Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართულ არჩევნებში ბრიტანელის საარჩევნო კამპანია ველოსიპედით

20 ოქტომბერი, 2017 18:27

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბრიტანელი ჟურნალისტიც მონაწილეობს. თბილისში, საბურთალოს რაიონში კენჭს იყრის ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი, რომელმაც ქართულ მედიასთან ერთად BBC-ის ყურადღებაც მიიპყრო. „ლიბერალი“ გთავაზობთ ბრიტანული გამოცემის სტატიას დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატზე:

21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ოღონდ წელს ადგილობრივ არჩევნებში უჩვეულო კანდიდატიც მონაწილეობს. წარმოშობით დიდი ბრიტანეთიდან, ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა საქართველოში ბოლო ხუთი წელი იცხოვრა. ახლა კი ახალ ქვეყანაში ცვლილებებისთვისაც იბრძვის - საარჩევნო კამპანიით ველოსიპედზე.

ჯოზეფის კარიერაში უჩვეულო ცვლილება მოხდა - ყოფილი ბიბლიოთეკარი ლონდონიდან ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრის კენჭს. ის პირველი ბრიტანელი კანდიდატია თბილისის საკრებულოს წევრობის მარათონში.

„იდუმალი ქვეყნის აღმოჩენის შემდეგ - ტალღოვანი ანბანითა და უცნაური საჭმელით, როგორიცაა, მაგალითად, პური ყველის შიგთავსით“ სმიტი საქართველოში ჩამოვიდა და, როგორც ამ ქვეყნის ბევრ სტუმარს ემართება ხოლმე, ისიც მოიხიბლა ამ მხარით. ახლა ჯოზეფი საარჩევნო კამპანიას ატარებს საბურთალოზე, თავის უბანში. საარჩევნო კამპანიას ველოსიპედითა და კარდაკარ სიარულით, თავი პერსონალურად რომ წარუდგინოს თითოეულ პოტენციურ ამომრჩეველს. მისი თქმით, ამ დროს ყველაზე გავრცელებული რეაქცია გაკვირვებაა. გაოცება მისი ცოდნის დონით იმ ენაში, რომელიც სმიტის აზრით, „სასწავლად ყველაზე რთული ენაა მსოფლიოში“.

„მოდი, ჩამეხუტე!“ - ეუბნება კარდაკარის დროს, 82 წლის ნანა ქავლაშვილი, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ჯოზეფ სმიტი ბრიტანელია. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ კარგად იცი ქართული, დიდი შთაბეჭდილება მოახდინე ჩემზე!“ - დასძენს ქავლაშვილი.


მისი ქართულის ცოდნა ხშირად აკვირვებს ხალხს
ფოტო: რეიჰან დიმიტრი

მომდევნო ბინაში კი ჯოზეფთან დაბინძურებული ჰაერის გამო ჩივიან. ფანჯრების გაღება აღარ შეგვიძლია, კვამლისგან ვიხრჩობითო, ამბობენ. ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა თბილისში. ქალაქში, ოფიციალური მონაცემებით, მთელი ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს. მაგრამ, არაოფიციალური რიცხვებით, აქ მცხოვრებთა და მომუშავეთა რაოდენობა 3.7 მილიონიანი ქვეყნის 40%-ზე მეტსაც კი აღწევს.

„ჩემი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ჰაერის უფლება. არა მხოლოდ სუფთა ჰაერის სუნთქვის შესაძლებლობა, ფანჯრიდან გახედვისას, შენს წინ მხოლოდ მშენებარე კონსტრუქციის ცივი ბეტონი არ უნდა ჩანდეს.“ - ამბობს სმიტი. როგორც ჩანს, ამ პრობლემებით დაინტერესება ჯოზეფის ჟურნალისტურმა საქმიანობამაც გამოიწვია. სმიტი საქართველოში მუშაობისას თბილისის ისტორიულ სადარბაზოებსა და ინტერიერებზე წერდა. „მე ჩართული ვიყავი აქტივისტებთან ერთად ქაოსური მშენებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ფონზე დავინტერესდი, როგორ მუშაობდა საკრებულო, რატომ იყო ასეთი საშინელი მაჩვენებლები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნგრევისა და ქალაქის ცენტრში ტერიტორიების პრივატიზებისა.“ - ამბობს სმიტი.


ჯოზეფ სმიტი მონაწილეობას საპროტესტო აქციაში უსაფრთხო გზებისთვის
ფოტო: ჯოზეფ სმიტის ფეისბუქ გვერდი

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიცია აპროტესტებდა თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას, ქალაქის ცენტრში მიეყიდათ ტერიტორია იმ კომპანიისთვის, რომელსაც აქტიურად უკავშირებენ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს. ოპოზიციონერი აქტივისტების თქმით, კორუფციის ნიშანი იყო ისიც, რომ მიწა სიმბოლურ ფასად 1 ლარად (31 პენსი) გასხვისდა. ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილება დაიცვა და ეს ამბავი „ქალაქისთვის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინვესტიციად“ შეაფასა.

ქალაქში, სადაც სამშენებლო ბუმია და მასიური კორპუსები წვიმის შემდეგ ამოსული სოკოებივით მრავლდება, სმიტის გზავნილს ბევრი მიესალმება.

ამის მიუხედავად, ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტიდან მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება არ ეყოს სმიტს გამარჯვებისთვის. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ევროკავშირისკენ სწრაფვა და ე.წ. „ევროპიზაციის“ პროცესი დაიწყო, მე მაინც არ მგონია, რომ ჩვენი საზოგადოება მზადაა ამგვარი კანდიდატისთვის. ეს სულ ახალი ხილია ჩვენთვის.“ - ამბობს კაკაჩია.

სმიტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღებამ და არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებამ, ზოგიერთი სულაც დააეჭვა, რომ ის უცხოეთის ჯაშუშიც შეიძლება იყოს. მაგალითად, თავის Facebook-ის გვერდზე, სმიტს ასეთი კომენტარიც დაუწერეს: „მე ვფიქრობ, რომ შენ რუსები გაფინანსებენ ბრიტანეთიდან და სომხებისთვის იბრძვი.“

თუმცა კორნელი კაკაჩიას აზრით, ჯოზეფ სმიტს გამარჯვების მცირე შანსი მაინც აქვს. „ხალხი დაიღალა პოლიტიკაში ძველი მოთამაშეებით და ახალი სახეების ნახვა სურთ.“ - ამბობს კაკაჩია.


ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატია
ფოტო: რეიჰან დიმიტრი

21 ოქტომბერს მთავარი ბრძოლა თბილისის მერობისთვის გაიმართება. 13 კანდიდატს შორის არის ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძეც, რომელსაც მმართველი გუნდისა და ივანიშვილის მხარდაჭერა აქვს.

სმიტი ამბობს, რომ დამოუკიდებლობა პარტიებისგან მისი სიძლიერეა და გამარჯვების შემთხვევაში ის ხალხის ხმის მიტანას ეცდება საკრებულოში. „ხალხს აინტერესებს, რომ ნახონ ეს ბრიტანელი. მნახონ უცხოელი, რომელიც ქართულად საუბრობს. როგორც კი საინფორმაციო ბუკლეტებს ხედავენ, მაშინვე ხვდებიან, რომ ქართული სახელი არ არის.“ - ჰყვება სმიტი. „მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ, გავცდე ჩემს იდენტობასა და ეთნიკურობას. ეს არის ის, რისთვისაც აქ ვარ - არა როგორც მოსიარულე ცირკი, არამედ კანდიდატი ადგილობრივ არჩევნებში, რომელსაც ცვლილებები სურს.“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^