Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

2 საქმე - ქალები სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ

15 დეკემბერი, 2017 15:30

„კოალიცია თანასწორობისთვის“ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან  ძალადობის მსხვერპლი ქალების დასაცავად დაუყოვნებელი ზომების მიღებას მოითხოვს.

კოალიციის წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს  საზოგადოებას ის საქმეები გააცნეს, სადაც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევები ფიქსირდება.

კავშირ „საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, რომ ორგანიზაციას მარტო წელს 5 საქმე აქვს წარმოებაში, რომლებშიც იკვეთება, რომ მოძალადე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელია, ან ყოფილი თანამშრომელი, ან სარგებლობს ძალოვანი სტრუქტურის მფარველობით. მისი თქმით, ამ შემთხვევევებზე დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება არ მიმდინარებს და რეალურუდ, ქალისთვის მართლმსაჯულება  მიუწვდომელია. მან მიმდინარე ორ საქმეზე ისაუბრა.

საქმე N1

პირველ საქმეში მსხვერპლს სურს, რომ ჯერჯერობით ანონიმურად დარჩეს. ქალი ყოფილი პარტნიორის მხრიდან, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) თანამშრომელია, განიცდიდა ფიზიკურ ძალადობას.  მოძალადე დამამცირებელად და არაადამიანურად ეპყრობოდა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. ამავე დროს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით.  ამის შესახებ

„ზამთარში აიძულებდა ქურთუკის გარეშე ერბინა ქუჩაში და თან მიჰყვებოდა მანქანით,“ - ამბობენ „საფარში“.

2017 წლის 4 დეკემბერს „საფარმა“ მიმართა ვაკე-საბურთალოს მე-3 განყოფილებას, სადაც ხუთსაათიანი განხილვის შემდეგ გამოძიება მხოლოდ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო (ოჯახში ძალადობა), მაშინ როცა ორგანიზაციის იურისტების შეფასებით,  ერთმნიშვნელოვნად იკვეთებოდა დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისა (სისხლის სამართლის კოდექსის 1443მუხლი) და  1261 მუხლის მე-2 ნაწილით (ოჯახში ჩადენილი ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაული.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გამოძიება 11 დღეა მიმდინარეობს, თუმცა არ ჩატარებულა აუცილებელი და სავალდებულო წინასაგამოძიებო მოქმედებები.

 „საფარი’’ მოითხოვდა საქმისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერების ამოღებას, რიგ ექსპერტიზებსა და მოწმეების დაკითხვას, თუმცა ამ  ღონისძიებებისთვის გამოძიებას არ მიუმართავს.

„მეტიც, დღემდე დაზარალებულს აქვს მხოლოდ მოწმის სტატუსი და მის მიმართ არანაირი დამცავი მექანიზმი  არ არის გამოყენებული. მათ შორის, მოთხოვნის მიუხედავად, არ გამოუციათ შემაკავებელი ორდერი. სუსის თანამშრომელი კი დღემდე განაგრძობს დაზარალებულის შანტაჟს, ოჯახის წევრების მეშვეობით,“ - ამბობს ბაია პატარაია.

ორგანიზაციის წევრები მოითხოვენ ეფექტიან გამოძიებას და მსხვერპლის დაცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმეში მონაწილე კონკრეტული პირების ვინაობას გაასაჯაროებენ, ასევე, ისაუბრებენ იმაზე, თუ ვინ მფარველობს სუსის თანამშრომელს და რატომ არ მიმდინარეობს გამოძიება სათანადოდ.

საქმე N2

მსხვერპლი ნინო თასოშვილი  ყოფილი  მეუღლის, ვახტანგ თედიაშვილის მხრიდან განიცდის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ძალადობას და  სიცოცხლის ხელყოფის მუქარას. 

ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით 2016 წლიდან მან 12-ჯერ უშედეგოდ მიმართა დასახმარებლად შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოს.

ნინო თასოშვილი აცხადებს, რომ მოძალადეს, სავარაუდოდ, მფარველობს ახლო  ნათესავი (მოძალადის დის ქმარი), რომელიც ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანია.

მსხვერპლის განცხადებით, იგი უხეშად ერეოდა გამოძიების მსვლელობისას, ზემოქმედებდა მოწმეებზე და ყოველთვის ცდილობდა მოძალადის  პასუხისმგებლობის  არიდებას.

„ჩემი შვილი, რომელიც ახლა 6 წლისაა, ემოციურ სტრესშია, რადგან ხუთი წლის განმავლობაში მის თვალწინ მამამისი ჩემზე ძალადობდა. ახლა ჩემზე ზეწოლაა, რომ გავიტანო საჩივარი,“ - ამბობს ნინო თასოშვილი.

