Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

OSCE/ODHIR: არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები ძირითადად დაცული იყო

22 ოქტომბერი, 2017 17:47

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OODHIR) მოხსენების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები ძირითადად დაცული იყო, კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა მმართველი პარტიის დომინირების ფონზე.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ დღეს ისაუბრა. იხილეთ მოხსენება:

წინასწარი დასკვნები

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები ძირითადად დაცული იყო და კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ. არჩევნების ეფექტიანმა ადმინისტრირებამ და ამომრჩეველთა რეგისტრაციის სიზუსტემ პროცესის ხარისხიანად წარმართვას შეუწყო ხელი. მთლიანობაში არჩევნების კონტექსტი მმართველი პარტიის დომინირების ფონზე იყო ფორმირებული. ადგილი ჰქონდა როგორც ამომრჩევლებზე, ასევე კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტებს, და რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტს. მიუხედავად იმისა, რომ მედია საშუალებები სხვადასხვა პარტიებთან აფილირდებოდნენ, მედიის მზარდმა თავისუფლებამ და აქტიურობამ პოლიტიკური დებატების ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. მთლიანობაში კენჭისყრის დღემ მოწესრიგებულად ჩაიარა, თუმცა ხმების დათვლის დროს მცირე პროცედურული ხასიათის დარღვევები დაფიქსირდა.

საკანონმდებლო ჩარჩო ყოვლისმომცველია და ადეკვატურ საფუძველს ქმნის არჩევნების დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად ჩასატარებლად. თუმცა კვლავ სახეზეა ამომრჩეველთა და კანდიდატთა უფლებების შეზღუდვები, ისევე როგორც შეუსაბამობები და ნაკლოვანებები. 2017 წლის ივლისში განხორციელებული ცვლილებები ძირითადად ტექნიკური ხასიათის იყო და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და ევროპის საბჭოს მთავარ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) ხელმძღვანელობით საარჩევნო ადმინისტრაცია დროულად, ეფექტურად და პროფესიონალურად მუშაობდა. მართალია, ცესკო ზოგადად დაინტერესებული მხარეების ნდობით სარგებლობდა, თუმცა ზოგიერთმა ოპოზიციურმა კანდიდატმა საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობა ეჭვის ქვეშ დააყენა, განსაკუთრებით საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის კუთხით. ცესკოს სწავლების ცენტრმა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე საინფორმაციო ტრენინგები ჩაატარა. ცესკომ ამომრჩეველთა ინფორმირების ყოვლისმომცველი კამპანია აწარმოა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად გარკვეული ნაბიჯები გადადგა.

ხელისუფლებამ ამომრჩეველთა სიების გასაუმჯობესებლად თანაზომიერი ძალისხმევა გასწია. დაინტერესებული მხარეები ზოგადად ნდობას გამოხატავდნენ სიების სიზუსტესთან და ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით. ამომრჩევლებს საკუთარი რეგისტრაციის გადამოწმებისა და შესწორების საკმარისი შესაძლებლობა ჰქონდათ. საარჩევნო კოდექსში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების შედეგად 5,014 ამომრჩეველს რეგისტრაციის თავიდან გავლის შესაძლებლობა მიეცა. გარდა ამისა, არჩევნებში მონაწილობისთვის იძულებით გადაადგილებულ პირთა მოწმობების გამოყენება აღარ არ არის სავალდებულო. თუმცა დაახლოებით 1,800 ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა, რაც სახელმწიფო რეესტრში მათი ფოტოების ცუდი ხარისხით ან ფოტოების არარსებობით იყო გამოწვეული.

ცესკომ და საოლქო საარჩევნო კომისიებმა პროპორციული არჩევნებისთვის 27 პარტიისა და ბლოკის მიერ წარმოდგენილი 591 სია, 369 მერობის კანდიდატი და 4,727 მაჟორიტარობის კანდიდატი დაარეგისტრირა. რეგისტრაციის პროცესი ინკლუზიურად და გამჭვირვალედ ჩატარდა. არჩევნებამდე საქართველოში ორი წლის მანძილზე ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნის საარჩევნო კოდექსიდან ახლახან ამოღებამ კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესის ინკლუზიურობას შეუწყო ხელი. ქალი კანდიდატები უმეტესწილად არასაკმარისად იყვნენ წარმოდგენილი. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა დამოუკიდებელ კანდიდატებსაც მიეცათ. გარკვეული რაოდენობის სუბიექტმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, ზოგიერთმა მათგანმა გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზეწოლის შედეგად.

თბილისის გარეთ წინასაარჩევნო კამპანია მთლიანობაში ნაკლები აქტიურობით გამოირჩეოდა, რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტის მიუხედავად იგი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. მართალია, ფუნდამენტური თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო და არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ მმართველი პარტიის მხარდაჭერის მიზნით საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებზე ზეწოლის ფაქტები დააფიქსირა, რაც ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. ასევე გავრცელდა ინფორმაცია ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ.

არჩევნებში მონაწილე სუბიექტების სასარგებლოდ გაკეთებულ შემოწირულობებს შორის არსებულმა მნიშვნელოვანმა სხვაობამ თამაშის თანაბარი პირობები დაარღვია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობა ევალებოდა, პროფესიონალურად იმუშავა. თუმცა ფინანსური ანგარიშების შემოწმების და არჩევნების დღემდე დასკვნების გამოქვეყნების საბოლოო ვადების არარსებობამ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭირვალობა შეზღუდა. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) რეკომენდაციების უმრავლესობა ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული.

მედიის თავისუფლების კუთხით ხელშესახები გაუმჯობესება შეინიშნება, თუმცა სამაუწყებლო მედია საშუალებები პოლარიზებულია და ისინი პოლიტიკურად აფილირებულად აღიქმება. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მედია მონიტორინგმა აჩვენა, რომ მედიის ძირითადი ნაწილი არჩევნებში მონაწილე მთავარ სუბიექტებზე აკეთებდა აქცენტს. მედია მათ საკუთარი გზავნილების გადმოსაცემად მრავალ შესაძლებლობას სთავაზობდა, მათ შორის, დებატების, თოქ-შოუების და რეკლამების სახით, რაც ამომრჩევლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევდა. იმის ფონზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების გამოშვებებში არჩევნების კრიტიკული და ანალიტიკური კუთხით გაშუქება არ ხდებოდა, ყველაზე პოპულარული მაუწყებლების „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის მიდგომები წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, და კონკრეტული პოლიტიკური მხარის სასარგებლოდ იხრებოდა.

საარჩევნო დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩო რთული და ზედმეტად შემზღუდავია. არჩევნების დღემდე საჩივრების შედარებით ნაკლები რაოდენობა დაფიქსირდა. ცესკოს სხდომებზე საჩივრების განხილვა ღიად და ცესკოს წევრთა ჩართულობით მიმდინარეობდა, კანონით გათვალისწინებული ნორმების დაცვით. თუმცა, საჩივრების შეტანის უფლებებთან დაკავშირებული გარკვეული შეზღუდვები საერთაშორისო ვალდებულებებს და რეკომენდებულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. კანონი იმ საჩივრების დაჩქარებული წესით განხილვას არ ითვალისწინებს, რომლითაც ადმინისტრაციული ზომების მიღებაა მოთხოვნილი, რაც დარღვევებზე რეაგირების ეფექტურობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

ინკლუზიური პროცესის შედეგად ცესკომ 30 საერთაშორისო და 71 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის აკრედიტაცია მოახდინა. საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე მრავალრიცხოვანი დამკვირვებლების და არჩევნებში მონაწილე სუბიექტების წარმომადგენლების მონაწილეობამ არჩევნების გამჭირვალობას შეუწყო ხელი. არჩევნების დღეს ორმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ჯგუფმა ხმების პარალელური დათვლა განახორციელა.

