Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: 25 წელში გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღებიდან წამყვან რეფორმატორად ვიქეცით

22 სექტემბერი, 2017 12:07

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიას სიტყვით მიმართა.

როგორც პრემიერი აცხადებს, წელს აღინიშნება გაეროში საქართველოს გაწევრების 25-ე წლისთავი.

„ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ წარმატებით გარდავქმენით ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღებიდან წამყვან რეფორმატორად, რომელიც ახლახან აირჩიეს ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარედ. ამ მოვალეობის შესრულებას საქართველო იწყებს იმავე ხედვით, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ შინ  - ყურადღების ცენტრში ყოველთვის მოქალაქეები არიან.

საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ღია მმართველობის პარტნიორობა შეუწყობს ხელს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. ეს განსაკუთრებით ეხება მე-16 მიზანს, ეს არის მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა", - აცხადებს პრემიერი.

კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

„ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მიერ თავისი გეოსტრატეგიული ინტერესების გატარების საქმეში, რაც გულისხმობს ქვეყნის გარდაქმნას ბიზნესის წარმოების რეგიონულ ცენტრად, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას დიდი მნიშვნელობა აქვს მომსახურების სწრაფი მიწოდების უზრუნველსაყოფად ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტურიზმი და ლოგისტიკა, ასევე - პროდუქციის მისაწოდებლად ბაზარზე", - თქვა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„გამოწვევებით, მიმდინარე და გაყინული კონფლიქტებით, სახელმწიფოთა და სხვათა მხრიდან აგრესიით აღსავსე დღევანდელ მსოფლიოში არც საქართველოა გამონაკლისი.  და აქაც ჩვენი პოლიტიკის ცენტრში ჩვენი მოქალაქეები დავაყენეთ. გაეროს წევრებმა კარგად იციან, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას, რითაც არღვევს არაერთ საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც მას აკისრია, მათ შორის, უშიშროების საბჭოსა და გაეროს გენერალური ასამბლეის ათობით რეზოლუციას.

2017 წლის დასაწყისში რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისა დაფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა. მან გააფორმა ე.წ. „შეთანხმებები ინტეგრაციის შესახებ“ და ხელი მოაწერა „ხელშეკრულებებს“ დე-ფაქტო ხელისუფლებებთან, რათა რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა სისტემებმა შთანთქან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. მოსკოვმა გაააქტიურა საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონის მილიტარიზაცია.

რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა საოკუპაციო ხაზების განმტკიცება მავთულხლართების, სანგრების, ე.წ. სასაზღვრო ნიშნულებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების მეშვეობით. მავთულხლართები კი ზოგიერთის კარ-მიდამოს უბრალოდ შუაზე ჰყოფს.

დაუცველი ჯგუფები, რომლებიც აქამდე, მაგალითად, სამედიცინო დახმარების მისაღებად, ან ბავშვები, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულ მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მისაღებად გადმოდიოდნენ მეორე მხარეს, დღეს ამას ვეღარ ახერხებენ, რადგან ე.წ. გადამკვეთი პუნქტები დაიხურა. ამასობაში კი, რუსეთი აგრძელებს მოძრაობაზე რეაგირებისა და სხვა სახის ტექნოლოგიების გამოყენებას, რათა მოიპოვოს სრული კონტროლი მთლიანად საოკუპაციო ხაზების გაყოლებაზე.

საქართველო მტკიცედ ემხრობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. საქართველოს მთავრობა ზედმიწევნით ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამდგომლობით ხელმოწერილი შეთანხმების პირობებს. მან არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების შესახებ დებულების ერთგულება. რუსეთისგან საპასუხო მოქმედებას ადგილი ჯერ არ ჰქონია.

საქართველოს მუდმივი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზების მოძიებისკენ, დამოწმებულია არაერთი ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საჭიროა დაჩქარდეს კონფლიქტებისმშვიდობიანი გზით  მოგვარება, და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", - ამბობს კვირიკაშვილი.

როგორც პრემიერი ამბობს, საქართველო აგრძელებს აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო ოპერაციებში, ავღანეთის ჩათვლით, ასევე ევროპის კრიზისების მართვის ოპერაციებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.

„2014 წელს საქართველო გახდა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის წევრი და შეუერთდა სამ შესაბამის სამუშაო ჯგუფს - ფინანსირების წინააღმდეგ, გზავნილების წინააღმდეგ და უცხოელი ტერორისტების წინააღმდეგ მოქმედ ჯგუფებს. საქართველო შეუერთდა გაეროს 14 ანტიტერორისტულ კონვენციას, ასევე ევროპულ კონვენციას ტერორიზმის აღკვეთის შესახებ და პირნათლად ასრულებს თავის ვალდებულებებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^