Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რესპუბლიკელები“ ლგბტ ადამიანებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის შემოღების ინიციატივით გამოდიან

18 სექტემბერი, 2017 11:48

დღეს „რეპუბლიკურმა პარტიამ“ და „ლიბერალურმა ხაზმა“ ექსპერტებთან ერთად მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტები წარუდგინეს მედიას. მათგან ერთ-ერთია „სამოქალაქო კონტრაქტი პარტნიორობის შესახებ“. 

„რესპუბლიკელები" მიიჩნევენ, რომ კანონში უნდა განიმარტოს, რა ქონებრივი ურთიერთობები წარმოეშობათ [ლგბტ] პირებს რეგისტრირებული პარტნიორობის ხელშეკრულების დადების შემდეგ. მათი აზრით, ამ შემთხვევაში, უპრიანია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-1171-ე მუხლების ადაპტირება რეგისტრირებული პარტნიორების ხელშეკრულებისთვის, რომელიც განსაზღვრავს მეუღლეთა ქონებრივ ურთიერთობებს ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ როგორც მეუღლეებს, ასევე პარტნიორებს უნდა მიეცეთ საქორწინო ხელშეკრულების  დადების შესაძლებლობა.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ ევროპაში ქორწინებასა და სამოქალაქო კავშირს შორის განსხვავება მდგომარეობს შემდეგში: სამოქალაქო კავშირის შემთხვევაში სახელმწიფო არ ცნობს შვილად აყვანის უფლებას ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის.

დოკუმუნტში ვკითხულობთ: 

„მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო კავშირი აღიარებს ერთნაირსქესიანთა ურთიერთობას ლეგალურად, ის არ არის ქორწინების თანასწორი.

ქორწინება არის სამართლებრივი სტატუსი, რომელსაც ანიჭებს სახელმწიფო ხელისუფლება წყვილებს, ხოლო როდესაც ადამიანები ქორწინდებიან, ის აღიარებულია მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსა და ქვეყანაში.

სამოქალაქო კავშირი ასევე არის ლეგალური სტატუსი, რომელიც წყვილებს სახელმწიფოს მიერ მეტწილად ისეთივე დაცვის მექანიზმებით უზრუნველყოფს, როგორითაც ქორწინებისას. მაგალითად, აშშ-ში ქორწინება ანიჭებს მეუღლეებს კონკრეტულ უფლებება-მოვალეობებს  და უზრუნველყოფს დაცვითი მექანიზმებით, რაც გულისხმობს 1100-ზე მეტი უფლებისა და დაცვის მექანიზმების არსებობას, რომელიც მოიცავს სოციალურ უზრუნველყოფას, ვეტერანთა დაცვას, ჯანმრთელობის დაზღვევას, სამედიცინო დახმარების ფედერალურ სისტემას, საავადმყოფოში ვიზიტს, უძრავ ქონებაზე საგადასახადო შეღავათებს, საპენსიო დანაზოგს, პენსიას, საიმიგრაციო კანონებს და ა.შ.  

განსხვავდება ევროკავშირის ქვეყნების დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, უნდა გავითვალისწინოთ:

  • რომელ კონკრეტულ ქვეყანაში შეუძლია პირს სამოქალაქო კავშირში შესვლა

  • აღიარებს თუ არა ქვეყანა იმ სამოქალაქო კავშირს, რომელიც დაიდო საზღვარგარეთ

  • სამოქალაქო კავშირი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული უფლებებით აღჭურავს პირებს

მაგალითად, საკუთრების უფლება სოციალური დახმარების უფლება არაერთგვაროვნად არის აღიარებული ევროპის ყველა ქვეყანაში.

თუმცა ის ქვეყნები, რომლებშიც სამოქალაქო კავშირი დაკანონებულია, აღიარებენ საზღვარგარეთ წარმოშობილ მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებს. სამოქალაქო კავშირი ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში არის ქორწინების ტოლფასი ან ქორწინების მსგავსი სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება.

ქვეყნები, სადაც აღიარებულია სამოქალაქო კავშირი, როგორც ქორწინების ეკვივალენტი, ანიჭებენ პირებს მსგავს საიმიგრაციო უფლებებს: რეგისტრირებულ პარტნიორს შეუძლია, წაჰყვეს საკუთარ პარტნიორს იმ ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობს ერთ-ერთი მათგანი.

ევროპაში ქორწინებასა და სამოქალაქო კავშირს შორის განსხვავება მდგომარეობს შემდეგში: სამოქალაქო კავშირის შემთხვევაში სახელმწიფო არ ცნობს შვილად აყვანის უფლებას ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის.