არჩევნებში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი 1,200-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა, ისინი ძირითადად ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში იყრიდნენ კენჭს, მათი 24% ქალი იყო. სიძულვილის ენის, მუქარის და დაძაბულობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ ბიულეტენები და ამომრჩევლებისთვის საჭირო ინფორმაცია ეროვნული უმცირესობების ენებზე უზრუნველყო, გარდა ამისა, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები ეროვნული უმცირესობების ენებზე ჩაატარა

თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე საარჩევნო უბნების გახსნის და ხმის მიცემის პროცესი კარგად ან ძალიან კარგად შეფასდა იმის მიუხედავად, რომ ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობები დაფიქსირდა, მათ შორის იმ ამომრჩეველთა აღრიცხვის, რომელთაც საარჩევნო უბნებზე ხმა უკვე მისცეს.

ხმების დათვლის პროცესი მონიტორინგს დაქვემდებარებული 71 საარჩევნო უბნიდან 11-ში უარყოფითად შეფასდა, რადგან გარკვეულ პროცედურულ დარღვევებს და ზოგიერთ უბანზე კომისიების მხრიდან შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენასთან დაკავშირებულ სირთულეებს ჰქონდა ადგილი. 62 საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების შეჯამების პროცესი ერთის გარდა ყველგან დადებითად შეფასდა. მთელი დღის განმავლობაში საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები აფიქსირებდნენ მედიის წარმომადგენლებად ან ადგილობრივ დამკვირვებლებად რეგისტრირებულ პირებს, რომლებიც სხვადასხვა პარტიებთან ან კანდიდატებთან იყვნენ აფილირებული და ზოგჯერ არჩევნების პროცესშიც ერეოდნენ. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სამ მეოთხედს, ისევე როგორც ამ კომისიების თავმჯდომარეთა 65%-ს ქალები შეადგენდნენ.

წინასწარი მიგნებები

წინაისტორია

21 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩევლებს 64 მუნიციპალური საბჭოს (საკრებულოს) და 64 მერის, (მათ შორის თბილისსა და ოთხ თვითმმართველ ქალაქში, არჩევის შესაძლებლობა ჰქონდათ.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა – 150-დან 115 მანდატი. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27 მანდატი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ კი 6 საპარლამენტო მანდატი მიიღო. რაც შეეხება „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოსა“ და დამოუკიდებელ კანდიდატს, ისინი თითო მანდატითაა პარლამენტში წარმოდგენილი. არჩევნების შემდეგ, პარლამენტის 21- მა წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო“ ჩამოაყალიბა.

„ქართული ოცნების“ მიერ 2017 წლის დასაწყისში შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტმა პოლიტიკურ პარტიებში აზრთა სხვადასხვაობა და პოლიტიკური გარემოს პოლარიზება გამოიწვია.1 პარლამენტში შემავალმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ფართო კონსენსუსის მიღწევა ვერ შეძლეს. 26 სექტემბერს საკონსტიტუციო უმრავლესობამ 117 ხმით აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა; პროტესტის ნიშნად, საპარლამენტო ოპოზიციამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა. 9 ოქტომბერს პრეზიდენტმა შემოთავაზებულ ცვლილებებს ვეტო დაადო, თუმცა 13 ოქტომბერს პარლამენტმა ვეტო 117 ხმით დაძლია.

საარჩევნო სისტემა და საკანონმდებლო ჩარჩო

საკრებულოებში არჩევნები შერეული პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ტარდება. თბილისში საკრებულოს 25 წევრს პროპორციული სიით, ხოლო 25-ს მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ. თვითმმართველ ქალაქებში (ქუთაისი, ფოთი, ბათუმი და რუსთავი) საკრებულოების 15 წევრი პროპორციული სიით, ხოლო 10 კი მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. დანარჩენ 59 მუნიციპალიტეტში 15 წევრი პროპორციული სიებით, ხოლო 1 წევრი მაჟორიტარული სისტემით თითოეული დასახლებიდან აირჩევა, გარდა ამისა, 1-დან 5 მაჟორიტარი თვითმმართველი თემის ადმინისტრაციული ცენტრის წარმომადგენლად. რაოდენობა დამოკიდებულია კონკრეტული თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრის ზომაზე. აღნიშნული ფორმულა თითოეულ დასახლებას საკრებულოში წარმომადგენლობის ყოლის შესაძლებლობას აძლევს, თუმცა ამავე დროს სხვადასხვა საარჩევნო ოლქში მცხოვრები ამომრჩევლების საარჩევნო უფლებების კუთხით მნიშვნელოვან უთანასწორობას იწვევს.

პროპორციულ არჩევნებში ის პარტიები/ბლოკები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების მინიმუმ 4%-ს მიიღებენ, მონაწილეობას იღებენ საკრებულოებში ადგილების გადანაწილებაში. რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ხმების უმეტესობას დააგროვებს. მერების არჩევა პირდაპირი წესით ხდება. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც არჩევნებში ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ ხმების აღნიშნულ რაოდენობას ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს, არჩევნების მეორე ტური საუკეთესო მაჩვენებლების მქონე ორ კანდიდატს შორის არჩევნების ჩატარებიდან 25 დღის განმავლობაში გაიმართება.

ადგილობრივი არჩევნები ძირითადად 1995 წლის კონსტიტუციით, 2011 წელს მიღებული საარჩევნო კოდექსით, 2014 წელს მიღებული ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის აქტებით რეგულირდება. საკანონმდებლო ჩარჩო ყოვლისმომცველია და ადეკვატურ საფუძველს ქმნის არჩევნების დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად ჩასატარებლად. თუმცა კვლავ სახეზეა გარკვეული ნაკლოვანებები და შეუსაბამობები. (იხ. კანდიდატების რეგისტრაციის და წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ქვეთავები).

საარჩევნო უფლებების მხრივ არსებული გარკვეული უადგილო შეზღუდვები შეშფოთების საგანს წარმოადგენს. ამ შეზღუდვებს შორისაა კანდიდატებისთვის საქართველოში მინიმუმ ხუთი წლის მანძილზე ცხოვრების მოთხოვნა, სასამართლოს გადაწყვეტილებით დახმარების მიმღები პირებისთვის და მენტალური პრობლემების გამო სტაციონარში მოთავსებული პირებისთვის საარჩევნო უფლებების სრულად უარყოფა, საარჩევნო საჩივრების წარმდგენ პირებთან დაკავშირებული შეზღუდვები და  უცხოელების, საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების აკრძალვა.

საარჩევნო კოდექსში ბოლო ცვლილებები 2017 წლის ივლისში შევიდა. ცვლილებების უმეტესი ნაწილი ტექნიკური ხასიათის იყო. ამ ცვლილებების შედეგად კანდიდატურასთან დაკავშირებული მოთხოვნები შემსუბუქდა, არარეგისტრირებული ამომრჩევლების რეგისტრაციისთვის კონკრეტული ვადები დაწესდა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისთვის ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა დაინერგა5. თუმცა ამ ცვლილებებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ მანამდე შემოთავაზებული მთავარი რეკომენდაციები გათვალისწინებული არ ყოფილა.

2017 წლის ივნისში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად შვიდ ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთვა და მათ გარშემო არსებულ დასახლებებთან გაერთიანდა6. ამ რეფორმამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე საარჩევნო ოლქების დელიმიტაციაზე. არჩევნებამდე ერთი წელზე ნაკლებ პერიოდში საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩოს ფუნდამენტური ასპექტების ცვლილება საერთაშორისო დონეზე მიღებულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება.

