საქართველოს პარლამენტში ხვალ, 28 ნოემბერს დაგეგმილი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები გადაიდო.
როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ „ლიბერალს“ განუცხადა, პროცესი დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ გაგრძელდება. გადადების მიზეზი კი პოზიციების შეჯერებაა, როგორც კანონპროექტის ავტორებს, ისე მთავრობის წევრებს შორის.
„დაახლოებით ერთი კვირით გადაიდო ეს განხილვა, რადგან მიმდინარეობს დამატებითი, განხილვები პირველადი კანონპროექტის, იცით ალბათ, რომ ოდენობასთან დაკავშირებით და რაღაც დეტალების შეჯერება ხდება, როგორც ავტორთა ჯგუფში თავად, ასევე სამთავრობო დონეზე და როგორც კი პოზიცია იქნება შეჯერებული, ჩვენ განვაახლებთ განხილვას.“
მარიამ ჯაშის თქმით, ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შედეგება.
„მოგეხსენებათ, ჩვენ ვიწყებთ სამთავრობო ცვლილებების განხილვას და საკმაოდ ინტენსიური სამუშაო იქნება კომიტეტში. მაგრამ, რა თქმა უნდა, განხილვა გრძელდება და შემდეგი კვირისთვის მე ვფიქრობ, რომ გვექნება. როგორც კი შეჯერებული პოზიცია ექნება ავტორთა ჯგუფს, ჩვენ მზად ვართ განხილვისთვის", - თქვა ჯაშმა „ლიბერალთან“ საუბარში.
კანონპროექტის განხილვის გადადების მიზეზად პოზიციების შეჯერება დაასახელა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ და კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა აკაკი ზოიძემაც. მისი თქმითაც, კანონპროექტის განხილვამ, სავარაუდოდ, ერთი კვირით გადაიწია.
ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა ჩანიშნული იყო განათლების, ჯანდაცვისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.