საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე საათის წინ კიევში, საკუთარი სახლიდან ქართველი ჟურნალისტი თამაზ შავშიშვილი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც „ლიბერალს“ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ უთხრა, თამაზ შავიშვილი ოპერატორია და ის კიევში ტელეკომპანიისთვის მუშაობდა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას ხელბორკილები დაადეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს.
„ასე ექცევა ამ ადამიანებს მატყუარა და მხდალი პრეზიდენტი, რომელსაც არ ადარდებს, რომ აქ ადამიანები უკრაინისთვის იბრძოდნენ. მას არ ადარდებს სიტყვის თავისუფლება. მას აქვს ტელევიზია და იტაცებენ ჟურნალისტს, რომლის მიზანი სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ინფორმაცია გაავრცელოს“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.