Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

2016-17 წლებში ქვეყანაში შემოსვლაზე უარის მიმღებთა უმრავლესობა აზერბაიჯანის მოქალაქეა

25 სექტემბერი, 2017 13:42

როგორ ებრძვის სამოქალაქო საზოგადოებასა და განსხვავებულ აზრს აზერბაიჯანის ხელისუფლება, დაცულია თუ არა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი აქტივისტების უფლებები და რა საშიშროების წინაშე არიან ისინი - რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ამ საკითხებზე ანგარიშს აქვეყნებს. 

ანგარიშის თანახმად, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციების დაშლის ტენდენციით და ათობით უფლებადამცველის, აქტივისტისა და ჟურნალისტის დაკავებით 2014 წელი გამორჩეული იყო. ამისთვის კი აზერბაიჯანის მთავრობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემას იყენებს, რის შედეგადაც, ადგილობრივი აქტივისტები 100-ზე მეტ პოლიტიკურ პატიმარს ითვლიან.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2014 წლის სადამსჯელო ღონისძიებების დაწყების შემდეგ დევნის შიშით არაერთმა აზერბაიჯანელმა აქტივისტმა და ჟურნალისტმა დატოვა ქვეყანა და ბევრი მათგანი საქართველოში ჩამოვიდა. 

„თუმცა აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის მჭიდრო ურთიერთობების გამო, აზერბაიჯანიდან დევნილი პირები უსაფრთხოების მაღალი რისკების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს ორი ქვეყანა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული სავაჭრო ურთიერთობებში და მჭიდროდ თანამშრომლობს უსაფრთხოების საკითხებზე. ორივე მათგანი დაინტერესებულია რუსეთის გავლენისა და ეკონომიკური დომინირების შემცირებით. აზერბაიჯანის მთავრობამ 1997 წლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკაში 2.1 მილიარდ დოლარზე მეტი ჩადო და საქართველოში 90 პროცენტი ბუნებრივი აირის მომწოდებელია. 2016 წელს აზერბაიჯანის ინვესტიციები შეადგენდა სრულად უცხოური პირდაპირი დაფინანსებების 35 პროცენტს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზურუმის ნავთობსადენის დასრულება 2006 წელს, ასევე სამხრეთის ბუნებრივი აირის კორიდორი - 45 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, რომლის დამთავრებაც 2020 წელს არის დაგეგმილი და ევროპას ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით მიაწოდებს - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი ორმხრივი ურთიერთობისთვის“,- წერენ ავტორები. 

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2017 წლის მაისში აფგან მუხთარლის გატაცებამ ორი ქვეყნის ხელისუფლებების გარიგებაზე ეჭვი წარმოშვა, ამან კი საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ აქტივისტებზე ცუდად იმოქმედა. 

„აფგანი ამბობს, რომ ის პოლიციელის სამსახურებრივ ფორმაში გამოწყობილმა ქართულ ენაზე მოსაუბრე პირებმა მოიტაცეს, ცემეს და წაიყვანეს საზღვარზე, სადაც მათ ის აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლებს გადასცეს. ეს ბრალდებები მნიშვნელოვან კითხვებს ბადებს ქართველ სამართალდამცველებთან მიმართებით. გადამწყვეტია, მთავარმა პროკურატურამ, რომელსაც აფგანის საქმის გამოძიება ევალება, ეფექტური გამოძიება ჩაატაროს და მისი შედეგები საჯარო გახადოს.“

ანგარიშის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელთა თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ჟურნალისტებს - გულნურ კაზიმოვას და აფგან მუხთარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას, ასევე, პოლიტიკურ აქტივისტებს ვიდადი ისგენდერლის და დაშგინ აღალარლის და სხვა აზერბაიჯანიდან დევნილ პირებს უთვალთალებდნენ, ავიწროებდნენ, ემუქრებოდნენ. მათი აღქმით, ისინი აზერბაიჯანის ხელისუფლების აგენტები იყვნენ. ერთ-ერთი აზერბაიჯანიდან დევნილი პირი საუბრობდა ქართველი სამართალდამცავების მხრიდან ფარული მეთვალყურეობის ფაქტებზეც.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ქართველ სამართალდამცავებს აღნიშნულ ბრალდებებზე ეფექტიანი გამოძიება არ უწარმოებიათ. უფრო კონკრეტულად, ანგარიშის ავტორების მიერ შესწავლილ არც ერთ საქმეში აზერბაიჯანელი დევნილების მიერ მომხდარი ფაქტების შესახებ  გამოძიების ინფორმირებას არ მოჰყოლია დამნაშავის იდენტიფიცირება, მით უფრო, მათი დაკავება.

„საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, დაიცვას მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ყველა პირის, როგორც მისი მოქალაქეების, ასევე სხვების უფლებები. გარკვეულ გარემოებებში, ეს ვალდებულება მოიცავს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, გამოიძიოს ბრალდებები, მათ შორის მესამე პირების მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ. ეს პროცესუალური ვალდებულება მოითხოვს დამოუკიდებელი და სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას, რომელზე ინფორმაციაც ხელმისაწვდომია მსხვერპლებისა და მათი ოჯახებისთვის. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, პირის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე, შესაძლოა გავრცელდეს პოზიტიური ღონისძიებების განხორციელების ვალდებულებაზე, დაიცვას მის ტერიტორიაზე ყველა პირი მესამე პირების მიერ განხორციელებული შევიწროებისა და სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი სხვა ქმედებებისგან“.

ანგარიშის თანახმად, ამას ემატება ისიც, რომ აზერბაიჯანიდან დევნილ პირებს ბინადრობის ნებართვაზე და ლტოლვილის სტატუსზე  წარდგენილ არაერთი განცხადებაზე ეთქვათ უარი საეჭვო საფუძვლებით, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საჯარო წესრიგის ბუნდოვნად ფორმულირებული საფრთხეების არგუმენტით. ამ არგუმენტის გარეშე უარი ეთქვათ პოლიტიკურ აქტივისტს, დაშგინ აღალარლის და მის შვილს. თანაც იმ ვითარებაში, როცა განცხადების განმხილველი უწყება აღიარებდა დაშგინის სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში არსებულ საფრთხეებს.

ანგარიშის თანახმად, აზერბაიჯანის მოთხოვნის საფუძველზე დაშგინი უკვე ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირია და მას სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში დევნის საფუძვლიანი შიში აქვს. არასამთავრობოთა შეფასებით, აზერბაიჯანელი დისიდენტებისთვის ლტოლვილის სტატუსზე საქართველოს სახელმწიფოს თვითნებური უარი (მათ შორის ბინადრობის ნებართვასა და ქვეყანაში შესვლაზე) პრობლემურია საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისითაც.

„აზერბაიჯანელ აქტივისტებს უარს ეუბნებიან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე, რაც, როგორც ჩანს, შერჩევითი მიდგომაა მათ მიმართ, ვინც აზერბაიჯანის მთავრობის საჯარო კრიტიკით გამოირჩევიან. მაგალითად, აზერბაიჯანელი აქტივისტი/რეპერი ჯამალ ალი, რომელმაც მოიპოვა ლტოლვილის სტატუსი და 2012 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს, 2017 წლის აპრილში თბილისის აეროპორტში საქართველოში შემოსვლაზე ეთქვა უარი. საქართველოს მთავრობის მიერ მოწოდებული სტატისტიკის საფუძველზე, ნახევარზე მეტი იმ პირთაგან, ვისაც 2016 – 2017 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა აეკრძალა, აზერბაიჯანის მოქალაქეა“.

ანგარიშის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები შემდეგი რეკომენდაციების შესასრულებლად:

