Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

14 უნგრული ფილმი, რომელსაც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ნახავთ

21 ნოემბერი, 2017 19:19

თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის ფოკუს ქვეყანა წელს უნგრეთია. სექციაში „ქვეყანა ფოკუსში" ბოლო წლებში გადაღებული 14 სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი უნგრული ფილმი იქნება წარმოდგენილი. 

უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და ნაციონალური კინოფონდის, საქართველოში უნგრეთის საელჩოს თანადგომით გამართულ ამ სექციაში, მაყურებელს შესაძლებლობა ეძლევა თვალი გადაავლოს უნგრულ კინოინდუსტრიაში მიმდინარე პროცესებს და თავად შეაფასოს უახლესი უნგრული კინო. იქნება ეს უკვე აღიარებული რეჟისორების ნამუშევრები თუ გამორჩეულად დასამახსოვრებელი დებიუტები, ბერლინის, კანის თუ სხვა საერთაშორისო კინოფესტივალების გამარჯვებული ფილმები.

ფესტივალს რამდენიმე სტუმარი ეწვევა უნგრეთიდან, რეჟისორები: როლანდ ვრანიკი (ფილმი „მოქალაქე") და გაბორ როჰონი (ფილმი "ბრაზილიელები"), ოპერატორი რობერტ მალი (ფილმი „იმღერე"), პროდიუსერები: მონიკა მესი და ერნო მესტერჰაზი („სულისა და სხეულის შესახებ"), სცენარისტი გაბორ ტ.სანტო („1945"). კინომცოდნე ბალაშ ვარგა კი, უნგრულ კინოინდუსტრიაზე ჩაატარებს პრეზენტაციას.

ფესტივალს ასევე ეწვევა ცნობილი უნგრელი რეჟისორი კორნელ მუნდრუცო, რომლის ფილმი „იუპიტერის მთვარე" (მთავარი როლის შემსრულებელი მერაბ ნინიძეც დაესწრება ფესტივალს) წელს კანის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა.

„საიქიო" (Afterlife, 2014) 

 

მას შემდეგ, რაც ფილმის გმირს მოზესს, თავისი ახლადგარდაცვლილი მკაცრი მამის აჩრდილი ეცხადება, მშიშარა და მერყევი ახალგაზრდა კაცი იძულებულია, ყველაფერს თვითონ გაუმკლავდეს: მან ბოლოსდაბოლოს უნდა მოაგვაროს მამასთან ურთიერთობა. 

„მოქალაქე" (The Citizen, 2016) 

 

ფილმი „მოქალაქე" თანამედროვე ბუდაპეშტში მცხოვრებ სამ ადამიანზე გვიყვება. იუმორისტული ელემენტებით გაჯერებული დრამა სიყვარულსა და დევნილობაზე, ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სირთულეებზე უყვება მაყურებელს. 

როლანდ ვრანიკის სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმს „შავი ფუნჯი" უნგრული კინოს კვირეულზე საუკეთესო ფილმის, საუკეთესო ოპერატორისა და საუკეთესო პროდიუსერისთვის ჯილდოები აქვს მიღებული 

„იუპიტერის მთვარე“ (Jupiter‘s Moon, 2017)

 

კორნელ მუნდრუცო უნგრელი სცენარისტი, კინოს და თეატრის რეჟისორი, Proton Cinema-ს და Proton Theatre-ს დამფუძნებელია. „იუპიტერის მთვარე" მისი მეხუთე ფილმია, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე შედგა. მანამდე მან წარადგინა ფილმები: „იოჰანა", „დელტა", „მორჩილი ვაჟი" და „თეთრი ღმერთი". ამ უკანასკნელმა ფილმმა, 2014 წელს კანში სექციაში "განსაკუთრებული ხედვისთვის" მთავარი ჯილდო დაიმსახურა. ფილმში მერაბ ნინიძე მონაწილეობს. 

