Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელს რეესტრი სახელწოდების გამო არ არეგისტრირებს

30 ოქტომბერი, 2017 15:40

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელს“ სახელწოდების გამო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირად დარეგისტრირებაზე უარს ეუბნება.

როგორც სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, სააგენტოს მიაჩნია, რომ სახელწოდება ­ ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვისიწვევს  მესამე პირის შეცდომაში შეყვანას სუბიექტის საქმიანობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სუბიექტის არსებული სახელწოდების შინაარსი შესაძლოა, გაგებულ იქნას, როგორც კანონით აკრძალული საქმიანობის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სახელწოდება მოითხოვს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას.

ქსელმა (GENPUD) რეგისტრაციის მოთხოვნით, რეესტრს 2-ჯერ მიმართა. მეორე ჯერზეც სააგენტომ ხარვეზი აღმოფხვრილად არ მიიჩნია. ამის შემდეგ ქსელმა აღნიშნული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ამავე ორგანოს მიმართა, საჩივრით, თუმცა სააგენტომ ის მაინც ძალაში დატოვა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-5 ნაწილზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც, „საფირმო სახელწოდებას არ უნდა ერთვოდეს რაიმე ისეთი დამატება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მესამე პირი ან/და გამოიწვიოს შეცდომა ან/და გაუგებრობა მეწარმე სუბიექტის ფორმისა თუ საქმიანობის მოცულობის ან/და პარტნიორთა ურთიერთობის გამო“.

„ლიბერალთან“ საუბრისას ორგანიზაციის იურისტი ლევან ჯორბენაძე განმარტავს, რომ ამ დრომდე ქსელი კავშირის ფორმით არსებობდა, რის შესაძლებლობასაც საქართველოს კანონმდებლობა იძლევა. თუმცა ის, რომ ქსელს არ ჰქონდა იურიდიული პირის სტატუსი, მისი საქმიანობისთვის ეს, გარკვეულწილად, შემაფერხებელი იყო.

„ქსელი სრულყოფილად მაინც ვერ საქმიანობდა, იურიდიული პირის სტატუსი უფრო მეტ საშუალებას იძლევა დონორებსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და ა.შ. უფრო მეტი განვითარებისთვის საჭიროა იურიდიულ პირად რეგისტრაცია“, - ამბობს ჯორბენაძე.

„ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი“ დავას ახლა სასამართლოში განაგრძობს. ქსელს მიაჩნია, რომ საჯარო  რეესტრის  ეროვნული  სააგენტოს  გადაწყვეტილება სრულიად  დაუსაბუთებელია.

მათი სარჩელის მიხედვით, სახელწოდება „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის“ პირდაპირ  და  უშუალოდ  მიუთითებს  უკვე კონკრეტულ  მიზანზე,  რომელიც ძირითადად  მიმართულია ქვეყანაში  ერთ-ერთი ფუნდამენტური - ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე, რაც გულისხმობს არა მარტო კონკრეტული  სამიზნე  ჯგუფის  (ნარკოტიკების  მომხმარებლების)  უფლებების, არამედ  საზოგადოების  ყოველი  წევრის  ინტერესების  დაცვას  სიცოცხლისათვის საშიში  გადამდები დაავადებებისგან  და  კანონის  უზენაესობის  განმტკიცებას ქვეყანაში.

„მხოლოდ  სახელწოდებით  შეუძლებელია იურიდიული  პირის  საქმიანობისთვის  იმის  დაბრალება,  რომ  ეს არის  უკანონო საქმიანობის  სამართლებრივ  ჩარჩოში  მოქცევა  და თითქოს ჩვენი გაერთიანება მესამე პირის უფლებებს ხელყოფს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია წესდება და კონკრეტულად იურიდიული პირის გაცხადებული საქმიანობის ან ფაქტობრივად განხორციელებული  მოქმედებები.  ხოლო  თუ  იურიდიული პირის  უკანონო საქმიანობა  გამოიკვეთება,  ამისათვის  კანონმდებლობით  გათვალისწინებულია იურიდიული  პირისათვის  რეგისტრაციის  გაუქმება  და  შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც“, - ვკითხულობთ სარჩელში.

