„შევხვდით „მეტრო სითის" მენეჯერს, რომელმაც გვითხრა, რომ მშენებლობიდან არც ერთი მუშა გათავისუფლებული არაა და უახლოეს დღეებში, შევძლებთ სამსახურში დაბრუნებას", - ამის შესახებ „იბერალს" „მეტრო სითიში" დასაქმებულმა მუშამ, ავთო ონიანმა უთხრა.
რამდენიმე დღის წინ ბათუმში „მეტრო სითის" მშენებლობაზე ორი მუშა დაიღუპა. ავთო ონიანი ჰყვება, რომ მიცვალებულების პატივის მისაგებად, მათივე ოჯახების თხოვნით, სამსახურში რამდენიმე დღე არ გამოცხადდნენ. უკან დაბრუნებულ 200-მდე მუშას კი სამშენებლო ობიექტის კარი დაკეტილი დახვდათ და მუშაობის გაგრძელება ვერ მოახერხეს.
ამის გასაპროტესტებლად, ბათუმში კომპანიასთან დღეს მუშები, რკინიგზის ახალი პროფესიული კავშირების წარმომადგენლები, „აუდიტორია 115-ის წევრები“ და ადგილობრივი მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი კომპანიის მენეჯერს შეხვდნენ, აუხსნეს მდგომარეობა. მშენებლობაზე დასაქმებული ავთო ონიანი ამბობს, რომ კომუნიკაციის პრობლემა იყო და მენეჯერი დაჰპირდათ, რომ უახლოეს დღეებში მათ სამსახურში დაუძახებენ.
„მეტრო სითის“ გენერალური დირექტორის, რაულ კახაძის თქმით, კომპანიას მუშები არ გაუთავისუფლებია. კომპანიას სჭირდებოდათ სამუშაო ადგილზე სხვა თანამშრომლების დამატება და რეალურად, ეს იყო სამუშაო პროცესის დროებით შეჩერების მთავარი მიზეზი: „მუშები არ გაგვითავისუფლებია, უბრალოდ, მშენებლობა რამდენიმე დღით შეწყდა და ეს არ უკავშირდება სამსახურში მუშების რამდენიმედღიან არყოფნას".
„აუდიტორია 115-ის წევრი“, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე ადმინისტრაციას მუშებისთვის განაცდური საათების ანაზღაურებაც მოსთხოვეს.
ამის შესახებ რაულ კახაძე გვპასუხობს, რომ ხელფასი 10-დან 15 რიცხვამდე ირიცხება და განაცდური საათების ანაზღაურებაზე მუშებთან სწორედ ამ პერიოდში დაილაპარაკებენ.