თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნუგზარ ჭონქაძემ საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან განაცხადა, რომ მისი მისამრთით გავრცელებული განცხადებები არ არის სწორი და ის არ არის არც ფაშისტი, არც ჰომოფობი და მოძალადე.
„ამაყი ვარ, რომ დღეს საღმა აზრმა გაიმარჯვა და ის ბრალდებები, რაც ჩემს მიმართ იყო წაყენებული, არ გაიზიარა საზოგადოებამ. ეს იყო ფარსი და ტყუილი, ჩემი შეურაცხყოფა. სამი დღის განმავლობაში მე ვითმენდი ამ შეურაცხყოფებს, ვითმენდი მათ შორის, ამ დარბაზშიც და აქედან გამოირიცხება, რომ მე ვარ აგრესიული ჩემს ცხოვრებაში. ბრალდებებს მიყენებდნენ ადამიანები, რომლებიც არ მიცნობდნენ, წარმოდგენა არ აქვთ ჩემს პიროვნებაზე, არ იციან ჩემი ცხოვრების სტილი, წესი და ურთიერთობა არ ჰქონიათ პირადად. ისინი ამ ბრალდებებს მხოლოდ თავისი ფანტაზიით და მხატვრული გაფორმებით აკეთებდნენ თავიანთი პოლიტიკური მიზნების გამო. უარვყოფ, რომ ვარ ჰომოფობი, ფაშისტი, მოძალადე, ვერც ერთ ფაქტს ვერავინ მომიყვანს, რომ მე ვინმეზე ვიძალადე ჩემი ცხოვრების მანძილზე, ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიმეყენებინოს ვინმესთვის. აქედან გამომდინარე, ეს არის ტყუილი ბრალდებები. ამ ადამიანებმა ისეთი განცხადებები გააკეთეს პიროვნებაზე, რომელსაც არ იცნობენ. მე მათ ათი ნაბიჯით გავუსწარი, არ ვარ მათი დონის ადამიანი და არ ავყვები”, - განაცხადა ნუგზარ ჭონქაძემ.
რაც შეეხება მის მიმართ გავრცელებულ განცხადებებს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნუგზარ ჭონქაძე სოციალურ ქსელებში „სულიკო კედელაშვილის“ სახელით და გვარით იყო რეგისტრირებული და ის ჰომოფობიური, ძალადობრივი განცხადებებით გამოირჩეოდა.