საარჩევნო ადმინისტრაცია

არჩევნების ადმინისტრირება ხორციელდება სამ-დონიანი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან, 73 საოლქო და 3,634 საუბნო საარჩევნო კომისიისგან შედგება8. ყველა დონის საარჩევნო კომისიაში 13 წევრია, აქედან 7 წევრს ის პარტიები წარადგენენ, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ (კვალიფიციური პარტიები).9 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დონეზე კიდევ ხუთ წევრს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან ირჩევს. ხოლო ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურას პრეზიდენტი ასახელებს და მისი არჩევა ცესკოს წევრთა ორი მესამედის მიერ ხდება. პარტიების მიერ დასახელებული წევრების გარდა საოლქო საარჩევნო კომისიებში ცესკოს მიერ ღია კონკურსით შერჩეული ხუთი მუდმივი და ერთი დროებითი წევრია. ამჟამად საუბნო საარჩევნო კომისიებში საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ზემოთხსნებული წესით შერჩეული ექვსი წევრი შედის. ცესკოს სამი წევრი ქალია, მათ შორის, თავმჯდომარე. ცესკოს მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა 62%-ს (საუბნო საარჩევნო კომისიებში ეს მაჩვენებელი 71%-ს აღწევს), ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეთა 36%-ს (საუბნო საარჩევნო კომისიებში ეს მაჩვენებელი 63%-ია) ქალები შეადგენენ.

არჩევნების ადმინისტრირება ყველა დონეზე დროულად, ეფექტურად და პროფესიონალურად განხორციელდა. ცესკო რეგულარულად ატარებდა სხდომებს, რომლებიც ღია იყო აკრედიტებული დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. სხდომების დღის წესრიგი და ოქმები რეგულარულად ქვეყნდებოდა ცესკოს ვებგვერდზე. მართალია, ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა გამჭვირვალე იყო, მაგრამ ცესკო დროდადრო არაფორმალურ მოსამზადებელი ხასიათის შეხვედრებსაც ატარებდა, რაც საკითხთა განხილვის საჯაროობას მნიშვნელოვნად ამცირებდა. მთლიანობაში ცესკოს მიერ გაწეული მუშაობა კოლეგიალურობით და ინკლუზიურობით ხასიათდებოდა. თუმცა კანონის მოთხოვნა, რომელიც ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს არსებით საკითხებზე ინდივიდუალურ რეჟიმში გადაწყვეტილებების მიღებას ავალდებულებს, კოლეგიალურობისა და გამჭირვალობის პრინციპებს ეწინააღმდეგება. სხვა მხრივ საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა აღნიშნული პრინციპების დაცვით მიმდინარეობდა.

მართალია, ცესკო ზოგადად დაინტერესებული მხარეების ნდობით სარგებლობდა, მაგრამ ზოგიერთმა ოპოზიციურმა კანდიდატმა საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობა ეჭვის ქვეშ დააყენა, განსაკუთრებით საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო

საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის კუთხით. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობაზე მცირე რაოდენობის განაცხადი დაფიქსირდა, რამაც საოლქო საარჩევნო კომისიებს არჩევანი შეუზღუდა, რადგან თითოეულ საუბნო საარჩევნო კომისიაში არსებულ ექვს ვაკანსიაზე საშუალოდ რვაზე ნაკლები განაცხადი შევიდა. ცესკოს ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა 60%-ზე მეტს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება გააჩნდა.11 ექვსი საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიებში პერსონალის შერჩევისას გამჭვირვალობის ნაკლებობას ეხებოდა, აქედან ცესკომ საჩივრის შემოტანასთან დაკავშირებული ვადების დარღვევის მოტივით სამი საჩივარი არ მიიღო, ხოლო დანარჩენი სამი საჩივარი კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიიამ არ დააკმაყოფილა.

10-დან 9 შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დანიშნული წევრები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ თანამდებობებზე იყვნენ არჩეული. ის პირები, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიებში პარტიების მიერ იყვნენ დანიშნული და რომელთა შემდგომში ამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ თანამდებობებზე არჩევა მოხდა, ძირითადად ან „ქართულ ოცნებას“ ან მის მოკავშირე პარტიებს წარმოადგენდნენ.

ცესკოს სწავლების ცენტრმა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ტრენინგები ჩაატარა, ელექტრონული სასწავლო პროგრამა შეიმუშავა, ასევე არჩევნების დღის პროცედურებთან დაკავშირებით ბროშურები გამოსცა და ვიდეო რგოლები მოამზადა. ამას გარდა, სწავლების ცენტრში არჩევნებში დაინტერესებული სხვადასხვა მხარის ტრენინგი გაიმართა, მათ შორის, სახელმწიფო მოხელეებისა და ადგილობრივი თანამდებობის პირების, სასამართლო ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლებისთვის. აღნიშნულ ტრენინგებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიც იყვნენ ჩართული. ის სწავლებები, რომლებსაც დაკვირვება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია დააკვირდა, ინფორმაციული და ინტერაქტიული იყო, თუმცა ზოგჯერ ტრენინგებზე დასწრების დაბალი მაჩვენებელი ფიქსირედბოდა.

ცესკომ ამომრჩეველთა რეგისტრაციის შესახებ ამომრჩეველთა ყოვლისმომცველი ინფორმირება უზრუნველყო ამომრჩევლებთან შეხვედრების, ვიდეო რგოლების და ბეჭდური მასალის მეშვეობით, მათ შორის, ეროვნული უმცირესობების და ჟესტების ენაზე. ცესკომ რამდენიმე მისასალმებელი ინიციატივა განახორციელა შეზღუდული

შესაძლებლობების პირების არჩევნებში მონაწილეობის ხელშესაწყობად, მათ შორის, შეიქმნა ადაპტირებული 1,151 საარჩევნო უბანი, სადაც რამდენიმე სპეციალური საარჩევნო ჯიხურია განთავსებული.

ამომრჩეველთა რეგისტრაცია

ხმის მიცემის უფლება არჩევნების დღისთვის 18 წელს მიღწეულ ყველა პირს გააჩნია, გარდა იმ პირებისა, რომელთაც პატიმრობა ხუთ წელზე მეტი ვადით აქვთ მისჯილი. სასამართლოს მიერ დახმარების მიმღებად მიჩნეული პირები სარგებლობენ ხმის მიცემის უფლებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი სტაციონარში იმყოფებიან.

ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი პასიურია. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სხვა შესაბამისი ორგანოების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე ცესკო ამომრჩეველთა სიების შედგენაზეა პასუხისმგებელი. დაინტერესებულმა მხარეებმა ამომრჩეველთა სიების სიზუსტესთან დაკავშირებით მაღალი დონის ნდობა გამოხატეს.

ამომრჩეველთა სიებში პირადობის დამადასტურებელი მოქმედი ბარათის ან ბიომეტრული პასპორტის მქონე ის ამომრჩევლები არიან შეყვანილი, რომლებიც მუდმივ ან დროებით მისამართზე არიან რეგისტრირებული. 2014 წლის შემდეგ თითოეული ამომრჩევლის რეგისტრაციას თან უნდა ახლდეს ციფრული ფოტო. თუმცა 1,831 ამომრჩეველი სიებში იმის გამო ვერ მოხვდა, რომ მათი ფოტოები ცუდი ხარისხის იყო ან აღნიშნული ფოტოები არ მოიპოვებოდა, შესაბამისად, მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვათ, რაც საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.15 ინფორმაციის ნაკლებობის გამო, გარდაცვლილი, უცხოეთში ან საქართველოს ხელისუფლების არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების ამომრჩეველთა სიებიდან ამოღება კვლავ გამოწვევად რჩება.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ამომრჩეველთა გადამოწმების მიზნით კარდაკარ შემოწმება განახორციელა და სახის ამოცნობის სპეციალური კომპიუტერული პროგრამა პოტენციური დუბლირებების ამოსაცნობად გამოიყენა. ამის შედეგად სიიდან 12,274 ადამიანი ამოიღეს, რის შესახებაც მათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან შესაბამისი შეტყობინებები მიიღეს. ივლისში საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მისამართის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის არმქონე ამომრჩევლებს და ასევე იმ პირებს, რომელთა რეგისტრაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გააუქმა რეგისტრაციის თავიდან გავლის შესაძლებლობა მიეცათ. ამ შესაძლებლობით 5,014-მა ამომრჩეველმა ისარგებლა. 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის მათი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით, ამომრჩეველთა სიებში დაახლოებით 199,300 იძულებით გადაადგილებული პირი იქნა შეყვანილი. მათ ვისაც იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი შეჩერებული ჰქონდათ ან ოფიციალური სტატუსი არ გააჩნდათ, ამის შესახებ ეცნობათ და რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა მიეცათ. 2017 წელს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი ბარათები არჩევნებში მონაწილეობისთვის სავალდებულო აღარ არის. პიროვნების დამადასტურებელი ბარათები უფასოდ, სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, გაიცა.

