Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრამპის იერუსალიმი - აშშ პალესტინას მოუწოდებს, არ ჩაშალოს აბასისა და პენსის მოლაპარაკებები

08 დეკემბერი, 2017 14:51

რა მოხდა:

„დროა, ოფიციალურად ვაღიაროთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად. ამ დაპირებას იძლეოდნენ წინა პრეზიდენტები და მათ ეს ვერ შეძლეს. დღეს მე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ტრამპმა, როცა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.

ტრამპის განცხადების შემდეგ იერუსალიმსა და დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიებზე პალესტინელთა გაფიცვა დაიწყო და მოსახლეობა ქუჩებში გავიდა. დემონსტრანტებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის შეტაკებების შემდეგ 30-ზე მეტი პალესტინელი დაშავდა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და დასავლეთ სანაპიროზე დამატებითი ძალებიც შეიყვანა. თავის მხრივ, დღეს პალესტინელები კიდევ უფრო დიდ გამოსვლებს გეგმავენ.

პალესტინაში ანტიამერიკული განწყობა დღითი დღე იზრდება. ამის გამო, დეკემბრის მეორე ნახევარში დაგეგმილი მოლაპარაკებები პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შორის, სავარაუდოდ, ჩაიშლება, ეს კი ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს.

როგორ შეცვალა აშშ-მა პოზიცია:

„ეს გადაწყვეტილება აშშ-ის საუკეთესო ინტერესების მიხედვით გამოვიტანე და ისრაელ-პალესტინას შორის სამშვიდობო პროცესის წარმართვისთვის.“ - განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, აშშ საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანისთვის მზადებას დაიწყებს. 

აღიარების გადაწყვეტილება ტრამპის ხისტი საგარეო პოლიტიკის გააგრძელებაა. მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეები აფრთხილებდნენ, არ მიეღო ეს გადაწყვეტილება, მას მოწინააღმდეგეები ჰყავდა თავის ქვეყანაშიც, თუმცა ტრამპმა იერუსალიმი ისარელის დედაქალაქად მაინც აღიარა.

„ამაში განსაკუთრებული არაფერია. უბრალოდ, რეალობა აღვნიშნე“ - თქვა ტრამპმა და დაამტა, რომ „ეს ნამდვილად სწორი ნაბიჯი იყო“.

ტრამპის თქმით, აშშ მხარს დაუჭერს „ორი დედაქალაქის გადაწყვეტილებას“, რაც პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს 1967 წლამდე არსებული სტატუს-კვოს დამტკიცებით: დასავლეთ სანაპიროს, ღაზის სექტორისა და აღმოსავლეთ იერუსალიმის პალესტინელთა იურისდიქციაში მოქცევით. ოღონდ იმ შემთხვევაში, „თუ ორივე მხარე თანახმა იქნება“, - თქვა ტრამპმა.

რა რეაქცია ჰქონდათ სხვა ქვეყნებს:

ტრამპის გადაწყვეტილება რეზონანსული იყო. იერუსალიმის აღიარებამ ისრაელის დედაქალაქად უკმაყოფილება გამოიწვია საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ის სხვა მოკავშირეებში. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მძაფრი იყო რეაქცია პალესტინიდან და სხვა მუსლიმური ქვეყნების მხრიდან. პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ აშშ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ვეღარ შეძლებს გააგრძელოს ისრაელსა და პალესტინას შორის მედიატორის როლის შესრულება. „ეს გადაწყვეტილება ვერ შეცვლის რეალობას და ვერ მისცემს ისრაელის პრეტენზიას იერუსალიმზე რაიმე ლეგიტიმაციას. ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ დამოუკიდებლობას.“ - განაცხადა აბასმა.

ჰამასის ლიდერმა, ისმაილ ჰანიამ, რომელიც ღაზის სექტორს მართავს, განაცხადა, რომ ისრაელს „მრისხანების დღე“ ელის. მან მუსლიმურ ქვეყნებს ინტიფადის დაწყებისკენ მოუწოდა და პარასკევი საერთო შეტევის პირველ დღედ დაასახელა.

განწყობა სხვანაირი იყო თვითონ ისრაელში. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეითანიაჰუმ განაცხადა, რომ „დედაქალაქის ისტორიაში ტრამპის სახელი სამუდამოდ დარჩება“. ისრაელის ლიდერმა დასძინა, რომ აშშ-ის ამ გადაწყვეტილებას მალე სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან.

რა რეაქცია ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატებს:

აბასის მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, ჯიბრილ რაჯუბმა ტრამპს უპასუხა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკამ რამდენიმე ათეული წლით დაიხია უკან და მაიკ პენსის დაგეგმილ ვიზიტს პალესტინელი ხალხი ვეღარ მიესალმება.

თუმცა აშშ მაინც მიიჩნევს, რომ ვიცე-პრეზიდენტსა და მაჰმუდ აბასს შორის მოლაპარაკებები მაინც უნდა შედგეს. „აშშ-ს სურს, რომ შეხვედრა შედგეს. მისი გადადება, ვფიქრობთ, კონტრპროდუქტიული იქნება“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. აშშ მიიჩნევს, რომ ისრაელ-პალესტინის პრობლემის გადაწყვეტის მშვიდობიანი გზა, ჯერ არ ჩაკეტილა.

მაიკ პენსი პალესტინის შემდეგ ისრაელისა და ეგვიპტის ლიდერებსაც უნდა შეხვდეს.

რატომ იყო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი:

ისრაელ-პალესტინის დაპირისპირება ათეული წლებია მიმდინარეობს. ორი ქვეყნის, რელიგიურად განსხვავებული მოსახლეობა ერთ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ისრაელს უპირისპირდება მუსლიმური სამყარო და ამის გამო რამდენიმე ომიც გადაიტანა.

იერუსალიმი, რომელიც ქრისტიანობის, ისლამისა და იუდაიზმის წმინდა მიწებს იტევს, ვერ იტევს ებრაელებისა და პალესტინელების ერთდროულ მოთხოვნას, იყოს მათი დედაქალაქი.

1967 წელს ისრაელმა დასავლეთ სანაპიროსთან ერთად დაიკავა აღმოსავლეთ იერუსალიმიც და დღესაც ის აკონტროლებს. ქვეყანა მიიჩნევს, რომ ამ ტერიტორიებზე მას ლეგიტიმური უფლება აქვს. მისი დედაქალაქიც არა თელ-ავივი, არამედ იერუსალიმი უნდა იყოს. თუმცა საერთაშორისო საზოგადოება ისრაელის დედაქალაქად ისევ თელ-ავივს მიიჩნევდა.

თავის მხრივ, აღმოსავლეთ იერუსალიმი დედაქალაქად წარმოუდგენიათ პალესტინელებსაც, სადაც მდებარეობს ძველი ქალაქი, სამი რელიგიისთვის წმინდა ტერიტორია.

1993 წლის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ, დაპირისპირებული მხარეები შეთანხმდნენ, რომ იერუსალიმის პრობლემა მოგვიანებით გადაეწყვიტათ. დღეს რთული სათქმელია, როდის გადაიჭრება საკითხი, თუმცა, სავარაუდოდ, აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ბევრ რამეს შეცვლის.

ფოტო გარეკანზე: AFP/GETTY IMAGES

წყარო: BBC

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^