Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დებილო!“, „დაუნო“, „სახედრებო“ - როგორ მიმართავენ უფროსები მოსწავლეებს

17 ოქტომბერი, 2017 15:45

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრმა 2016–2017 სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ სპეციალური ანგარიში მოამზადა.

მონიტორინგის შედეგებმა ცხადყო, რომ საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენცია, შემთხვევათა დროული გამოვლენა, დაცვისა და დახმარების ღონისძიებების ეფექტიანი განხორციელება.

უფრო კონკრეტულად კი, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები უფროსებისა და თანატოლების მხრიდან; მოსწავლეთა შორის ბულინგი არასრულწლოვანთა ურთიერთობის ფართო მასშტაბით გავრცელებული ფორმაა; სუსტია მოსწავლეთა ცოდნა თავიანთი უფლებების შესახებ, ამასთან, დაბალია პასუხისმგებელ პირთა კომპეტენცია ბავშვის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობაზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით, შესაბამისად, არ ხორციელდება ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მიმართული რეაგირება; არასაკმარისია ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისებიც.

სკოლის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული ძალადობა

მონიტორინგის პროცესში 83 ფოკუსჯგუფიდან 78-ში ბავშვებმა აღნიშნეს, რომ მათ მიმართ აღინიშნება როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობა. მოსწავლების თქმით, ეს მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეთა არასასურველ ქცევაზე რეაგირების გავრცელებული ფორმაა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 5 ფოკუსჯგუფში ბავშვებმა მხოლოდ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ მასწავლებლების მხრიდან ფიზიკური ან ვერბალური სახის ძალადობრივი რეაგირება უმეტესად მაშინ ხდება, როდესაც წესებს ბიჭები არღვევენ. ბიჭები და გოგონები ადასტურებენ, რომ ბიჭები უფრო მკაცრად ისჯებიან.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მოსწავლეების მიერ უფროსების მხრიდან მათდამი დამამცირებელი მიმართვის დასახელებული ფორმებია: „დებილო!“, „სულელო“, „უჭკუო“, „დაუნო“ „ლაწირაკო“, „უტვინოებო, ბატებო, ჩლუნგებო“, „სახედრებო“, „თახსირშვილებო“, „ნუ წკავწკავებთ ძაღლებივით“, „დედა ნახე, მამა ნახე...“, „თქვენ ყველანი ციხეში ამოლპებით“, „ეშმაკსაც წაუღიხართ“,„ოჯახში არ იზრდები?!“, „ჩემი შვილი რომ იყო, საჭმელს არ გაჭმევდი“, „შენი მშობლის ადგილზე სახლიდან არ გამოგიშვებდი“, „ტყვილა ცვითავ ტანსაცმელს“, „სისხლი გაგიშრათ თქვენ“, „მათხოვრებო“, „დეგენერატებო“, „საღორეში იზრდებით“,„წადით და დებილ დედებს უთხარით ყველაფერი“.

გარდა ამისა, ბავშვები საუბრობენ ფიზიკური ძალადობის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა ყურის აწევა, თმის მოწიწკნა/მოქაჩვა, პწკენა, ხელით შეხება/დარტყმა, მოსწავლის ფეხზე და კუთხეში დაყენება, ბეჭდიანი ხელით დარტყმა, სახაზავის ან ჯოხის დარტყმა, წიგნის ჩარტყმა, პირადი ნივთის დაზიანება, გარდა ამისა, დასვენებაზე საკლასო ოთახში დატოვება. მათი თქმით, ასეთი რეაგირება შეიძლება მოჰყვეს გაკვეთილზე გადალაპარაკებას, ხმაურს, გაკვეთილზე დაგვიანებას, დავალების შეუსრულებლობას და სხვა დისციპლინურ დარღვევებს.

გარდა ამისა, ფოკუს ჯგუფებში, ცალკეულ შემთხვევებში გამოვლინდა პედაგოგების მხრიდან არასათანადო დამოკიდებულება ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის მოსწავლეთა მიმართ.

რაც შეეხება ინტერვიუებს დირექციის წარმომადგენლებსა და მანდატურებთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რიგ შემთხვევებში გამოიკვეთა დისკრიმინაციული მიდგომები ზოგიერთი არასრულწლოვნის, მაგალითად, დაუნის სინდრომის მქონე, მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარის ან სოციალურად დაუცველი ბავშვის მიმართ.

ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ სკოლის თანამშრომლები მოსწავლეების მიმართ ძალადობის ფაქტებზე მოსწავლეებთან შედარებით უფრო „მსუბუქად“ საუბრობენ, ამასთან, მათი პასუხები აჩვენებს, რომ მოსწავლეების ჩაგვრა/დამცირება/ძალადობა მარტო სკოლაში კი არა, სკოლის გარეთაც (ოჯახი) ხდება.

შემთხვევათა მხოლოდ 15.7%-ში (267 შემთხვევა) ამბობენ სკოლის თანამშრომლები, რომ თავიანთი პროფესიული საქმიანობის დროს ბავშვის მიმართ ძალადობის რაიმე ფორმა არ შეუნიშნავთ. შემთხვევათა 2.4%–ში პასუხს თავი აარიდეს. დანარჩენ შემთხვევებში მეტ-ნაკლები სიხშირით უთითებდნენ, რომ ბავშვები გამხდარან ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ეკონომიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

მონიტორინგის ფარგლებში სახალხო დამცველის რწმუნებული საქართველოს მასშტაბით 109 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ეწვია. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, ამ მიმართულებით, საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში, პირველად შემოწმდა. მონიტორინგი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „ბავშვის უფლებების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება“, ფარგლებში ჩატარდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^