სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ლიბერალს“ დაუდასტურეს, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალებს ჯერჯერობით არ ახმაურებენ.
თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახური ატარებს, ამ დრომდე მიმდინარეობს.
სპეცოპერაცია გუშინ გვიან ღამით დაიწყო. ისმოდა სროლის და აფეთქების ხმა. კორპუსიდან, სადაც ოპერაცია ტარდება, მოსახლეობა გაიყვანეს. კორპუსთან მობილიზებულია სპეცრაზმის დამატებითი ძალები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა.
არსებული ინფორმაციით, სპეცრაზმი ორი პირის აყვანას ცდილობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაციას კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სუსის ინფორმაციით, სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.