„სუფთა გულით" (Kills on Wheels, 2016) 

„სუფთა გულით" რეჟისორ ატილა ტილის მეორე სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომელსაც პრიზები აქვს მიღებული ქაიროს, ჩიკაგოს, კოტბუსის, სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე. 

„ქარიშხლების მხარეში" (Land of Storms, 2014) 

 

საბოლჩი გერმანულ ფეხბურთის გუნდში ბერნარდთან ერთად თამაშობს. ისინი ერთ ოთახში ცხოვრობენ და საუკეთესო, განუყრელი მეგობრები არიან, თუმცა წაგებული მატჩი და უსიამოვნო სიტუაცია საბოლჩს ცხოვრების გადასინჯვისკენ და უნგრეთში დაბრუნებისკენ უბიძგებს. 

„იასამნისფერი ბილიკი" (Lily Lane, 2016) 

 

„იასამნისფერი ბილიკის" გმირები რებეკა და მისი უმცროსი შვილი - დენი არიან. დედა-შვილს შორის ურთიერთობა სხვადასხვა ამბავთან და ფანტაზიასთანაა დაკავშირებული. ფილმი ლეჩესა და მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზიორია. 

„ლიზა, მელაკუდა" (Liza, the Fox-Fairy, 2015 ) 

 

იაპონურ ფოლკლორში ფერია მელაკუდები ბოროტი სულები არიან, რომლებიც მამაკაცებს კლავენ. 30 წლის მედდა ლიზა სიყვარულს ეძებს, მაგრამ მისი უიღბლო თაყვანისმცემლები პაემანის პირველსავე დღეს იღუპებიან. უკანასკნელი 12 წლის მანძილზე, ლიზა ზრუნავს იაპონიის ყოფილი ელჩის ქვრივ მარტაზე. მაგრამ ერთხელაც, მის არყოფნაში მარტა იღუპება. ეჭვიანი ნათესავები კი ლიზას შესახებ პოლიციას აცნობებენ და სწორედ აქედან, ლიზასა და სერჟანტ ზოლტანის საინტერესო ურთიერთობა იწყება. 

„სულისა და სხეულის შესახებ" (On Body and Soul, 2017) 

 

კომპანიაში რუტინული ინტერვიუს დროს, ფსიქოლოგი აღმოაჩენს, რომ მარიას და ენდრეს ერთნაირი პერიოდული სიზმრები აქვთ. ისინი გაოცებული არიან, რადგან ამ ორმა ინტროვერტმა ადამიანმა არაფერი იცის ერთმანეთის შესახებ. მეორე დღეს ისევ ამოწმებენ და მათ ისევ ერთი და იგივე სიზმარი ესიზმრათ წინა ღამეს. ისინი ისევ და ისევ ადარებენ საკუთარ სიზმრებს და თანდათან ცხადი ხდება, რომ ერთმანეთს საერთო სივრცეში ხვდებიან: მშვიდ, თოვლიან ტყეში, სადაც ლამაზ ირმებად გარდაიქმნებიან. 

„სულისა და სხეულის შესახებ", ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფიპრესის, ეკუმენიკური ჟიურის და ფესტივალის მთავარი ჯილდოს „ოქროს დათვის" მფლობელია. ფილმმა, ასევე გაიმარჯვა „საუკეთესო ფილმის" ნომინაციაში სიდნეის საერთაშორისო კინოფესტივალზე. 

„სავლეს ვაჟი" (Son of Saul, 2015)

 

სავლე აუსლენდერი ებრაელ ტყვეთა ჯგუფის, ზონდერკომანდოს უნგრელი წევრია, რომელიც ჩამოცილებულია ბანაკს და იძულებულია, ნაცისტებთან ერთად, მასშტაბური განადგურების პროცესში ჩაებას. ერთ-ერთ კრემატორიუმში მუშაობისას, ის ახალგაზრდა ბიჭის სხეულს აღმოაჩენს, რომელიც საკუთარ ვაჟს აგონებს. ის არჩევანის წინაშე დგება: მონაწილეობა მიიღოს პატიმრების მიერ დაგეგმილ საიდუმლო ამბოხში თუ ბავშვისთვის შესაფერისი ებრაული დაკრძალვა უზრუნველყოს. 

