Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კოალიცია: იუსტიციის საბჭოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი მიკერძოების ეჭვს ბადებს

20 ოქტომბერი, 2017 13:33

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის მორიგი ეტაპი ხარვეზებით მიმდინარეობს, – ამის შესახებ განცხადებას კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ავრცელებს. 

მათი შეფასებით, გასაუბრების ეტაპზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ საბჭოს განახლებული შემადგენლობაც ვერ ახერხებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის მიუკერძოებლად წარმართვას და ხშირ შემთხვევაში ეს პროცესი ფორმალურ ხასიათს ატარებს. ამასთან, გასაუბრებისას მოსამართლეებს არათანაბარი სირთულის შეკითხვები უსვამდნენ და ზოგიერთი კანდიდატის მიმართ ფავორიტიზმის ნიშნები იყო. 

განცხადების ავტორები განმარტავენ, რომ საბჭო იმ კანდიდატებს, რომლებიც ამავდროულად სასამართლოს თავმჯდომარეები არიან, პროფესიულ შეკითხვებს ფაქტობრივად არ უსვამდა. მაშინ როდესაც სხვა კანდიდატებს ძირითადად ამ სახის შეკითხვებზე უწევდათ პასუხის გაცემა.

„სასამართლოს თავმჯდომარეებს ძირითადად მენეჯერულ უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით უხდებოდათ საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ფასდებოდა მათი არა თავმჯდომარედ, არამედ მოსამართლედ უვადოდ გამწესების საკითხი. კანდიდატს, რომელიც ამავდროულად თავად არის საბჭოს წევრი და ერთ-ერთი სასამართლოს თავმჯდომარე, ერთადერთი პროფესიული შეკითხვით მიმართა საბჭოს პრეზიდენტის კვოტით დანიშნულმა წევრმა. შეკითხვა შეეხებოდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაში აბსოლუტური უფლებების დასახელებას. ვახტანგ მჭედლიშვილის შეკითხვამ საბჭოს წევრების დიდი ნაწილის აშკარა გაღიზიანება გამოიწვია. საბჭოს ზოგიერთი წევრი აქტიურად ცდილობდა კანდიდატს დახმარებოდა, თუმცა მან საბოლოოდ მარტივ პროფესიულ შეკითხვაზე მცდარი პასუხი გასცა"- ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც კოალიციაში აცხადებენ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ კონვენციის მინიმალური ცოდნა ვერ გამოავლინა იმ კანდიდატმა, რომელიც ამავდროულად საბჭოს წევრია და ევალება მოსამართლეთა დანიშვნისას თავად შეაფასოს სხვა მოსამართლეების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ცოდნის დონე.

ასევე, კოალიციის შეფასებით, გასაუბრების პროცესში არაერთხელ დაფიქსირდა მიმანიშნებელი შეკითხვები, როცა კანდიდატისთვის მარტივად ამოსაცნობი იყო საბჭოს წევრისათვის სასურველი პასუხი. ასევე, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც საბჭოს წევრები გამოხატავდნენ წინასწარ განწყობას კანდიდატის მიმართ.

გარდა ამისა, კოალიცია აცხადებს, რომ საბჭოს მოსამართლე წევრებს არამოსამართლე წევრების მიმართ არაეთიკური დამოკიდებულება აქვთ და მათი შეკითხვებით უკმაყოფილოები იყვნენ. 

„გასაუბრების პროცესში საბჭოს წევრების უმრავლესობა არ მალავდა აშკარა უკმაყოფილებას იმ შეკითხვების მიმართ, რომელსაც საბჭოს 2 წევრი (ვახტანგ მჭედლიშვილი, ნაზი ჯანეზაშვილი) უსვამდა კანდიდატებს. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნებოდა როგორც ცინიკური დამოკიდებულება, ასევე ხმამაღალი შელაპარაკებები. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს თავმჯდომარე ასეთ შემთხვევებში უზრუნველყოფდა ყველა წევრისათვის სასურველი შეკითხვის დასმის საშუალებას, ზოგიერთი წევრის არაკოლეგიალური და ხშირ შემთხვევაში, არაეთიკური დამოკიდებულება სრულიად შეუფერებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მაღალ სტატუსთან და აზიანებს აღნიშნული ორგანოსადმი სანდოობის ზრდის პერსპექტივას“.

კოალიციის წევრთა შეფასებით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი მიკერძოების ეჭვს ბადებს და არ არის უზრუნველყოფილი მოსამართლეთა კეთილსინდისიერებისა და კვალიფიკაციის მიხედვით შეფასების შესაძლებლობა. მათი განმარტებით, ამ პირობებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შეფასების პროცესის იმ ნაწილს, რომელიც მოსამართლის საქმიანობის შესწავლას გულისხმობს და რომელზე დაკვირვების საშუალებაც, კანონის თანახმად, საზოგადოების წარმომადგენლებს არ აქვთ.

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხს და მხარი არ დაუჭიროს ისეთი მოსამართლეების დანიშვნას, რომლებიც კვალიფიციურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმების მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ. ამასთანავე, შეიმუშაოს გასაუბრების ეტაპის წარმოების ისეთი სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს ყველა კანდიდატის მიმართ თანასწორ მოპყრობას და ისეთი შინაარსის შეკითხვების დასმას, რომლებიც რეალურად გააჩენს ღირსეული და კვალიფიციური კანდიდატების შერჩევის შესაძლებლობას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლებული შემადგენლობა პირველად განიხილავს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხს. ამ დროისათვის საბჭოში უკვე დასრულდა იმ 38 მოსამართლესთან გასაუბრების ეტაპი, რომელთაც უვადოდ გამწესების შესახებ განაცხადი გააკეთეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^