GENPUD სასამართლო სარჩელში მიუთითებს, რომ სხვა  ქვეყნების  მაგალითებზე  არაერთი ორგანიზაცია მოქმედებს ნარკოტიკების მომხმარებელთა ანალოგიური სახელებით. მაგალითად, მაკედონიაში  -  ააიპი „ნარკოტიკების  მომხმარებელთა  უფლებების  დაცვის ასოციაცია“ (Association for the Protection of Drug Users Rights “PASSAGE” a Non-Governmental organization); პოლონეთში  -  „პოლონეთის  ნაციონალური ნარკოტიკების მომხმარებლების  და  ჩანაცვლებითი  პაციენტების  ასოციაცია“  (National  Polish Association of Drug Users and Substitution Patients) და ა.შ.

ქსელი სარჩელში მიუთითებს კონსტიტუციის  26-  მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ყველას აქვს საზოგადოებრივი  გაერთიანებების  შექმნისა  და  მათში  გაერთიანების  უფლება.

ასევე, ადამიანის უფლებათა  და  ძირითად  თავისუფლებათა  დაცვის  კონვენციის  მე-11 მუხლის  მიხედვით,  ყველას  აქვს  უფლება  სხვებთან  გაერთიანების თავისუფლებისა, მისი შექმნის და საკუთარი ინტერესების დაცვისა. მათი თქმით, გაერთიანების  უფლება  ასევე  დაკავშირებულია  ისეთ  მნიშვნელოვან უფლებასთან,  როგორცაა  სიტყვისა  და  გამოხატვის  უფლება.

ქსელს მიაჩნია, რომ რეესტრის  ეროვნულმა  სააგენტომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის გარეშე  მიიღო  გადაწყვეტილება,  როდესაც  ყურადღება მიაქცია  მხოლოდ  ზოგადად განმცხადებელი დასარეგისტრირებელი  იურიდიული  პირის  სახელწოდებას;  წარდგენილი  წესდების  მიზნებს კი არ  მიაქცია  ყურადღება  და სათანადოდ არ გამოიკვლია.

ამ და სხვა არგუმენტების გათვალისწინებით, ქსელი ამბობს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება არის უკანონო, დისკრიმინაციული და სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული.  

„ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია,  რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უკვე ჰყავს დარეგისტრირებული იურიდიული პირები ისეთი სახელწოდებით, როგორებიცაა:  „ნარკოტიკების მომხმარებელთა თვითორგანიზაცია ჩვენი უფლებებისათვის“;  „მუდმივ მომხმარებელთა დამოუკიდებელი ასოციაცია ქომაგი“, „ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია".  მოცემული სახელწოდებებიც იძლევა კონკრეტულ მითითებას გარკვეულ მიზნებზე, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მხოლოდ სახელწოდებიდან და მესამე პირების უფლებებზე აბსტრაქტულ მითითებებიდან გამომდინარე ვერ განვახორციელებთ იურიდიული პირების აკრძალვას და დემოკრატიულ საზოგადოებაში ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების დარღვევას, როგორიცაა საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნის უფლება“, - წერს GENPUD საჩრელში.

მათივე თქმით, საქართველოში, ასევე,  ნარკოტიკების  მოხმარება  სამედიცინო  მიზნებისთვის   არის ლეგალური,  ექიმის  დანიშნულების შემთხვევაში,  მაგალითისთვის  მრავალთაგან  აღსანიშნავია  ოპიოიდურ ჩანაცვლებითი  თერაპია,  რომელიც  საქართველოში  2005  წლიდან წარმატებით ხორციელდება  და  მრავალი  ნარკოტიკებზე  დამოკიდებული  ადამიანი პროგრამის  მონაწილეა. ასევე  საქართველოში  ჩანაცვლებითი  თერაპია  ხორციელდება, როგორც სამოქალაქო ასევე სასჯელაღსრულების სექტორში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^