საერთაშორისო პრაქტიკა

ევროპაში ნათლად შეინიშნება ერთნაირი სქესის მქონე წყვილების სამართლებრივი აღიარების ტენდენცია. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ ჰომოსექსუალი წყვილების აღიარებისთვის საჭირო სამართლებრივი ნორმების არარსებობა არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს - „პირადი ცხოვრების და ოჯახური ცხოვრების უფლებას“.

სამოქალაქო კონტრაქტი აღიარებულია ევროპის შემდეგ ქვეყნებში, რომელთაგან ზოგიერში ერთნაირი სქესის ადამიანებს შორის ქორწინება კონსტიტუციითაა აკრძალული:

სამოქალაქო კავშირს აღიარებს:

ანდორა (2014); ავსტრია (2010); გერმანია; ესტონეთი (2016); იტალია (2016);  კვიპროსი (2015); ლიხტენშტეინი (2011);  საბერძნეთი (2015); სლოვაკეთი (2006);  უნგრეთი (2009); შვეიცარია (2007);  ჩეხეთი (2006); ხორვატია (2014).

კონსტიტუცია კრძალავს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას:

ბელორუსია (1994); ბულგარეთი (1991); ლატვია (2006); ლიტვა (1992); მოლდავეთი (1994); პოლონეთი (1997); სერბეთი (2006); სლოვაკეთი (2014); სომხეთი (2015); უკრაინა (1996); უნგრეთი (2012); ჩერნოგორია (2007); ხორვატია (2013).

უნგრეთსა და ხორვატიაში კონსტიტუცია კრძალავს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, თუმცა აღიარებულია სამოქალაქო კონტრაქტი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წლების განმავლობაში, განიხილავდა საქმეებს, რომელიც ეხებოდა ერთნაირსქესიანი წყვილების აღიარებას წევრ სახელმწიფოებში. სასამართლომ თქვა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მოითხოვს წევრი სახელმწიფოებისაგან, უზრუნველყონ ერთნაირსქესიანი წყვილების სამართლებრივი/ლეგალური აღიარება, თუმცა ეს არ გულისხმობს ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარებას.

2010 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „შალკი და კოპფი ავსტრიის წინააღმდეგ“  დაადგინა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარების ვალდებულება არ აქვს წევრ სახელმწიფოს, თუმცა პირველად მოხდა ერთნაირსქესიანთა წყვილის, როგორც ოჯახის, აღიარება.

2013 წელს ამავე სასამართლომ საქმეზე „ვალიანატოსი და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის სამოქალაქო კავშირზე (კონტრაქტზე) უარის თქმა მაშინ, როცა სამოქალაქო პარტნიორობა დაიშვება სხვადასხვა სქესის ადამიანებს შორის, არღვევს კონვენციას.

2015 წელს საქმეზე „ოლიარი და სხვები იტალიის წინააღმდეგ“ სასამართლომ აღიარა, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, უზრუნველყოს ერთნაირსქესიანი წყვილების სამართლებრივი აღიარება და რომ, შესაბამისად, იტალიამ დაარღვია კონვენცია.

რაც შეეხება სამართლებრივ აქტს, თუ რა სახით იქნა აღიარებული და დაკანონებული სამოქალაქო კავშირი -  საბერძნეთმა 2015 წლის 22 დეკემბერს მიიღო სამოქალაქო პარტნიორობის აქტი, იტალიამ 2016 წლის 5 ივნისს - ცალკე კანონი სამოქალაქო კავშირის შესახებ, რომლის საფუძველზეც შევიდა შესაბამისი ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში, ესტონეთში მიიღეს ცალკე კანონი თანაცხოვრების შესახებ (კოჰაბიტაცია), უნგრეთმა 2009 წელს მიიღო კანონი რეგისტრირებული პარტნიორობის შესახებ.

სამოქალაქო კონტრაქტის ადაპტირება საქართველოში

იმისათვის რომ ლგბტ წყვილების პირადი და ქონებრივი უფლებები უზრუნველყოფილი იყოს, უნდა მოხდეს მათთვის სამართლებრივი გარანტიების მიცემა; საჭიროა, საქართველოს სახელმწიფომ დაარეგულიროს მათ შორის წარმოშობილი ურთიერთობები. ჩვენი ხედვა ეფუძნება ესტონურ პრაქტიკას.

