Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ავტორიზაციის საბჭოს წევრები დემირელის კოლეჯზე ომბუდსმენის შეფასებას არ იზიარებენ

07 დეკემბერი, 2017 16:05

2017 წლის 30 ნოემბერს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ავტორიზაციის საბჭოს და დემირელის კოლეჯისთვის ავტორიზაციაზე უარის ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

„ლიბერალი“ ავტორიზაციის საბჭოს ორ წევრს ესაუბრა.

რევაზ აფხაზავას თქმით, დემირელის კოლეჯმა საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და ფიქრობს, რომ ყველა სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს,  თუმცა მიაჩნია, ობუდსმენის განცხადება ზედაპირულია და როგორც საბჭოს წევრი არ იზიარებს სახალხო დამცველის პოზიციას და თავის აზრზე რჩება, რომ დემირელის კოლეჯისთვის ავტორიზაციის გაუქმება სამართებრივად გამართული და დასაბუთებული იყო.

„ლიბერალი“ ასევე ესაუბრა საბჭოს სხვა წევრს, გიორგი გახელაძეს.

შეგახსენებთ, რომ საბჭომ დემირელის კოლეჯისთვის ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება 29 აგვისტოს ერთხმად მიიღო.

ავტორიზაციის საბჭოს  ოქმში წერია, რომ კოლეჯში   ავტორიზაციისთვის საჭირო სამივე სტანდარტი დარღვეული იყო, მათ შორის, გამოვლინდა უკანონო ქმედებები.

გიორგი გახელაძის თქმით, ის სახალხო დამცველის რეკომენდაციებს, როგორც მის დღევანდელ განცხადებაშია ნათქვამი, არ იცნობს. ვარაუდობს, რომ რეკომენდაცია საბჭოს მდივნის ან თავმჯდომარის სახელზეა გაგზავნილი.

„მას შემდეგ, რაც ეს ოფიციალურად მოვა და ასეთი წერილები/ განცხადებები მოდის ხოლმე საბჭოს სახელზე, საბჭო იკრიბება და მსჯელობს კონკრეტულ რეკომენდაცია/ კორესპოდენციაზე, რა სახის რეაგირება ჰქონდეს. რა შეუძლია გააკეთოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. მე ჯერ არ გავცნობივარ.  ჩემი, როგორც საბჭოს წევრის, დამოკიდებულება ამ ტექსტთან მიმართებაში შემდეგია: ეს ტექსტი ისეთივე ზოგადია, როგორც თავად ობბუდსმენის ბრალდება საჭოსთან მიმართებით. აქ ნათქვამია, რომ, თურმე, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის კანონთან და მისსავე  ადრინდელ პრაქტიკასთან - ეს ასეა არაა, არ მოდის პრაქტიკასა და კანონთან წინააღმდგობაში ეს გადაწყვეტილება.“ - ამბობს გიორგი გახელაძე.

სახალხო დამცველის შეფასებით, დემირელის  კოლეჯისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ  გადაწყვეტილება  არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გარეშე მიიღეს  და ისეთი გარემოებების საფუძველზე, რომლებიც არ იყო სრულყოფილად გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ  პროცესში სკოლა არ შეაფასეს 2017–2018 წლების სასწავლო გეგმით, ხოლო აქცენტი მთლიანად გადაიტანეს წარსულ პერიოდზე „რის გამოც პროცედურამ ავტორიზაციის პირობების შემოწმების სახე მიიღო, რაც სრულიად განსხვავებულ სამართლებრივ ინსტიტუტს წარმოადგენს.“

გიორგი გახელაძე არ ეთანხმება ომბუდსმენის შეფასებას და ამბობს, რომ  განხილვა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემობების შესწავლის გარეშე არ მომხდარა. მისივე თქმით, ამას ადასტურებს საბჭოს გადაწყვეტილების ოქმი, სადაც ჩანს, რომ საბჭომ  არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება.  მისივე თქმით, ერთადერთი, რაც ვერ შეისწავლეს, სკოლის ფინანსური დოკუმენტაცია, რადგან 2017 წლის თებერვალში სხვა სახელმწიფომ ორგანომ ამოიღო ეს დოკუმენტაცია სკოლიდან.

„სკოლას არ ჰქონდა შესაძლებლობა, წარმოედგინა ეს დოკუმენტაცია ექსპერტებისთვის, რაც დასკვნაში აღნიშნული იყო. ისე, როგორც ვერ წარმოადგინა საბჭოს წინაშე.“ - ამბობს გიორგი გახელაძე.

მისივე თქმით, მხოლოდ წარსულის შეფასება არ მომხდარა და საბჭოს წევრებმა ასევე შეაფასეს 2017 – 2018 წლების სასწავლო გეგმაც. ის ასევე არ ეთანხმება ომბუდსმენის განცხადებას, რომ საბჭოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია დაწესებულების მიერ წარმოდგენილ არგუმენტირებულ პოზიციას თანდართული დოკუმენტაცია, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სხვადასხვა საკითხის ობიექტურად შესწავლისთვის. 

„ერთადერთი დოკუმენტაცია სკოლიდან გახლდათ სკოლის დირქტორის განმარტებითი წერილი, რომლითაც ის ეხმაურებოდა ექსპერტთა დასკვნას. ეს წერილიც განვიხილეთ და ამ წერილში მოყვანილ არგუმენტებთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ იმ სხდომაზე. მაგალითისთვის, ეს ეხებოდა ახალმიღებულ მოსწავლეთა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენას და ამ გეგმით მოსწავლეთა შეფასების საკითხს, არგუმენტად სკოლას მოჰქონდა ის, რომ ის  არაადეკვატური სურათი, რომელიც მათივე წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდებოდა, გადაბრალებული იყო საქმის მმართველზე (ტექნიკური შეცდომა), მაგრამ ინდივიდუალური გეგმის შედგენისა და შეფასების ხარვეზი ერთჯერადი ხასიათის კი არ იყო, არამედ მრავლობითი.“ - ამბობს გახელაძე

ომბუდსმენის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პრობლემური საკითხები მეტიწილად ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საფუძვლად არსებული დარღვევები იყო და კონკრეტული პირების მიერ ჩადენილი მსგავსი ქმედებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ უნდა გამხდარიყო დაწესებულებისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმის საფუძველი./

„დიახ ჩვენ ვცდილობდით, დავრწმუნებულიყავით, რომ ეს არის მხოლოდ ინდივიუალური პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა პედაგოგებმა, რომლებიც ესწრებოდნენ საბჭოს სხდომას დაადასტურეს, რომ მოსწავლეთა შეფასებაში მონაწილეობდნენ.

როდესაც ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ამბობს, რომ ისინი არაადეკვატურ საგანმანათლებლო პროცესში მონაწილეობდნენ და  საბოლოოდ ეს პროცესი კანონსაწინააღმდეგო დოკუმენტის გაცემით სრულდებოდა, რომელიც არ არის ერთჯერადი ხასიათის,  ეს უკვე ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი აღარაა.“ - ამბობს გიორგი გახელაძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^