Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზმაუ „მაუწყებლობის შესახებ" კანონზე შერეულ ფორმატში პრეზიდენტთან შეხვედაზე უარს აცხადებს

16 დეკემბერი, 2017 14:38

„შერეულ ფორმატში მონაწილეობა ჩვენთვის მიუღებელია" - საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო „მაუწყებლობის შესახებ" კანონზე სასაუბროდ პრეზიდენტთან პირადად შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს და აცხადებს, რომ შერეულ ფორმატში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, რადგან „ასეთი ფორმატი არ იძლევა საკითხში გარკვევის რეალურ შესაძლებლობას".

დღეს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების საკითხზე დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრას გეგმავს. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის" აღმასრულებელი საბჭოს განცხადებას „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვდეს ამ საკითხით დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს.

საზოგადობრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო მზად არის, პირადად შეხვდეს პრეზიდენტს და დეტალურად განუმარტოს მაუწყებლის პოზიცია და არგუმენტები, რათა გიორგი მარგველაშვილი სრულად იყოს ინფორმირებული საკანონმდებლო ცვლილებების არსთან და მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

კანონპროექტის მომზადებისა და საპარლამენტო განხილვის პერიოდში ჩვენ მუდმივად ვხვდებოდით ყველა დაინტერესებულ პირსა თუ ჯგუფს და ვუხსნიდით ჩვენს პოზიციას. მხოლოდ მივესალმებით, რომ პრეზიდენტი დაინტერესდა საზოგადოებრივი მაუწყებლით და მზად ვართ, მას ვესაუბროთ ჩვენს პრობლემებზე, გამოწვევებზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გაძლიერების გზებზე. მხოლოდ ასეთი შეხვედრის შემდეგ, თუ ბატონ პრეზიდენტს კიდევ დარჩება კითხვები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, მზად ვიქნებით, ვისაუბროთ შეხვედრის სხვა ფორმატზე.

მანამდე კი ნებისმიერ შერეულ ფორმატში მონაწილეობა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან, ჩვენი აზრით, ასეთი ფორმატი არ იძლევა საკითხში გარკვევის რეალურ შესაძლებლობას და შედეგისთვის მხოლოდ საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს. იმის გამო, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, განზრახ არასწორად განმარტონ კანონის კონკრეტული მუხლები და სრულად დაამახინჯონ კანონის ზოგადი სულისკვეთება, მათთან კამათი მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი პრინციპებიდან და მაუწყებლის ინტერესებიდან გამომდინარე.

იმის გამო, რომ საკანონმდებლო ცვლილებები უშუალოდ შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჩვენ ველოდებით, რომ ბატონი პრეზიდენტი დათანხმდება შეხვედრის ჩვენ მიერ შეთავაზებულ ფორმატს და გულწრფელად შეეცდება, გაერკვეს „პირველი არხის“ წინაშე მდგარ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელთა გადაჭრა საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე შეუძლებელია.

პატივისცემით,

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^