ამომრჩევლებს სიებში საკუთარი მონაცემების გადამოწმების და ამ მონაცემებში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის საკმარისი შესაძლებლობა მიეცათ. 21 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე პერიოდში ამომრჩეველთა წინასწარი სიები საარჩევნო უბნებში და საოლქო საარჩევნო კომისიებში იქნა გამოკრული, გარდა ამისა, ამომრჩევლებს საკუთარი რეგისტრაციის გადამოწმება ინტერნეტის და ასევე მთელს ქვეყანაში განლაგებული 9,500 სწრაფი გადახდის ტერმინალის მეშვეობით შეეძლოთ.16 სულ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა 1,780-მა ამომრჩეველმა ითხოვა. ცესკომ 11 საარჩევნო სუბიექტს და სამოქალაქო საზოგადოების 1 ორგანიზაციას ამომრჩეველთა სიების ციფრული ვერსიები, მათი მოთხოვნის საფუძველზე, კანონის შესაბამისად მიაწოდა.ცესკოს განცხადებით 16 ოქტომბერს რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 3,440,123 პირს შეადგენდა.

კანდიდატების რეგისტრაცია

საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება ხმის მიცემის უფლების მქონე 21 წელს მიღწეულ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია; ხოლო მერობის კანდიდატი მოქალაქე მინიმუმ 25 წლის უნდა იყოს. კანდიდატების მიმართ არჩევნებამდე საქართველოში მინიმუმ ორი წლის მანძილზე ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნის ახლახან გაუქმებამ კანდიდატების რეგისტრაციის პროცესის ინკლუზიურობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. თუმცა, ქვეყანაში ჯამში მინიმუმ ხუთი წლის მანძილზე ცხოვრების მოთხოვნა კვლავ ძალაში რჩება.17 კანონის მიხედვით თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილე კანდიდატები უნდა ფლობდნენ ქართულ ენას; ამგვარი მოთხოვნა სხვა მუნიციპალიტეტებში არ მოქმედებს. თუმცა, ენასთან დაკავშირებული აღნიშნული მოთხოვნა რეალურად არ სრულდება.18 ზოგადად, პროცესში ჩართულმა მხარეებმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას კანდიდატების რეგისტრაციის პროცესის მიმართ კმაყოფილება გამოთქვეს.

არჩევნებში კანდიდატების წარსადგენად პარტიები ცესკოში უნდა იყვნენ რეგისტრირებული. იმ პარტიებს, რომლებსაც წინა საპარლამენტო არჩევნებში არ მიუღიათ მონაწილეობა, დამატებით დაევალათ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება მთელი ქვეყნის მასშტაბით.19 ცესკომ წარდგენილი ხელმოწერები შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების თანდასწრებით გადაამოწმა. ცესკოს ჯამში 38-მა პარტიამ მიმართა, აქედან 36-ის რეგისტრაცია ინკლუზიურად და გამჭირვალედ განხორციელდა, ხოლო ორ პარტიას რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.20 სამ პარტიას პირადი განცხადების საფუძველზე რეგისტრაცია გაუუქმდა.. თერთმეტმა პარტიამ შემდგომში ხუთი საარჩევნო ბლოკი შექმნა, ხოლო 22 პარტია დამოუკიდებლად მონაწილეობს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2016 წელს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დამოუკიდებელ კანდიდატებს, გარდა მაჟორიტარის მანდატის მოსაპოვებლად ბრძოლისა, მერის არჩევნებშიც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად მათ შესაბამის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 1%-ის მხარდამჭერი ხელმოწერები უნდა შეეგროვებინათ. თუმცა პარტიებს ხელმოწერების შესაგროვებლად 60 დღე ჰქონდათ, მაშინ როდესაც დამოუკიდებელ კანდიდატებს ამისთვის 10 დღემდე ვადა განესაზღვრათ.21 თბილისის მერის არჩევნებში სულ ცამეტმა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა, აქედან ერთი დამოუკიდებელი, ხოლო ორი კი ქალი კანდიდატი იყო. ცესკომ და საოლქო საარჩევნო კომისიებმა პარტიების და ბლოკების მიერ ჯამში წარმოდგენილი 591 პროპორციული სია (აქედან 37% ქალი), 396 მერობის კანდიდატი (მათ შორის 13% ქალი) და 4,727 მაჟორიტარობის კანდიდატი (მათ შორის 16% ქალი ) დაარეგისტრირეს.22 ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენმა პარტიამ შეასრულა ნებაყოფლობით გენდერული კვოტა და როგორ, არჩევნების დღემდე ხელმიუწვდომელი იყო.

კანდიდატურების მოხსნის საბოლოო ვადად 9 ოქტომბერი განისაზღვრა, სულ არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა 196 მაჟორიტარობის კანდიდატმა (4%) მოხსნა. ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში კონკურენცია ნაკლებად შეინიშნებოდა ან არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას.23 რამდენიმე დამოუკიდებელმა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა პარტიულ სიაში მოხვედრის სანაცვლოდ მოხსნა. ზოგიერთმა სუბიექტმა საკუთარი კანდიდატურა – მოწოდებული ინფრომაციის თანახმად, ზეწოლის შედეგად მოხსნა. რამდენიმე შემთხვევაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა ამგვარი ინფორმაციის დადასტურება მოახერხა.

წინასაარჩევნო გარემო

წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 22 აგვისტოს დაიწყო. თუმცა არჩევნებში მონაწილე ბევრმა სუბიექტმა თბილისის მერობის კანდიდატების დასახელება და, გავრცელებული ინფორმაციით, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება ამ თარიღამდე ადრე დაიწყო. თბილისის ფარგლებს გარეთ წინასაარჩევნო კამპანია ზოგადად აქტიურობით არ გამოირჩეოდა, თუმცა არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად წინასაარჩევნო კამპანია უფრო ინტენსიური გახდა. ზოგადად, წინასაარჩევნო კამპანია თვალშისაცემი უფრო დიდ ქალაქებში იყო. მთლიანობაში გამოხატვის და შეკრების თავისუფლება დაცული იყო. წინასაარჩევნო ატმოსფერო ზოგადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტის გამოკლებით25

არსებობდა მოსაზრება, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა,ზეწოლის მიმართ დაუცველი საზოგადოების სეგმენტის, მიერ არჩევნების დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს მათ შემოსავლის წყაროზე და მომავალ დასაქმებაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ისმოდა მრავალი ბრალდება სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლების მმართველი პარტიის მხარდასაჭერად მობილიზების და ამ პარტიის წინასაარჩევნო ღონისძიებებში,ხანდახან ზეწოლის შედეგად, მათი მონაწილეობის შესახებ.26 ამან გარკვეული შეშფოთება გამოიწვია საჯარო სექტორში დასაქმებულთა მიერ ხმის თავისუფლად და შურისძიების შიშის გარეშე მიცემის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რაც ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.27 7 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის კომპეტენციის ფარგლებში, დარღვევების არსებობის ფაქტი აღიარა.

პროცესში ჩართულმა რამდენიმე მხარემ მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ ბრალდებები გააჟღერა.28 29 სექტემბერს სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი ჩაატარა, რომელშიც ფეხბურთის ყოფილმა ვარსკვლავებმა და „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა მიიღეს მონაწილეობა. მართალია, ეს კანონდარღვევას არ წარმოადგენდა, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში ამგვარი ღონისძიების ჩატარება დაინტერესებული მხარეების მიერ მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდამჭერ ქმედებად იქნა აღქმული. მერობის ორი კანდიდატის მიმართ ნეგატიური აგიტაციის წარმოების ფაქტები დაფიქსირდა თბილისში.