მოძალადემ სკოლაში, მრავალი არასრულწლოვნისა და შვილის თვალწინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნინო თასოშვილს. თუმცა ის მაშინვე არ დაუკავებიათ. მოძალადე მას შემდეგ დააკავეს, რაც „საფარმა“ წერილობით მიმართა საგამოძიებო ორგანოს და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

„13 დეკემბერს, სავარაუდოდ, ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნის წაქეზებით მოხდა სავარაუდო ცრუ დასმენა მხვერპლის წინააღმდეგ, რაშიც მონაწილეობდნენ შვილი და სიდედრი, რაზეც შსს-მ დაიწყო გამოძიება და რაც ასევე დაზარალებულზე ზეწოლის შემადგენელი ნაწილია. საქმეში ღონღაძის ჩართულობასთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან როგორც გამომძიებელი და პროკურორი, ასევე გენერალური ინსპექცია და სახალხო დამცველი, თუმცა მის წინააღმდეგ გამოძიება არ მიმდინარეობს,“ - ამბობენ „საფარში“.

სხვა საქმეები

ბაია პატარიას თქმით, არასათანადოდ მიმდინარეობს გამოძიების პროცესი „საფარის“ წარმოებაში არსებულ სხვა საქმეებშიც, რომლებშიც ასევე ფიგურირებენ სამართალდამცავი პირები. ამ საქმეებზე არ გაიცემა შემაკავებელი ორდერები, საქმეები არ კვალიფიცირდება დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად, მსხვერპლებსა და მოწმეებზე მიმდინარეობს ზეწოლა, სამართალდამცავი სტრუქტურები კი ვერ უზრუნველყოფენ მათ დაცვას. თვეების განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი ქალები უშედეგოდ ცდილობენ სამართალდამცავი სტრუქტურებთან  შედეგიან თანამშრომლობას და ვერ ახერხებენ მართლმსაჯულების მიღწევას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის თამარ დეკანოსიძის თქმით, ეს ორი შემთხვევა არ არის გამონაკლისი და პრაქტიკა ცხადყოფს, რომ პრობლემად რჩება ძალადობის ის შემთხევვები სადაც სავარაუდო მოძალადე არის ან შსს-ს თანამშრომელი ან სუსის, ან ამ უწყებებთან დაახლოებული პირი.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტია, რომ ასეთ შემთხვევებში სახელმწიფომ არათუ თანაბარი მიდგომა უნდა გამოიჩინოს სამართალდამცავი უწყების მოძალადე თანამშრომლის ან სხვა მოძალადის მიმართ, არამედ სპეციალური დაცვის ღონისძიებები უნდა გამოიყენოს,  როცა მოძალადე უწყების თანაშრომელია, მსხვერპლის განსაკუთრებული მოწყვლადობის გამო", - ამბობს თამარ დეკანოსიძე.

საიას კვლევის ფარგლებში, 2017 წლის ნოემბერში ინტერვიუები ჩატარდა ძალადობის მსხვერპლ ქალებთან, რომელთა ნაწილიც მიუთითებდა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მათ საქმეზე არაეფექტიანი რეაგირება სწორედ მათი მეუღლეების/ყოფილი მეუღლეების ძალოვან სტრუქტურებში მუშაობას და მათ წარმომადგენლებთან პირად ნაცნობობას უკავშირდებოდა. ძალადობის მსხვერპლები მიუთითებდნენ მართლმსაჯულების ისეთ ხარვეზებზე, როგორებიცაა პრობლემა  შემაკავებელი ორდერის გამოცემის დროს, გამოძიების არასათანადო და არაეფექტიანი წარმოება, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა, პასუხისმგებელი პირის არგამოვლენა და სხვა.

პოლიციელის მიერ ოჯახში ჩადენილ ძალადობაზე არაეფექტიანი რეაგირების ერთ-ერთ შემთხვევაზე საიამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსაც მიმართა.

კოალიციის შეფასებით, ჩნდება ეჭვი, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღინიშნება ლოიალობა და დანაშაულის შეწყნარება მათი თანამშრომლების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ფაქტების მიმართ. მათი განცხადებით, მსგავსი მიდგომა აზიანებს სამართალდამცავი ორგანოებისა და კანონის უზენაესობის მიმართ ნდობას და ახალისებს დაუსჯელობას.   სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისგან ქალები გენდერული და ოჯახში ძალადობის მომეტებული რისკის ქვეშ იმყოფებიან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტია, რომ ამგვარ ძალადობაზე რეაგირებისთვის სახელმწიფოს განსაკუთრებული გულისხმიერება მართებს.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა, ანა არგანაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო უმოქმედოა ასეთი შემთხვევების დროს და  გამოდის, რომ  გაცხადებული პრიორიტეტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ისინი საერთაშორისო ანგარიშებში ასახავენ იმ მანკიერ პრაქტიკას, რაც  სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების დაუსჯელობას  ეხება.

კოალიცია მოითხოვს პროკურატურისგან მსხვერპლის დასაცავად დაუყოვნებელი ზომების გატარებასა და სამართლდამცავი ორგანოების (შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) თანამშრომელთა ან მათთან დაკავშირებულ პირთა მიერ ჩადენილი დანაშაულების დროულ, ჯეროვან და ეფექტიან გამოძიებას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^