Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ►მოქალაქე პოლიციას ცემაში, ნარკოტიკების ჩადების მუქარაში ადანაშაულებს

29 ნოემბერი, 2017 14:19

„ძალიან შეურაცხყოფილად და სულში ჩაფურთხებულად ვგრძნობ თავს“, - მოქალაქე გიორგი პერტაია აცხადებს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, მათი მხრიდან ნარკოტიკის ჩადების, ასევე მეუღლის შეურაცხყოფის მუქარა იყო.

გიორგი პერტაია პოლიციელებმა 27 ნოემბერს გააჩერეს ნიკოლაძის ქუჩაზე. როგორც თავად ამბობს, პოლიციელებს წარუდინა ყველა საჭირო საბუთი, უთხრა, რომ იყო ვეტერანი პოლიციელი და გაერთიანებული იყო „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურ მოძრაობაში“.

„პატრულის თანამშრომელმა მითხრა - ბიჭო,  შენ თუ პოლიციელი ხარ, პოლიტიკაში რა გინდა, რომ შენ არ ხარ პოლიციელი და ა.შ.“, - ამბობს პერტაია.

პერტაიას თქმით, ის პოლიციის ვეტერანია, ოფიცერი; თავისი ნებით წამოვიდა პოლიციიდან შევარდნაძის პერიოდში; ასევე იყო აფხაზეთის ომის მონაწილე.

„ნასვამიც არ ვყოფილვარ და არაფერი. ისე დამელაპარაკა პოლიციელი, რომ მერე მეც გადმოვედი მანქანიდან  და დავიწყეთ საუბარი. გეფიცებით, ისე მესაუბრებოდა, თითქოს რაღაც დანაშაული მქონდა“, - ამბობს პერტაია.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტმა, როლანდ ასაკაშვილმა განაცხადა, პერტაია პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.

„მეორე პოლიციელი ეუბნება, - ბიჭო, რას აბლატავებ ამას... შემდეგ დამადეს ხელბორკილები და ჩამსვეს მანქანაში. რომ მივდიოდით და ვეუბნებოდი, ძმაო, რატომ მეცქევი ასე, მე თქვენი ყოფილი კოლეგა ვარ... ჩემთვის მივდიოდი, არაფერი არ დამიშავებია. მეუბნებოდნენ - შენ მთვრალი ხარ, შენ ნარკომანი ხარ, არ ვარ ნარკომანი-მეთქი. მანქანაში მეუბნებიან, რომ შენს ცოლს წაიყვანენ და იმას უზამენ, შენ იქ შეგიყვანთ, იმას გიზამთ. მუჯლუგუნებს მირტყამდნენ კისრის არეში, ისედაც ხერხემალზე ტრავმა მაქვს, ძალიან მტკივა. ტერორისტი მეგონა თავი“, - ამბობს პერტაია.

ადვოკატი როლანდ ასაკაშვილი ამბობს, რომ პერტაიას დაკავების ოქმში მითითებულია, რომ მისი გაჩერების მიზეზი იყო მისი გადამოწმება და არა რაიმე სამართალდარღვევა.

მისი თქმით, გადამოწმებისთვის პერტაიამ წარუდგინა პოლიციას პირადობისა და მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობა და სწორედ ამის შემდეგ იწყება მათ შორის აგრესიული საუბარი, რაც გადაიზარდა კონფლიქტში.

„მას ემუქრებოდნენ ჩადებით, რომ გადაამოწმებდნენ ნარკოლოგიურში, რომ ის არის ნარკომანი, რაზეც პასუხად პერტაიამ განუცხადა, რომ თანახმა იყო გადამოწმებაზე და არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, „თუ პრობლემა არ არის, მაშინ ჩაგიდებთ ნარკოტიკს“ - ისევ იგივე მუქარა, ასევე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა“, - ამბობს ადვოკატი.

ადვოკატი ამბობს, რომ წამებისა და არადამიანული მოპყრობის ფაქტი იყო ისიც, რომ პერტაიას ხელბორკილებს უჭერდნენ.

მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით მიმართეს გენერალურ ინსპექციას და ოქმში აღნიშნული პოლიციელის სახელი და გვარი გადასცეს.

„სამწუხაროდ, დღემდე არ დაგვკავშირებია, რომ მიგვეცა უფრო დეტალური ინფორმაცია. ჯერჯერობით, ალბათ, ადგენენ ამ პირების ვინაობას. თუმცა ერთ-ერთი პირის სახელი და გვარი, რომელიც ფიქსირდება ოქმში, ჩვენ მივაწოდეთ გენინსპექციას“, - ამბობს ადვოკატი.  

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ინფორმაციით,  27 ნოემბერს პერტაია თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე გადაიყვანეს. მოსამართლემ პოლიციის თანამშრომლებს დაავალა დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა და პროცესი 5 დეკემბრისთვის გადადო.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პოლიციის თანამშრომელთა ქმედებაში არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მოითხოვს, საქართველოს სსკ მე-100 მუხლის თანახმად, ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 ივნისი
25 ივნისი

„ქუჩის ბიჭების" მომღერალი ირაკლი ნოზაძე ...

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების" წევრი, მომღერალი ირაკლი ნოზაძე დაჭერს. მას ახლა ღუდუშაურის კლინიკაში გადაუდებელი ოპ ...
25 ივნისი
25 ივნისი

ფოთის პოლიკლინიკაში უფასო კონსულტაციები ...

28 ივნისს ფოთის პოლიკლინიკაში ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი და კარდიოლოგი უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ. ოფთალმოლოგი კოკა ...
25 ივნისი
25 ივნისი

თამაზ ელიზბარაშვილს ცილისწამებასა და სიტ ...

თამაზ ელიზბარაშვილს, რომელსაც ცხოველთა თავშესაფარი აქვს, ცილისწამებასა და ძალადობაში ადანაშაულებენ. გუდუნა დარბუაშვილმა ...
^