მმართველმა პარტიამ ფართომასშტაბიანი წინასაარჩევნო კამპანია აწარმოა მრავალი ბილბორდის, გარე რეკლამის და კარდაკარის პრინციპის გამოყენებით მაშინ, როდესაც სხვა პარტიები, მათ შორის, ოპოზიცია ნაკლებად თვალშისაცემ წინასაარჩევნო კამპანიას ეწეოდა. რამდენიმე დამოუკიდებელი კანდიდატი საკუთარ საარჩევნო ოლქებში აქტიურად ატარებდა წინასაარჩევნო კამპანიას. სხვადასხვა პარტიას და ბლოკს, მათ შორის, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „პატრიოტთა ალიანსს“, „ლეიბორისტულ პარტიას“ და „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“ ნაკლებად თვალშისაცემი წინასაარჩევნო აქტივობები და შეზღუდული ფინანსები ჰქონდათ, ისინი ძირითადად სახელმწიფოს დაფინანსებაზე იყვნენ დამოკიდებული.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საარჩევნო სუბიექტები ძირითადად მოსახლეობასთან მცირემასშტაბიანი შეხვედრებით, კარდაკარ აგიტაციით, ბროშურების გავრცელებით და ტრადიციული მედია საშუალებების, განსაკუთრებით ტელევიზიის, ასევე სოციალური მედიის გამოყენებით შემოიფარგლებოდნენ. მართალია, წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაჟღერებული გზავნილები ისეთ საკითხებს ეხებოდა როგორებიცაა ინფრასტრუქტურა, სოციალური დაცვა და უმუშევრობა, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი ნაწილი მაინც კონკრეტული კანდიდატების და არა მათ მიერ შემოთავაზებული პროგრამების გარშემო ტრიალებდა. თბილისის მერობის წინასაარჩევნო კამპანიამ მთელი ქვეყნის ყურადღება მიიპყრო, ამ კამპანიის ფარგლებში ძირითადი კანდიდატები უფრო კონკრეტულ თემებზე დაფუძნებულ პლატფორმებს ეყრდნობოდნენ.

წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება

პარტიების და წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო ძირითადად საარჩევნო კოდექსით და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონით შემოიფარგლება.

მართალია, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები 2017 წლის ივლისში შევიდა, მაგრამ ამ ცვლილებებში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO)-ს მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები გათვალისწინებული არ ყოფილა. დამოუკიდებელი კანდიდატების მიმართებით წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების კუთხით არსებულ დებულებებში შეუსაბამობები კვლავ რჩება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების მარეგულირებელი და ზედამხედველი ორგანოა, ზოგიერთ საკანონმდებლო შეუსაბამობასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

2 ოქტომბერს პარლამენტმა თანამდებობაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი თავმჯდომარე დაამტკიცა, რომელმაც 3 ოქტომბერს თავისი მოადგილეები შეცვალა, რომელთაგან ერთ-ერთი 21 ოქტომბრის არჩევნების განმავლობაში პარტიებისა და წინასაარჩევნო კამპანიების დაფინანსების მონიტორინგზე იყო პასუხისმგებელი. შედეგად, არჩევნებით დაინტერესებულმა რამდენიმე მხარემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ეჭვები გამოთქვა.

საარჩევნო სუბიექტების მიერ მოზიდულ შემოწირულობებს შორის მნიშვნელოვანმა სხვაობამ თანაბარი სათამაშო პირობების ჩამოყალიბება ვერ უზრუნველყო. 1 ივნისიდან 16 ოქტომბრამდე პერიოდში 8 პარტიამ, 4 ბლოკმა და 14 დამოუკიდებელმა კანდიდატმა 887 ინდივიდუალური დონორისგან და 48 იურიდიული პირისგან სულ 12,230,144 ლარის ოდენობის შემოწირულობა მოიზიდა და მათი დეკლარილება მოახდინა.30 „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაკეთებულმა შემოწირულობებმა მთლიანი ოდენობის 91.1% შეადგინა. მაშინ, როდესაც კვალიფიციურ პარტიებს სახელმწიფო დაფინანსების, მათ შორის, წინასაარჩევნოდ გაწეული ხარჯების ანაზღაურების, მიღების უფლება გააჩნიათ,

დამოუკიდებელი კანდიდატების ამგვარი დაფინანსების მიღებს შესაძლებლობას მოკლებული არიან, რაც საერთაშორისო დონეზე მიღებულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება.

არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს არჩევნებში რეგისტრაციის შემდეგ საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ანგარიშის სამ კვირაში ერთხელ წარდგენა ევალებათ. საანგარიშო პერიოდში ორმა პარტიამ და ბლოკმა, ორმა დამოუკიდებელმა მერობის კანდიდატმა და 57-მა დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ანგარიშგებასთან დაკავშირებული აღნიშნული მოთხოვნა არ შეასრულა.32 კანონის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საარჩევნო სუბიექტების მიერ შემოტანილი ფინანსური აგნარიშების შემოწმებისთვის და ამ შემოწმების შედეგების არჩევნების დღემდე გამოქვეყნებისთვის არავითარი კონკრეტული ვადები არ აქვს განსაზღვრული. ამან წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭირვალობის ხარისხი შეამცირა, რაც საერთაშორისო დონეზე მიღებულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება.

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 16 საჩივარი განიხილა, რის შედეგადაც სასამართლომ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული რეგულაციების შეუსრულებლობისთვის ორი საარჩევნო სუბიექტი დააჯარიმა.34 თანხების წარმომავლობის დასადგენად სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 14 დონორთან ჩაატარა გასაუბრება.

რამდენიმე კვალიფიციურმა ოპოზიციურმა პარტიამ შეშფოთება გამოთქვა ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვით სწავლებების დასაფინანსებლად კვალიფიციური პარტიებისთვის სახელმწიფო თანხების გამოყოფა ყოველთვიურად და არა კვარტალურად მოხდებოდა, რაც საერთაშორისო დონეზე მიღებულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება.36 “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, რადგან, მათი აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდში პარტიას არახელსაყრელ პირობებში აყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიხედვით პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიების დასაფინანსებლად საბანკო სესხების მიღება შეუძლიათ, რამდენიმე პარტიის მიერ კომერციულ ბანკებში სესხების მოთხოვნასთან დაკავშირებით შეტანილი განცხადებები უარყოფილ იქნა იმ მოტივით, რომ ამ ბანკების შიდა პოლიტიკა პარტიებისთვის სესხების გაცემის უფლებას არ იძლეოდა.

მედია

მედია მრავალფეროვანია და 92 ტელეარხს (მათ შორის, 12 ეროვნულ საერთო ციფრულ მაუწყებელს), 51 რადიო სადგურს და დაახლოებით 300 ბეჭდურ გამოცემას მოიცავს. ტელევიზია ინფორმაციის მიღების ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, განსაკუთრებით, დედაქალაქის გარეთ. 2015 წელს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, რამაც მედიის ხელმისაწვდომობის ზრდას შეუწყო ხელი, წარმატებად ითვლება. ონლაინ მედიის როლი სტაბილურად იზრდება, განსაკუთრებით, ურბანულ ცენტრებში.

2012 წლის შემდეგ ზოგადად მედიის თავისუფლების მხრივ თვალშისაცემი გაუმჯობესება შეინიშნება. თუმცა ჟურნალისტები კვლავ დაუცველები არიან პოლიტიკური ზეგავლენისგან, კერძოდ კი, სამაუწყებლო მედია პოლიტიკური თვალსაზრისით აღიქმება, როგორც პოლარიზებული და დაყოფილი. გარდა ამისა, მედიის ფინანსური მდგრადობისა და დამოუკიდებლობის კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტში ბოლო დროს განხორციელებულმა ცვლილებებმა მსგავსი შეშფოთება გამოიწვია, რადგან ამ ცვლილებების შედეგად დაიხურა რამოდენიმე სოციალურ-პოლიტიკური შინაარსის პროგრამა, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი, რომელიც პარლამენტის სესიებს პირდაპირ ეთერში გადასცემდა და ასევე, ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებულ პროგრამებს ამზადებდა.

