Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბექა მინდიაშვილი ხრიზოსტომის სინოდის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ეკლესიის ცნობის შესახებ

27 სექტემბერი, 2017 18:18

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოქმედი ე.წ. ალანიის ეპარქია ერთ-ერთმა ბერძნულმა ეკლესიამ აღიარა.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი „ლიბერალთან" საუბარში განმარტავს, რომ ბერძნული ხრიზოსტომის სინოდი განხეთქილებაშია მართლმადიდებელი ეკლესიების ყველაზე დიდ ოჯახთან, რომელიც შედგება 15 მართლმადიდებელი ეკლესიისგან.  მას არ ცნობს თავად საბერძნეთის ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესიაც. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, რაიმე აღიარებას მართლმადიდებელი ეკლესიების ამ ოჯახისთვის არანაირი ფასი არ აქვს.

ბექა მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ რეალურად ხრიზოსტომის სინოდი მეორეხარისხოვანი მოთამაშეა, მთავარი კი რუსეთის ინტერესებია საქართველოში, რასაც „მესამე ხელის“ მეშვეობით ატარებს, ისე, რომ პირდაპირ კონფრონტაციაში არ შემოდის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

„90-იანი წლების მიწურულს აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა, თუ რა სტატუსით იარსებებდა სამხრეთ ოსეთში ის მართლმადიდებელი თემი, რომელიც ფორმალურად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შედის. იმის გამო, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ სურდათ, ეღიარებინათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია ისევე, როგორც აფხაზეთში, დაიწყეს მოლაპარაკება რუსეთთან, რომ მოსკოვის საპატრიარქოს მიერთებულიყო სამხრეთ ოსეთის მართლმადიდებელი, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან სქიზმატური (განხეთქილებაში მყოფი) თემი.

 რამდენადაც რუსეთის საპატრიარქოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მიაჩნია ძვირფას მონაპოვრად და ზოგადად რუსული გავლენის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტად საქართველოში, მას არ სურს, რაიმე წინააღმდეგობაში მოვიდეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან. მეორე მხრივ, თუკი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია რაიმე ნაბიჯებს გადადგამს ოსური ან აფხაზური მართლმადიდებელი თემის მიერთების საქმეში, ამას მოჰყვება საპირისპირო პროცესი. რაც გულისხმობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპასუხო ნაბიჯს და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას. ამიტომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ერიდება ამ ნაბიჯის გადადგმას. თუმცა თავად ოსები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მოლაპარაკებაში, აცხადებდნენ, რომ სწორედ რუსული ეკლესია დაეხმარებოდა მათ სქიზმატური ეკლესიის მხრიდან აღიარების მოპოვებაში“, - განმარტავს ბექა მინდიაშვილი.

ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ ეს განხეთქილებაში მყოფი ეკლესია აღმოჩნდა ხრიზოსტომის სინოდი, რომელმაც ჯერ ეპარქიად  გამოაცხადა (ე.წ. ალანიის ეპარქია) სამხრეთ ოსეთის მართლმადიდებლური თემი, რამდენიმე დღის წინ კი ავტონომიურ (თვითმმართველ) ეკლესიად.  

მისივე თქმით, ერთი მხრივ, უსიამოვნო ფაქტია ის, რომ საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე მოქმედებს მასთან განხეთქილებაში მყოფი სხვა ეკლესია, რომელიც არსებულ ეთნიკურ და პოლიტიკურ კონფლიქტს იყენებს იმისათვის, რომ საკუთარი იურისდიქცია დაამყაროს,  მეორე მხრივ კი ე.წ. ალანიის ეპარქიის აღიარება არაფერს არ ნიშნავს, ვინაიდან ეს არ არის კანონიკური ანუ დიდი მართლმადიდებელი ოჯახის ნაწილი.

„მთავარია, დავინახოთ ის გზები, რომლითაც რუსეთი მოქმედებს საქართველოში. არა მხოლოდ პირდაპირი ჩარევით, არამედ მას შეუძლია სხვა ეკლესიების გამოყენებაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესების წინააღმდეგ. სამწუხაროა ის, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ამას ან ვერ ხედავს ან არ სურს, დაინახოს, რომ  შესაბამისად შეაფასოს ეს მოვლენა“, - ამბობს ბექა მინდიაშვილი.

მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ მართებული იქნება, თუკი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია გაწყვეტს კავშირს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან და დაუპირისპირდება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებს, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. მისივე თქმით, მას შეუძლია, თავისუფლად გადადგას ნაბიჯი ესტონეთისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების აღიარებისკენ, რაც ამ ეკლესიებთან მიმართებით, ისტორიული სამართლიანობის აღდგენა იქნება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ნოემბერი
21 ნოემბერი

დემონსტრანტების სასამართლო მძიმე დარღვევ ...

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვის პროცესში მოსამართლე უგულვებელყოფდ ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

ზვიად ძიძიგური ახალი ფრაქციისთვის კონსერ ...

„კონსერვატიული პარტიის“ პარტიის თავმჯდომარემ და პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა უმრავლესობ ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

დემონსტრანტებმა ბოქლომი სასამართლოშიც მი ...

ოპოზიციური პარტიებისა და მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები „ბოქლომის დადების“ პერფომანსის მოსაწყობ ...
^