Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კორძაია სამოქალაქო კონტრაქტზე: თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ასეთი ინიციატივები წარმოვადგინოთ

18 სექტემბერი, 2017 14:41

„რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივნის, თამარ კორძაიას თქმით, ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა ქორწინების შესახებ დაგეგმილმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა კიდევ უფრო გააუარესა. როგორც კორძაიამ „ლიბერალს" უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა თანასწორობის მუხლი გაასწორეს, კონსტიტუციაშივე თანასწორობის საწინააღმდეგო დებულება ჩაიწერა.

დღეს „რეპუბლიკურმა პარტიამ“ და „ლიბერალურმა ხაზმა“ ექსპერტებთან ერთად მომზადებული პოლიტიკის ორი დოკუმენტი წარუდგინეს მედიას. მათგან ერთ-ერთია „სამოქალაქო კონტრაქტი პარტნიორობის შესახებ“. 

„ამ შემთხვევაში ჩვენ გავითვალისწინეთ ვითარება, რომ კონსტიტუციაში ჩანაწერი შეიძლება გახდეს ირიბი მოწოდება კიდევ ერთხელ ლგბტ ადამიანების საზოგადოებისგან გარიყვის და მივიჩნევთ, რომ ვალდებულები ვართ, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. ეს [ოჯახთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა] არ არის პირველი შემთხვევა მსოფლიოში, როდესაც სახელმწიფო და ხელისუფლება პოპულისტურად იქცევა და უმრავლესობის „გასახარებლად“ იღებს მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებას, მაგრამ სხვა სახელმწიფოებმა, სადაც ეს მოხდა, მონახეს გზა და ისინი წავიდნენ სამოქალაქო კონტრაქტის გზით. ჩვენც ვფიქრობთ, უკვე საკმაოდ მომწიფდა სიტუაცია, უკვე საგანგაშოა ვითარება. ამ საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც აქ ცხოვრობენ, დაინახონ თავიანთი სამართლებრივი გარანტიები ჩვენს ქვეყანაში, იგრძნონ თავი უფრო მეტად დაცულად. ჩვენ, პოლიტიკური პარტია, რომელსაც გვინდა, რომ მოვიდეთ ხელისუფლებაში, თავს ვალდებულად ვგრძნობთ, რომ ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობენ, ფაქტობრივი ურთიერთობები აქვთ, ამ ფაქტობრივ ურთიერთობებს ჰქონდეთ სამართლებრივი გამყარება“, - ამბობს თამარ კორძაია 

შეკითხვაზე, რა გზებით აპირებენ „რესპუბლიკელები“ წინადადების ინიცირებას, თამარ კორძაია ამბობს, რომ უკვე შემუშავებულია კანონპროექტის სამუშაო ვერსია, რომელიც დასახვეწია და საჭიროებს შესაბამის ჯგუფებსა და სპეციალისტებთან განხილვას.

„ჩვენ ძირითადად  ვითვალისწინებთ ესტონურ მოდელს.  ჩვენი ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია ევროპის სასამართლო პრეცედენტებთან, სადაც ევროპის სასამართლო ამბობს, რომ შესაძლოა, ქორწინება არ იყოს მაინცდამაინც თანასწორობის უზრუნველმყოფი ნორმა, მაგრამ ეს არის, რომ მათ უნდა ჰქონდეთ სხვა ტიპის სამართლებრივი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა და ჩვენ მივყვებით ევროპის სასამართლო პრაქტიკას. თუ ხელისუფლება ვერ ხედავს ადამიანებს, ჩვენ როგორც „რესპუბლიკური პარტია“, პარტია, რომელსაც სურს, რომ ეს ქვეყანა იყოს პროგრესული, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, რომ მსგავსი ინიციატივები წარმოვადგინოთ“, - ამბობს „რესპუბლიკელების" პოლიტიკური მდივანი.

შეკითხვაზე, ითვალისწინებს თუ არა დოკუმენტი ერთნაირსქესიანთა წყვილებისთვის შვილის აყვანის უფლების მინიჭებას, კორძაია პასუხობს:

„მაშინ განსხვავება ქორწინებასა და სამოქალაქო კონტრაქტს შორის არ იქნება. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვიტყოდი, რომ ეს (სამოქალაქო კოტრაქტი) არის ყველაზე რეალისტური ჩვენს საზოგადოებაში. მინდა, ერთ რამეს გავუსვა ხაზი; იქ, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებულია, საზოგადოება მენტალურად მზად არის ამ ყველაფრისთვის, მაგალითად, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ ამერიკის მოსახლეობის 60%-ისთვის სულ ერთია, დაშვებული იქნება, თუ არა და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ სოციალური კონტექსტი საქართველოში; იმიტომ, რომ ვფიქრობ, სოციალური კონტექსტი არის საკმაოდ მძიმე, აგრესიული და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღაცის უფლებები უნდა დავთმოთ. ვფიქრობ, საქართველოში ამ სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით, სამოქალაქო კონტრაქტი არის ყველაზე ადეკვატური ნაბიჯი“, - ამბობს თამარ კორძაია

პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, „რესპუბლიკელები" მიიჩნევენ, რომ კანონში უნდა განიმარტოს, რა ქონებრივი ურთიერთობები წარმოეშობათ [ლგბტ] პირებს რეგისტრირებული პარტნიორობის ხელშეკრულების დადების შემდეგ. მათი აზრით, ამ შემთხვევაში, უპრიანია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-1171-ე მუხლების ადაპტირება რეგისტრირებული პარტნიორების ხელშეკრულებისთვის, რომელიც განსაზღვრავს მეუღლეთა ქონებრივ ურთიერთობებს ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ როგორც მეუღლეებს, ასევე პარტნიორებს უნდა მიეცეთ საქორწინო ხელშეკრულების  დადების შესაძლებლობა. 

დოკუმუნტში განმარტებულია, რომ ევროპაში ქორწინებასა და სამოქალაქო კავშირს შორის განსხვავება მდგომარეობს შემდეგში: სამოქალაქო კავშირის შემთხვევაში სახელმწიფო არ ცნობს შვილად აყვანის უფლებას ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^