„სავლეს ვაჟი" ლასლო ნემეშის სადებიუტო ფილმია, რომელმაც კანის კინოფესტივალზე გრან პრი მოიპოვა. ნემეში პირველი უნგრელი რეჟისორია, რომლის ფილმმაც ოქროს გლობუსი მიიღო, როგორც საუკეთესო უცხოენოვანმა ფილმმა. „სავლეს ვაჟი" მეორე უნგრული ფილმია, რომელმაც კინოაკადემიის ჯილდო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში მიიღო. 

„1945“ (2017) 

 

1945 წლის აგვისტოს სოფლის მცხოვრებლები ქალაქის საბჭოს ჩინოვნიკის შვილის ქორწილისთვის ემზადებიან. ამასობაში, ორი ორთოდოქსი ებრაელი ჩადის სოფლის მატარებლის სადგურზე, რომელთაც თან აქვთ იდუმალებით მოცული ყუთები, წარწერით: „სურნელები". სოფლის ჩინოვნიკი შიშობს, რომ ეს კაცები შეიძლება სოფლიდან გაძევებული ებრაელების შთამომავლები იყვნენ და ფიქრობს, რომ ისინი წინაპრებისთვის უსამართლოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას მოითხოვენ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგეს. 

მოკლემეტრაჟიანი ფილმები:

„აღსრულება" (The Execution, 2014)

1990 წელი, რუმინეთი. სამი ბავშვი ჩაუშესკუს სიკვდილით დასჯას დგამენ. ვინ იქნება მსხვერპლი?

ფილმის რეჟისორი პეტრა სოჩი კლუჟში (რუმინეთი) დაიბადა. ბუდაპეშტის ლორანდ ეტვიოშის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობდა გერმანისტიკას, ხოლო უნგრეთის დრამისა და კინოხელოვნების აკადემიაში - სცენარისტის პროფესიას ეუფლებოდა. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნაჩვენები იყო უნგრეთის კინოს კვირეულზე, ტრიესტეს და ტრანსილვანიის საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

„ჩემი მეგზური" (My Guide, 2013)

ბარნაბას თოთის მოკლემეტრაჟიანი ფილმის „ჩემი მეგზური" გმირები მოხუცი წყვილია. მოხუცი წყვილი საცობში.
„იმღერე" (Sing, 2016)

სოფი ცდილობს თავის ახალ სკოლას შეეგუოს. ის სკოლის ცნობილ გუნდში მღერის და ეს მისი ერთადერთი ნუგეშია. მაგრამ გუნდის ხელმძღვანელი არც ისეთი სანიმუშო მასწავლებელი აღმოჩნდება. ამიტომ, სოფის და მის ახალ მეგობარ ლიზას მისთვის ჭკუის სწავლება მოუწევთ.

კრიშტოფ დეაკის ამ მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა კრიტიკის მაღალი შეფასება და 2017 წლის კინოაკადემიის ჯილდო დაიმსახურა, როგორც საუკეთესო მოკლემეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა.

„42-ე სიმფონია" (Symphony No. 42, 2014)

„42-ე სიმფონიაში" გამოყენებულია არაკონვენციური თხრობა. მასში წარმოდგენილია სუბიექტური სამყარო 47 სცენის საშუალებით. პატარა მოვლენები ასოციაციურად უკავშირდება ერთმანეთს და ჩვენი გარემოს ირაციონალურ თანმიმდევრულობას გამოხატავს.

რიკა ბუჩის მოკლემეტრაჟიანი სადიპლომო ნამუშევარი „42-ე სიმფონია" აკადემიის 87-ე დაჯილდოებაზე იყო წარდგენილი. ფილმს მიღებული აქვს პრიზები: ჩიკაგოს, ჰიროსიმას, ჰონგ-კონგის, მელბურნის და ლისაბონის საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^