2017 წლის 2 მარტს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელთა ცვლილებას ითვალისწინებდა („რუსთავი 2“ თავისი კრიტიკული და მკვეთრად ოპოზიციური მიმართულებით გამოირჩევა) რამდენიმე ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ გააკრიტიკა, მათ შორის, ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, რომელმაც მედიის პლურალიზმის და დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ საფრთხეებს გაუსვა ხაზი.37 7 მარტს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ შემდგომ შეტყობინებამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეჩერებულიყო და ხელისუფლებას მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან თავი შეეკავებინა. ტელეკომპანია აგრძელებს ფუნქციონირებას, მაგრამ, როგორც ჩანს, მის მფლობელობასთან დაკავშირებული გაურკვევლობის ფონზე არხი ფინანსური შეზღუდვების წინაშე დგას.

მედიის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფს და ცენზურას კრძალავს. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მაუწყებლები ვალდებული არიან კვალიფიციური პარტიების წინასაარჩევნო რეკლამებისთვის უფასო საეთერო დრო გამოყონ, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის დებატების ორგანიზება მოახდინონ და ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამების კუთხით თანაბარი პირობები უზრუნველყონ. საარჩევნო კოდექსით საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს და საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიას“ (რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებელი) უფასო საეთერო დროის ყველა არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფა ევალებათ. პარტიებს ფასიანი რეკლამის ხარჯების ზედა ზღვარი არ აქვთ განსაზღვრული.

მართალია ჟურნალისტიკის პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, მათ შორის, მიუკერძოებლობა და ბალანსი კანონის მიხედვით თვითრეგულირების მექანიზმით უნდა იყოს დარეგულირებული, მაგრამ რამდენიმე მაუწყებელს ამ მხრივ მხოლოდ არაფორმალური პროცედურები აქვს დადგენილი. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კანონის შესაბამისად მედიის მიერ რეკლამის განთავსებასა და საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებას ზედამხედველობს. ამ მიზნით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ 49 ტელეარხის მონიტორინგი განახორციელა.

დაკვირვების პერიოდში გამოხატვის თავისუფლება დაცული იყო. მედიამ საარჩევნო სუბიექტებს ელექტორატისთვის საკუთარი გზავნილების მისაწოდებლად სხვადასხვაგვარი საშუალება შესთავაზა. მართალია, ამომრჩევლებმა მრავალფეროვანი ინფორმაცია მიიღეს, რაც მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას აძლევდა, მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე მედია საშუალებით ინფორმაციის მიღების შედეგად იყო შესაძლებელი. წინასაარჩევნო კამპანია მნიშვნელოვნად თვალშისაცემი იყო სხვადასხვა პროგრამების, მათ შორის, დებატების მეშვეობით, რომლებიც ეროვნული და ადგილობრივი მაუწყებლების მიერ გადაიცა .41 მედია, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლები უფასო სარეკლამო დროის გამოყოფასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ასრულებდნენ.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მიერ წარმოებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ გარკვეული მედია საშუალებები წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას ძირითად აქცენტს მთავარ საარჩევნო სუბიექტებზე აკეთებდნენ.42 იმ დროს, როდესაც აჭარის ტელევიზიამ წინასარჩევნო კამპანია დაბალანსებულად გააშუქა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სხვა პარტიებთან შედარებით მეტი დრო მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ დაუთმო.43 ამას გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებები ზოგადად კრიტიკული და ანალიტიკური მასალების ნაკლებობით გამოირჩეოდა.

ყველაზე პოპულარული კერძო მაუწყებლების „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის მიდგომა წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების მიმართ ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“ ხშირად აკრიტიკებდა „ქართულ ოცნებას“

და მთავრობას, ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ამ პარტიის თბილისის მერობის კანდიდატის მიმართ ლოიალურობით გამოირჩეოდა. გაშუქების ოდენობის მხრივ, „იმედის“ მიკერძოებულობა „ქართული ოცნების“ მიმართ თვალსაჩინო იყო. ამას გარდა, „იმედზე“ გასული მრავალი სიუჟეტი ყოფილი პრემიერ-მინისტრის და გავლენიანი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას და პროექტებს წარმოაჩენდა. „ობიექტივი“ „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ მხარდაჭერას ღიად გამოხატავდა.

ბეჭდურ მედიაში პლურალისტური მოსაზრებები იყო გამოთქმული. წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება საკმაოდ დაბალანსებულად ხდებოდა, განსაკუთრებით გაზეთ „კვირის პალიტრის“ მიერ. ონლაინ პორტალი netgazeti.ge-ი ასევე დაბალანსებულად აშუქებდა არჩევნებს. მეორეს მხრივ, ყველაზე პოპულარული ტაბლოიდი „ასავალ- დასავალი“ ხშირად ჭორებისა და ბრალდებების არენად გამოიყენებოდა, მისი ნარატივი აშკარად ანტიდასავლური მიდგომებით გამოირჩეოდა, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ პლატფორმას ემთხვეოდა.

საჩივრები და სარჩელები

საარჩევნო დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩო რთული და ზედმეტად შემზღუდავია. დაჩქარებული წესით მხოლოდ რამდინემე სახის მომჩივანის მიერ შემოტანილი გარკვეული კატეგორიის საჩივრები განიხილება; ამ შემთხვევაში სარჩელების მიღება და განხილვა ერთ ან ორ დღეში ხორციელდება. უმეტეს შემთხვევებში სარჩელების შეტანა როგორც რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტებს ასევე აკრედიტებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეუძლიათ. ამომრჩევლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ სარჩელის შეტანა, თუ ისინი ამომრჩეველთა სიაში არ აღმოჩნდებიან, იმავე უფლებით სარგებლობენ არჩევნების დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებში ხმის მიცემის პროცედურებთან დაკავშირებით.. მომჩივანთა კატეგორიების ამგვარი შეზღუდვა საერთაშორისო ვალდებულებებს და საერთაშორისო დონეზე მიღებულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება.45 ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა

ვადების დარღვევის ან არაუფლებამოსილი პირების მიერ შემოტანის გამო საჩივრების უარყოფის რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირეს.

20 ოქტომბრის მონაცემებით, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში შედარებით მცირე რაოდენობის საჩივრი შევიდა. მათი უმეტესობა წინასაარჩევნო კამპანიის რეგულაციების დარღვევებს და საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობას ეხებოდა. ცესკოს სხდომებზე მხოლოდ ოთხი საჩივრის განხილვა მოხდა. ცესკოს სამი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდა; სამივე შემთხვევაში სასამართლომ ცესკოს გადაწყვეტილებები ძალაში დატოვა. ცესკოს სხდომებზე საჩივრების განხილვა ღიად, სხდომაზე დამსწრეთა აქტიური მონაწილეობით და კანონის ყველა შესაბამისი ნორმების დაცვით ხორციელდებოდა. საოლქო სასამართლოებმა არჩევნებთან დაკავშირებული რამდენიმე საქმე განიხილეს; მართალია, ზოგადად ამ სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კარგად იყო დასაბუთებული, მაგრამ ზოგჯერ მათი გადაწყვეტილებები კანონის თანმიმდევრულად აღსრულების პრინციპს არ აკმაყოფილებდა.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეს, საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილ წევრს (ჩვეულებრივ თავმჯდომარეს), საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ადგილობრივ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს ადმინისტრაციული ოქმების შედგენა შეუძლიათ, რომლითაც საარჩევნო დარღვევებისთვის სანქციების გამოყენება შეიძლება იქნას მოთხოვნილი; ამის შემდეგ ამგვარი სანქციების გამოყენება სასამართლოების გადასაწყვეტია. ცესკოს (ან სხვა ორგანოს) განკარგულებები, რომლითაც ამგვარი სანქციების გამოყენებაზე უარის გაცემა ხდება, გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რაც ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.50 კანონი არ ითვალისწინებს ისეთი საჩივრების დაჩქარებული წესით განხილვის შესაძლებლობას, რომლითაც ადმინისტრაციული სანქციების გამოყენება არის მოთხოვნილი. შედეგად, ზოგიერთი ასეთი საჩივარი კვირების განმავლობაში განიხილებოდა ან ფაქტიურად განუხილველი რჩებოდა. ამან საჩივრების განხილვის პროცესის ეფექტურობა მნიშვნელოვნად შეამცირა.

