოემბრის, „იმედისა“ და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ეპიზოდთან დაკავშირებით) და სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლების ლეგალიზება „იმედის“ ეპიზოდთან დაკავშირებით) გათვალისწინებული დანაშაულები ედება.

მთავარი პროკურატურის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატარკაციშვილების ოჯახს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ზეწოლითა და დაშინებით ჩამოართვეს.

„სხვადასხვა გზით, ზეწოლისა და დაშინების შემდეგ, ფიქტიურად გაფორმებული ხელშეკრულებებისა და დოკუმენტების შედეგად, რომ თითქოს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მესაკუთრე კომპანიას ვალი ჰქონდა კეზერაშვილის გავლენის ქვეშ მყოფი ოფშორული კომპანიის მიმართ, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სასამართლოს ჩარევით, ვალის გაქვითვის საფუძვლით, პატარკაციშვილების კუთვნილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ქონება გადავიდა დავით კეზერაშვილის ოფშორული კომპანიის საკუთრებაში“, - აცხადებს პროკურატურა.

ხოლო მეორე საქმე მამა-შვილ ნიჟარაძეებისთვის ქონების წართმევას ეხება. საუბარია ფოთის პორტში ნავთობპროდუქტებისა და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებულ ბიზნესზე, რომელსაც წლიურად ათეულობით მილიონი ლარის მოგება მოჰქონდა.  იმ პერიოდში მისი მესაკუთრეები სწორედ თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები იყვნენ.

პროკურატურის ვერსიით, 2010 წლის 14 აგვისტოს დავით კეზერაშვილი თბილისში, ე.წ. პიქსელის შენობაში შეხვდა ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძეს და ძალადობის მუქარით მოსთხოვა მათი წილის დათმობა  შპს „მეტალექსში!“, BIMEDIA INVESTMENTS LIMITED-სა და MISSION INVESTMENT LIMITED-ში. ამასთან, მათი საცხოვრებელი სახლის გარე პერიმეტრზე უკანონოდ განლაგდა სოდ-ის თანამშრომელთა ჯგუფი და თამაზ ნიჟარაძეს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.

„ძალადობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, კეზერაშვილის მუქარიდან რამდენიმე დღეში თამაზ ნიჟარაძემ და მისმა შვილმა კუთვნილი წილები უსასყიდლოდ დათმეს, რომელთა ღირებულება რამდენიმე ათეულ მინიონ ლარს აღემატებოდა.  საქმეზე გამოძიება სსკ-ის 181-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წალმდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

აღსანიშნავია, რომ ქართულმა მხარემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირება ორჯერ მოითხოვა, ამ თხოვნით მათ პირველად საფრანგეთს მიმართეს, ხოლო მეორედ - დიდ ბრიტანეთს. ორივე ქვეყნის სასამართლოებმა ქართულ მხარეს ექსტრადირებაზე უარი უთხრეს, მოტივად კი საქმის პოლიტიკური სარჩული დაასახელეს. 

დავით კეზერაშვილის ადვოკატი, შოთა მინდელიც მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის საქმეები პოლიტიკურადაა მოტივირებული. 

შვეიცარიული გაზეთი: Panama Papers-ის დოკუმენტებში დავით კეზერაშვილიც ფიგურირებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

„აღიარე ჩემი მკვლელობა” - ქვიარ აქტივისტ ...

„აღიარე ჩემი მკვლელობა“, „20 ნომებერი ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო​ ​დღეა”, ​„ჩვენ​ ...
20 ნოემბერი
20 ნოემბერი

კიევიდან დეპორტირებული ოპერატორი: 15-მდე ...

ოპერატორი თამაზ შავშიშვილი, რომელიც უკრაინაში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ისთვის“ მუშაობდა, გუშინ გვია ...
20 ნოემბერი
20 ნოემბერი

საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირის ...

საქართველოს პარლამენტის წევრების და აპარატის თანამშრომლების საფეხბურთო გუნდმა თურქეთში, ქალაქ ანტალიაში, საპარლამენტთაშო ...
^