რეგისტრირებული პარტნიორობის ხელშეკრულება რეკომენდებულია, მიიღებულ იქნეს, როგორც ცალკე კანონი. ამას რამდენიმე სიმბოლური დატვირთვა აქვს. თუ რეგისტრირებული პარტნიორობის ხელშეკრულებას მივიღებთ, როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ერთ-ერთ თავს, მაშინ მისი ადგილი იქნება სახელშეკრულებო სამართალში, რადგან ეს არის ხელშეკრულება, მაგრამ ამ კანონმა უნდა მოაწესრიგოს ერთნაირსქესიან წყვილთა პირადი და ქონებრივი ურთიერთობები, შესაბამისად, ივარაუდება, რომ მისი ადგილი საოჯახო სამართალშია, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეხუთე წიგნი ეხება საოჯახო სამართალს, რომლის პირველი კარი ქორწინებას ეხება. შესაბამისად, უნდა შეიცვალოს მთლიანად მეხუთე კარი. უნდა განისაზღვროს ქორწინებისა თუ პარტნიორობის ხელშეკრულების ადგილი, მაგრამ, რადგან ჩვენი მიზანია, რომ პარტნიორის ხელშეკრულება ეხებოდეს მხოლოდ ქონებრივ და პირად უფლებებს და არა შვილად აყვანას, ამიტომ უპრიანია მიღებულ იქნეს ცალკე კანონი, ისევე როგორც „ანტიდისკრიმინაციული“ კანონი.

უნდა განისაზღვროს, ვის შეუძლია რეგისტრირებული პარტნიორობის ხელშეკრულების დადება. აქ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1107 მუხლი - პირთა ასაკი და თანხმობა, 1120 მუხლი - ქორწინების დამაბრკოლებელი პირობები.

კანონში უნდა განიმარტოს, რა ქონებრივი ურთიერთობები წარმოეშობათ პირებს რეგისტრირებული პარტნიორობის ხელშეკრულების დადების შემდეგ. ამ შემთხვევაში, უპრიანია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-1171-ე მუხლების ადაპტირება რეგისტრირებული პარტნიორების ხელშეკრულებისთვის, რომელიც განსაზღვრავს მეუღლეთა ქონებრივ ურთიერთობებს ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ როგორც მეუღლეებს, ასევე პარტნიორებს უნდა მიეცეთ უფლება საქორწინო ხელშეკრულების  დადების შესაძლებლობა.

როგორც ესტონურ კანონში, ასევე საქართველოს კანონში რეგისტრირებული პარტნიორების შესახებ უნდა გაკეთდეს ჩანაწერი პარტნიორთა ურთიერთრჩენის ვალდებულების შესახებ (სსკ 1182-1186).

არ უნდა იქნეს გათვალისწინებული მშობლის საალიმენტო ვალდებულებები, რადგან რეგისტრირებული პარტნიორობის ხელშეკრულების თანახმად პარტნიორებს არ ენიჭებათ ერთმანეთის შვილების შვილად აყვანის უფლება (ესტონურ კანონში ეს შესაძლებლობა დაშვებულია).

პარტნიორს უნდა მიეცეს გარდაცვლილი პარტნიორის შვილზე მეურვეობის, მზრუნველობისა და მხარდამჭერად ყოფნის უფლება.  

პარტნიორს უფლება აქვს, უარი თქვას გარდაცვლილი პარტნიორის შვილის მეურვეობასა და მზრუნველობაზე, რა შემთხვევაშიც ობლად დარჩენილ არასრულწლოვანზე გავრცელდება არსებული სახელმწიფო ზრუნვის ვალდებულება.

პარტნიორებს უნდა შეეძლოთ ერთმანეთის გვარის მიღება, როგორც ეს მეუღლეების შემთხვევაში ხდება.

პარტნიორებს შორის ძალადობა უნდა დაკვალიფიცირდეს ოჯახურ ძალადობად, ამიტომ სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა მუხლის შენიშვნაში უნდა შევიდეს ცვლილება და როგორც მეუღლე, ასევე პარტნიორი ამ მუხლის მიზნებისთვის უნდა მიიჩნეოდეს ოჯახის წევრად.

რეგისტრირებული პარტნიორობის ხელშეკრულების რეგისტრაცია უნდა მოხდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში. შესაბამისად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის კანონის მე-4 მუხლის, მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტში უნდა დაემატოს: „რეგისტრირებული პარტნიორობის ხელშეკრულების დადებისა და გაუქმება“ (2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებებია : დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, რეგისტრირებული პარტნიორობის ხელშეკრულების დადებისა და გაუქმების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია;)“. 

პარტია პროექტის ფარგლებში მომზადებული სხვა თემების შესახებ პრეზენტაციას უახლოეს მომავალში გეგმავს.

ბერძენიშვილი: პარტია სანამ არ განახევრდა, შეუძლებელი იყო სამოქალაქო კონტრაქტზე საუბარი

კორძაია სამოქალაქო კონტრაქტზე: თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ასეთი ინიციატივები წარმოვადგინოთ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^