20 ოქტომბრის მონაცემებით, პროკურატურამ არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ მიღებული ცნობების (მათ შორის 12 საქმე სახელმწიფო თანამდებობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტებს, 8 საქმე ძალადობის სავარაუდო ფაქტებს და 2 საქმე სავარაუდო მუქარებს ეხებოდა) საფუძველზე 36 სისხლის სამართლის საქმე აღძრა. კანონის შესაბამისად უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, რომლის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრია, ივლისში შეიქმნა. მისი მანდატი საარჩევნო დარღვევების „პრევენციას და მათზე რეაგირებას“ გულისხმობს. უწყებათაშორისმა კომისიამ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვასთან დაკავშირებით შვიდი არასავალდებულო რეკომენდაცია გამოსცა. მართალია, უწყებათაშორისი კომისიის მუშაობამ ადგილობრივი სადამკვირვებლო ჯგუფების მხრიდან ქება მოწონება დაიმსახურა და ამ ჯგუფებს არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების და ბრალდებების საჯაროდ განხილვის შესაძლებლობა მისცა, საარჩევნო სუბიექტებს შორის ამ ორგანოს მანდატთან დაკავშირებით ზოგადი გაურკვევლობა შეიმჩნეოდა.

ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები

საარჩევნო კოდექსი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არჩევნების მთლიან პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობას აძლევს. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები იგივე უფლებებით სარგებლობენ. დამკვირვებლების და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების აკრედიტაცია ინკლუზიურად მოხდა. ცესკომ 71 ადგილობრივი (19,941 დამკვირვებელი) და 30 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის (581 დამკვირვებელი) აკრედიტაცია მოახდინა; აკრედიტაცია ასევე 82 მედია საშუალების წარმომადგენელმა 4,612-მა ჟურნალისტმა მიიღო. გარდა ამისა, საოლქო საარჩევნო კომისიებმა ოლქების დონეზე ადგილობრივი დამკვირვებლები,ასევე პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები დაარეგისტრირეს.

არაერთმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გრძელვადიანი დაკვირვება განახორციელა და არჩევნების დღეს მოკლევადიანი დამკვირვებლები გამოყო, რამაც არჩევნების გამჭვირვალობას შეუწყო ხელი. თუმცა კანონით ადგილობრივ დამკვირვებლებს საარჩევნო კომისიების სხდომებზე დაკვირვების უფლება მხოლოდ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ჰქონდათ. არჩევნების დღეს სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ორგანიზაციამ მედია ცენტრი გახსნა და ერთობლივი განცხადებები გამოაქვეყნა.51 ორმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ხმების პარალელური დათვლა განახორციელა.

ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა

ეროვნული უმცირესობები მოსახლეობის 13.2%-ს შეადგენენ. ეთნიკურ უმცირესობებში ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფებია აზერბაიჯანელები (6.3%) და სომხები (4.5%).53 კონსტიტუციით ეთნიკური უმცირესობები სრულფასოვანი პოლიტიკური უფლებებით, მათ შორის, საკუთარი მშობლიური ენის კერძოდ და საჯაროდ გამოყენების უფლებით სარგებლობენ. კონსტიტუცია ეროვნული, ეთნიკური, ენობრივი ან რელიგიური მოტივებით დისკრიმინაციას და ასევე ისეთი პოლიტიკური პარტიების შექმნას კრძალავს, რომლებიც ეთნიკურ შუღლს აღვივებენ და/ან ტერიტორიული პრინციპით იქმნებიან.

ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი პირები ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ და ბლოკმა წამოაყენა, გარდა ამისა, ამ რეგიონებში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები დამოუკიდებლადაც იყრიდნენ კენჭს; თუმცა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი კანდიდატები თბილისში და სხვა ქალაქებში, სადაც ეროვნული უმცირესობები ცხოვრობენ, ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილი.54 ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი კანდიდატების მთლიანი პროცენტული შემადგენლობა შესაბამისი ეროვნული უმცირესობის პროცენტულ შემადგენლობაზე კვლავ დაბალი იყო. მერობის კანდიდატად ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელმა სულ ოცმა (5.4%) კანდიდატმა, მაჟორიტარობის სულ 388 (8.2%) კანდიდატმა და საკრებულოების პროპორციულ სიებში შეტანილმა სულ 827 (6.7%) კანდიდატმა, აქედან 52 (5.3%) კანდიდატმა თბილისის საკრებულოს არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.55 ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი კანდიდატების დაახლოებით 24% იყო ქალი.

მართალია, წინასაარჩევნო კამპანიაში ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები მთავარ თემას არ წარმოადგენდა, მაგრამ ეთნიკური წარმომავლობა დროდადრო მაინც ხდებოდა მობილიზების ან პოლარიზების საბაბი.56 დაფიქსირდა

სიძულვილის ენის, მუქარის და დაძაბულობის რამდენიმე შემთხვევა.57 კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ წინასაარჩევნო კამპანიის ეროვნული უმცირესობების ენებზე წარმართვა. ეროვნული უმცირესობები შედარებით მრავლად იყვნენ წარმოდგენილი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში ეთნიკური სომხებით დასახლებულ რაიონებში. რაც შეეხება ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებს, საოლქო საარჩევნო კომისიებში აზერბაიჯანელები არ იყვნენ წარმოდგენილი, მაგრამ საუბნო საარჩევნო კომისიებში მათი წარმომადგენლობა ადეკვატური იყო (თუმცა როგორც წესი, ისინი მამაკაცები იყვნენ).

საარჩევნო კოდექსი ამომრჩეველთა სიების, ბიულეტენების და შედეგების ოქმების ეროვნული უმცირესობების ენებზე თარგმნას ითვალისწინებს. ცესკოს ეროვნული უმცირესობების საკითხებზე პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფი ჰყავს, გარდა ამისა, ცესკომ ამომრჩეველთა განათლებაზე და ინფორმირებაზე მიმართული მასალები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გამოსცა. უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში განლაგებული 345 საარჩევნო უბნის პერსონალისთვის ტრენინგები და მასალები ზემოთხსენებულ ენებზე იქნა ჩატარებული/მიწოდებული.58 გარდა ამისა, ცესკოში ეროვნული უმცირესობების ენებზე სამენოვანი ცხელი ხაზი მოქმედებდა.

არჩევნების დღე

კენჭისყრის დღემ ძირითადად მოწესრიგებულად ჩაიარა. კანდიდატების წარმომადგენლების და ადგილობრივი დამკვირვებლების ადგილზე ყოფნამ პროცესის გამჭირვალობას შეუწყო ხელი. თუმცა მთელი დღის განმავლობაში საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები აფიქსირებდნენ მედიის წარმომადგენლებად ან ადგილობრივ დამკვირვებლებად რეგისტრირებულ ზოგიერთ პირს, რომლებიც სხვადასხვა პარტიებთან ან კანდიდატებთან იყვნენ აფილირებული და ზოგჯერ არჩევნების პროცესშიც ერეოდნენ. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სამ მეოთხედს ისევე, როგორც ამ კომისიების თავმჯდომარეთა 65%-ს ქალები შეადგენდნენ.

საარჩევნო უბნები დროულად გაიხსნა, თუმცა რამდენიმე შემთხვევაში მცირე დაყოვნებას ჰქონდა ადგილი. საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა გახსნის პროცედურები მონიტორინგს დაქვემდებარებული საარჩევნო უბნების 75-დან 73- ში დადებითად შეაფასეს, მათი აზრით, აღნიშნული პროცესი მოწესრიგებულად ჩატარდა და პროცედურები ძირითადად დაცული იყო.

