Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას ფიქრობს სიმონ ჯანაშია განათლების მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილ მიხეილ ჩხენკელზე

13 ნოემბერი, 2017 12:48

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს.

განათლების საკითხების მკვლევარი, სიმონ ჯანაშია „ლიბერალთან" საუბარში მინისტრის შეცვლას დადებითად აფასებს.

„რამდენჯერმე შევხვედრივარ მიხეილ ჩხენკელს და ჩემზე ძალიან საქმიანი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, რომელსაც აქვს თანამდეროვე უმაღლესი განათლების შესახებ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება, როგორიც შეიძლება ძალიან ცოტას ჰქონდეს საქართველოში. მინახავს, როგორ ცდილობდა იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გარკვეული ცვლილებების შეტანას, სასწავლებლის გაუმჯობესებას ახალი პროფესორების მოზიდვითა და არსებული პროფესორებისათვის სტიმულის მიცემის გზით.

წინასწარ ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებს მიხეილ ჩხენკელი სისტემაში არსებულ პრობლემებში გარკვევას, რამდენად პოზიტიურ ნაბიჯებს გადადგამს, ეს მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული. პოლიტიკური ნებაა საჭირო იმისათვის, რომ სასკოლო სისტემა განვითარდეს, მეტი პროფესიონალი შემოვიდეს სისტემაში. პრობლემა ცხადია, ის არის, რომ ახალ მინისტრს არ აქვს დიდი გამოცდილება სასკოლო პრობლემებთან მუშაობის, მაგრამ ეს არ არის პრობლემა, როცა არსებობს პოლიტიკური ნება, რაც ჯეჯელავას შემთხვევაშიც მისი შემაფერხებელი შეიძლებოდა ყოფილიყო. განათლების პოლიტიკა არ არის დამოკიდებული მხოლოდ მინისტრზე, დამოკიდებულია მთავრობაზე და იმ ჯგუფებზე, ვისაც მთავრობაში უსმენენ“, - ამბობს სიმონ ჯანაშია.

სიმონ ჯანაშიას შეფასებით, მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავას საქმიანობა არაეფექტიანი იყო.

„კარგია, რომ შეიცვალა ალექსანდრე ჯეჯელავა, სამწუხაროდ, მას არ მიუღია არცერთი მნიშვნელოვანი დადებითი გადაწყვეტილება. სულ ორი გადაწყვეტილება მახსოვს მისგან - ერთი არის, ის რომ მასწავლებლებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მინიმალურ კომპეტენციას, დართო სკოლაში, პრაქტიკულად, სამუდამოდ დარჩენის ნება; მეორე კი სკოლებში ვაშლების დარიგების გადაწყვეტილება იყო. ერთი დადებითი, რაც მას ჰქონდა იყო ის, რომ რამდენიმე თემა გაააქტუალურა, მაგალითად, დისტანციური სწავლება და ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში, მაგრამ პრინციპში შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის არაეფექტური მინისტრი იყო“,- ამბობს სიმონ ჯანაშია.

ალექსანდრე ჯეჯელავა განათლებისა და მეცნიერების მინისტრად 2016 წლის ივნისში დაინიშნა. დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელი წარადგინა. მიხეილ ჩხენკელს დღემდე თსუ-ის პრორექტორის პოსტი ეკავა. 

ბიოგრაფია

მიხეილ ჩხენკელმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სადაც იგი იყო აკადემიკოს მუსხელიშვილის სახელობის სტიპენდიანტი. შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა, სადაც მას მიენიჭა მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ ჩხენკელი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის საპროფესორო ოსკარი საუკეთესო სწავლებისთვის, პენსილვანიის უნივერსიტეტის 9 ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის, Goldman Sachs-ის ფონდის პრემია, სამეცნიერო-კვლევითი გრანტები და სტიპენდიები. იგი არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი, ამერიკაში გამოცემული წიგნების რეცენზენტი და სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებების წევრი. ამერიკის უნივერსიტეტებში მოღვაწეობისას მიხეილ ჩხენკელი იყო მათემატიკის დეპარტამენტის კომპიუტინგის კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორთა სენატის წევრი, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების საკონკურსო კომიტეტების წევრი, ტექნოლოგიის, ანალიტიკური აზროვნების, აკადემიური სტანდარტების კომიტეტების წევრი, ამერიკის მათემატიკური საზოგადოების სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ჟიურის წევრი, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციების და მათემატიკური ოლიმპიადების ორგანიზატორი, Cengage Learning-ის მრჩეველი და გოლდვოტერის პრემიის კომიტეტის წევრი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^