  • ჩაატაროს სრულყოფილი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიება აფგან მუხთარლის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით გატაცების ბრალდებებზე; გაასაჯაროოს გამოძიების შედეგები; უზრუნველყოფილი იქნეს დანაშულის ჩამდენი პირების  მიმართ  გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება;
  • მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი აფგან მუხთარლსა და მის ცოლს;
  • ჩაატაროს ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიება საქართველოში აზერბაიჯანელი დევნილების მუქარის, შევიწროების და თავდასხმის ბრალდებებზე; უზრუნველყოფილი იქნეს დანაშულის ჩამდენი პირების  მიმართ  გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება;
  • აღმოფხვრას წარმომავლობისა და პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე აზერბაიჯანელი დისიდენტებისთვის ლტოლვილის სტატუსზე, ბინადრობის ნებართვასა, და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარის თქმის პრაქტიკა;
  • საფუძვლიანად გადახედოს ლტოლვილის სტატუსის მაძიებელელი იმ პირების განცხადებებს, რომელთაც უარი ეთქვათ საიდუმლო ინფორმაციის საფუძველზე.
  • ცვლილებები შეიტანოს კანონში ისე რომ ბინადრობის ნებართვებზე კანონი შეიცავდეს მკაფიო და ზუსტ ფორმულირებებს და უზრუნველყონ რომ პრაქტიკაში უსაფრთხოების საფუძვლები თვითნებურად არ გამოიყენებოდეს.
  • განმარტოს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის აკრძალვის მიზეზები
  • მაქსიმალურად უზრუნველყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ადამიანის უფლებების დამცველების და სხვა დისიდენტების, მათ შორის აზერბაიჯანის მოქალაქეების დაცვა და უსაფრთხოება საქართველოს ტერიტორიაზე;
  • მოახდინოს დროული რეაგირება და აწარმოოს ეფექტური გამოძიება ფარული მეთვალყურეობის, მუქარის, თავდასხმების და შევიწროების სხვა ფორმების შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე პირების განცხადებებზე;
  • უზრუნველყოს დაუბრკოლებელი წვდომა სამართლებრივი დაცვის მექანიზმებზე მათთვის, ვინც გამოძიებას აწვდის ინფორმაციას ფარული მეთვალყურეობის, მუქარის, თავდასხმის ფაქტებისა და მათ წინააღმდეგ გამოყენებული შევიწროების სხვა ფორმების შესახებ, განსაკუთრებით დაზარალებულის სტატუსის მინიჭებით, სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებულ საიდუმლო ინფორმაციის სტატუსის არმქონე ინფორმაციაზე სრული წვდომით და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებით; 
  • ჩაატაროს ეფექტური გამოძიება აფგან მუხთარლის გატაცებაში ქართველი სამართალდამცავების მონაწილეობის შესახებ; იმსჯელოს აფგანის საქმეზე მიმდინარე გამოძიების სისხლის სამართლის კოდექსის 143.2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე (პირის საზღვარგარეთ გაყვანა) გადაკვალიფიცირებაზე;
  • ლტოლვილის სტატუსზე განცხადებებზე უარის დროს წარმოადგინოს შესაბამისი დასაბუთება კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებსა და კანონმდებლობაზე მითითებით;
  • უზრუნველყოს წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე და უფლება სამართლიან სასამართლოზე, რომელიც გულისხმობს საიდუმლო ინფორმაციის საფუძველზე ლტოლვილის სტატუსზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებების სასამართლოს ეფექტურ და საფუძვლიან გადასინჯვას;  და
  • პირებს, რომელთაც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ეკრძალებათ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომელთანაც საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს დაწესებული, მკაფიო, ზუსტი და დეტალური წერილობითი განმარტება მიაწოდოს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით კი ევროკავშირს, ევროპის საბჭოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოებს

  • გამოიყენონ ყველა საშუალება შევიწროების, მუქარის, ფარული  მეთვალყურეობის და ზეწოლის სხვა ფაქტებზე რეალური და ეფექტური გამოძიების პრობლემის, მათ შორის აფგან მუხთარლის გატაცების საკითხის საჯაროდ თუ არასაჯაროდ დაყენებისთვის;  
  • მოუწოდონ საქართველოს ხელისუფლებას მაქსიმალურად უზრუნველყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის აზერბაიჯანის მოქალაქეების დაცვა და უსაფრთხოება, ასევე ადამიანის უფლებების დამცველებისა და სხვა დისიდენტების ლეგიტიმური და მშვიდობიანი საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელება საქართველოს ტერიტორიაზე;
  • მოუწოდონ საქართველოს ხელისუფლებას, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების და ბინადრობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული პრაქტიკები საერთაშორისო სამართლით ნაკისრ სახელმწიფო ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

NDI-მ თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) აგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა. ორგანიზაციის განცხადებით,&n ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

კაშია ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ...

არნემის „ვიტესის“ ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ ლგბტ ადამიანების მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშ ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

ჯოზეფ სმიტი კედლებს საკუთარი საარჩევნო პ ...

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი კედლებს საკუთარი საარჩევნო პლაკატებისგან ასუფთავ ...
^