Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებები დაგმეს

20 ოქტომბერი, 2017 16:55

19 ოქტომბერს ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ინიციატივით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობაზე იმსჯელეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე განცხადება გააკეთა ეუთოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა, რომელმაც ეუთოს მუდმივ საბჭოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მ.წ. 10-11 ოქტომბერს გამართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდის შესახებ.

საქართველოს ელჩმა, თავის განცხადებაში, ვრცლად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობის შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სოფელ ერედვში ეთნიკურად ქართველი დევნილი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მასიურად განადგურების ფაქტზე და აღნიშნული  შეაფასა, როგორც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ქართული კვალის გაქრობის მიზანმიმართული მცდელობა და ეთნიკური წმენდის გაგრძელება.

საქართველოს წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და კონსტრუქციული დიალოგისკენ.
 
სხდომაზე განცხადებები გააკეთეს ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა. ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ: იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ნორვეგია, უკრაინა და მოლდოვა.

გამომსვლელებმა ერთხმად გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.  

ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლების მიერ აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის საგნობრივი განხილვის აუცილებლობაზე.

ევროკავშირის წარმომადგენელმა თავის განცხადებაში დადებითად შეაფასა მონაწილეთა მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით დისკუსიების გაგრძელება და აღნიშნა, რომ ხსენებულ განცხადებასთან ერთად უნდა მოხდეს ახალი საერთაშორისო მექანიზმის შექმნა ადგილზე უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად. ამასთან, ხაზგასმულ იქნა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურისა და ძალის არსებობის პირობებში, რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების მკაფიო ვალდებულების აღების საჭიროება.

ევროკავშირის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის სამხედრო წვრთნების გახშირების თაობაზე, ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის მიმდინარეობასა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე სასაზღვრო გამშვები პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვაზე, სოფელ ერედვში ეთნიკურად ქართველი დევნილი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მასიურად განადგურების ფაქტსა და  გალის რაიონში ქართველი მოსახლეობის ეთნიკურ დისკრიმინაციაზე.

ევროკავშირის წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობა ადგილზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ამასთან, მოუწოდა რუსეთის ფედერაციას  2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ და ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში შესვლის აუცილებლობას.
 
აშშ-ის წარმომადგენელმა თავის განცხადებაში დაგმო აფხაზეთის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ 2 სასაზღვრო გამშვები პუნქტის დახურვის,  სხვადასხვა ხელოვნური ბარიერისა და სადემარკაციო ნიშნების აღმართვის ფაქტები და აღნიშნა, რომ ამით იზღუდება ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება.
 
ამასთან, აშშ-მ შეშფოთება გამოთქვა სოფელ ერედვში  ქართველი დევნილების სახლების განადგურების ფაქტთან დაკავშირებით  და აღნიშნა, რომ მათ აქვთ თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება.
 
აშშ-ის წარმომადგენელმა  წუხილი გამოთქვა გიგა ოთხოზორიას საქმის გამოძიების შეჩერებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ძირს უთხრის  ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს.

აშშ-ს დელეგაციამ აგრეთვე გამოთქვა წუხილი, რომ ვერც ერთ სამუშაო ჯგუფში ვერ მოხერხდა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების სრულად განხილვა, მათ შორის ვერც იძულებით ადგილნაცვალ პირთა საკითხის, რადგან მეორე სამუშაო ჯგუფში მონაწილეებმა განხილვები კვლავაც დატოვეს და გავიდნენ დარბაზიდან. თავის განცხადებაში აშშ-მ მოუწოდა მონაწილეებს პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმისაკენ, იმისათვის, რომ ჟენევის დისკუსიების შემდეგ რაუნდებზე მოხდეს ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა, მათ შორის იძულებით ადგილნაცვალ პირთა საკითხის. 

შეხვედრაზე აშშ-ს წარმომადგენელმა მოუწოდა მხარეებს კონსტრუქციული მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივ განცხადებაზე შეთანხმების მისაღწევად.

აშშ-მ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^