მონიტორინგს დაქვემდებარებული საარჩევნო უბნების 97%-ში ხმის მიცემის პროცესი კარგად ან ძალიან კარგად შეფასდა. პროცედურები ძირითადად დაცული იყო. საარჩევნო უბნების 36%-ში პოლიტიკურ პარტიებს და კანდიდატებს დასაშვებზე მეტი წარმომადგენლები ჰყავდათ, ჩვეულებრივ ისინი ადგილობრივ დამკვირვებლებად იყვნენ აკრედიტებული.59 დაკვირვებას დაქვემდებარებულ საარჩევნო უბნების 5.4%-ში ისინი საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობაში ერეოდნენ ან მათ მუშაობას წარმართავდნენ.

ხმების ჯგუფურად მიცემის შემთხვევები საარჩევნო უბნების 2.4%-ში დაფიქსირდა. ასეთ შემთხვევებს უფრო ხშირად რაიონებში, ვიდრე ქალაქებში ჰქონდა ადგილი. მონიტორინგს დაქვემდებარებული საარჩევნო უბნების 12%-ში ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება არ მისცეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის არქონის ან კონკრეტულ საარჩევნო უბანზე ამ პირების ამომრჩეველთა სიებში არყოფნის გამო.

მონიტორინგს დაქვემდებარებული საარჩევნო უბნების 4%-ში საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა უბნების გარეთ პრობლემები დააფიქსირეს. ზოგიერთ შემთხვევაში საარჩევნო უბნების მახლობლად მყოფ ადამიანთა ჯგუფები, როგორც ჩანს, ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდნენ (მონიტორინგს დაქვემდებარებული საარჩევნო უბნების 2%) და უბნებზე მოსული ამომრჩევლების აღრიცხვას ახდენდნენ. ხმის მისაცემად მოსული ამომრჩევლების აღრიცხვას საარჩევნო უბნების შიგნით უფლებამოსილი პირებიც ახდენდნენ. ცესკოს მიერ გამოცემული პრეს- რელიზის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიები ვალდებული არიან კანდიდატების წარმომადგენლებს და ადგილობრივ დამკვირვებლებს ეს მონაცემები მიაწოდონ, რადგან ეს საჯარო ინფორმაციად ითვლება. აღნიშნული განცხადების გამო სახალხო დამცველმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ჯგუფებმა შეშფოთება გამოხატეს.

მართალია ხელისუფლებამ გარკვეული რაოდენობის ადაპტირებული საარჩევნო უბანი მოაწყო, მაგრამ საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების ინფორმაციით საარჩევნო უბნების 63%-ში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დამოუკიდებლად შესვლა არ შეუძლიათ.

ხმის დათვლის პროცესი მონიტორინგს დაქვემდებარებული 71 საარჩევნო უბნიდან 11-ში უარყოფითად შეფასდა. უარყოფითი შეფასებები ძირითადად საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ პროცედურების დარღვევასთან ან პროცესში გარე პირების ჩარევასთან იყო დაკავშირებული. არაუფლებამოსილი პირები ხმის დათვლის პროცესში მონიტორინგს დაქვემდებარებულ 10 საარჩევნო უბანზე იღებდნენ მონაწილეობას. რამდენიმე შემთხვევაში საარჩევნო უბნებთან დაძაბულობის ან დაპირისპირების ფაქტები და ასევე ერთი პირის მიერ ხმის პროცესის ჩაშლის მცდელობა დაფიქსირდა. სერიოზული დარღვევები, რომლებმაც უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ხმის დათვლის პროცესის მთლიანობის და გამჭირვალობის შეფასებაზე, მოიცავდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედეგების ოქმების შევსებამდე მათ ხელმოწერას (მონიტორინგს დაქვემდებარებული საარჩევნო უბნებიდან 11-ში), საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედეგების ოქმების შედგენისას პრობლემებს (მონიტორინგს დაქვემდებარებული საარჩევნო უბნებიდან 13-ში) და საუბნო საარჩევნო კომისიების უკვე შედგენილი ოქმების გადახედვის ფაქტებს (მონიტორინგს დაქვემდებარებული საარჩევნო უბნებიდან 9-ში). მონიტორინგს დაქვემდებარებული საარჩევნო უბნების დაახლოებით მეოთხედში საუბნო საარჩევნო კომისიებმა ოქმების ასლები არ გამოაკრეს, იმის მიუხედავად რომ ამას მათ კანონი ავალდებულებს. თუმცა, საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებს არჩევნების შედეგების ფალსიფიცირების შეგნებული მცდელობები არ შეუნიშნავთ.

ხმების შეჯამების პროცესი ერთის გარდა ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში დადებითად შეფასდა (სულ დაკვირვების პროცესი 61 საოლქო საარჩევნო კომისიაში ჩატარდა). საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებს საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობაში რაიმე მნიშვნელოვანი პროცედურული შეცდომები ან დარღვევები არ შეუნიშნავთ. იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო მასალების მიღების და საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების დამუშავების პროცესი ზოგადად გამჭვირვალე იყო, მონიტორინგს დაქვემდებარებულ 10 საოლქო საარჩევნო კომისიაში პროცესი ყოველთვის თვალსაჩინო და ღია არ ყოფილა. ეს ძირითადად არასათანადო პირობებით (მონიტორინგს დაქვემდებარებული 61 საოლქო საარჩევნო კომისიიდან 11-ში) იყო გამოწვეული, მათ შორის 5 საოლქო საარჩევნო კომისიაში ხალხმრავლობა აღინიშნა. 6 საოლქო საარჩევნო კომისიაში დაძაბულობის და დაპირისპირების შემთხვევები დაფიქსირდა, ხოლო 1 საოლქო საარჩევნო კომისიაში პროცესის ჩაშლის მცდელობას ჰქონდა ადგილი, რამაც უარყოფითი შეფასება გამოიწვია.

ცესკოს მონაცემებით საოლქო საარჩევნო კომისიებში 204 საჩივარი შევიდა, რომლებიც საარჩევნო უბნებზე პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა. აღნიშნული სარჩელებით ძირითადად იმ კომისიის წევრების წინააღმდეგ დისციპლინარული სანქციების გამოყენება იყო მოთხოვნილი, რომლებმაც სავარაუდოდ პროცედურული დარღვევები ჩაიდინეს. წინასწარი მონაცემებით არჩევნებზე აქტივობის მაჩვენებელმა 45.6% შეადგინა.


2017 წლის 22 ოქტომბერი, თბილისი – წინამდებარე მოხსენება წინასწარი მიგნებების და დასკვნების შესახებ ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ერთობლივი პროექტია. არჩევნების შეფასების მიზანს წარმოადგენდა ეუთოს ვალდებულებებთან და ევროპის საბჭოს სტანდარტებთან, ასევე დემოკრატიული არჩევნებისთვის დადგენილ სხვა საერთაშორისო სტანდარტებსა და ვალდებულებებთან და ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა.

ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას, რომელიც 13 სექტემბერს გაიხსნა, კორინ იონკერი ხელმძღვანელობს. კონგრესის არჩევნების შემფასებელმა მისიამ 20 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრამდე იმუშავა.

ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია დედაქალაქში წარმოდგენილი 16 ექსპერტისა და ქვეყნის მასშტაბით გადანაწილებული 22 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება. არჩევნების დღეს 30 ქვეყნის წარმომადგენელი 197 დამკვირვებელი, მათ შორის ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის 173 გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებელი, და ასევე კონგრესის 8-წევრიანი დელეგაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდა. უბნების გახსნას 62, ხოლო ხმის მიცემის პროცესს 1,520 საარჩევნო უბანზე მთელი ქვეყნის მასშტაბით დააკვირდნენ. ხმების დათვლას 147 საარჩევნო უბანზე, ხოლო ხმების გადათვლას 58 საოლქო საარჩევნო უბანზე დააკვირდნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^