განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩის ვიზიტი საქართველოში 18-21 ნოემბერს იგეგმება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარე დღეს კავკასიაში დევიდ ლინჩის ფონდის (DLFC) ხელმძღვანელს გიგა აგლაძეს და მის გუნდს შეხვდა.
„ეს არის საქართველოსთვის უდიდესი შესაძლებლობა, რომ ვუმასპინძლოთ მსოფლიოში ცნობილ რეჟისორს და ვისაუბროთ მის ფონდთან სამომავლო თანამშრომლობის ინიციატივებზე. მნიშვნელოვანია, რომ ფონდის პროგრამების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საინტერესო საგანმანათლებლო და სოციალური პროექტის განხორციელება. დევიდ ლინჩის ფონდის კავკასიის ოფისის დაფუძნება თბილისში, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ ქართველი რეჟისორი და მუსიკოსი გიგა აგლაძე, საქართველოს როგორც კინოინდუსტრიის განვითარების ასევე, საგანმანათლებლო სფეროში ახალი პროექტების განხორციელების ისტორიულ შესაძლებლობებს აძლევს. მოხარული ვარ, რომ მე და ჩემს კოლეგებს მოგვეცემა საშუალება შევხვდეთ და ვუმასპინძლოთ ლეგენდარულ კინორეჟისორს და მასთან ერთად განვიხილოთ საქართველოს განათლების, კულტურისა და სოციალური მიმართულებებით უაღრესად მნიშვნელოვანი სამომავლო ინიციატივები“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
ჯაშის თქმით, პირველი ინიციატივა ეხება დევის ლინჩის საერთაშორისო კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის გახსნას საქართველოში, ასევე იგეგმება საერთაშორისო კინოფესტივალის პროექტთან დაკავშირებით დისკუსია, რომლის დეტალებსაც კომიტეტი აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ერთად განიხილავს.