Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სარეაბილიტაციო ცენტრების განვითარების გეგმა, რომელიც ნარკოპოლიტიკის კანონპროექტს ერთვის

12 იანვარი, 2018 12:59

„ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობით მომზადებული კანონპროექტს, რომელიც ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარების და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზებას ითვალისწინებს, თან ერთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო, ზიანის შემცირების სერვისების განვითარების კონცეფციაც.

სამკურნალო-სარებილიტაციო სერვისების განვითარების მნიშვნელობასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა  საქართველოს საპატრიარქომ და აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო ცენტრების კუთხით მდგომარეობა მალე უნდა შეიცვალოს, ასევე უნდა მოხდეს სასწავლებლებში სპეციალური კურსის შემოღება, რათა ახალგაზრდებმა გააცნობიერონ ნარკომომხმარების რისკები.

განცხადების დასასრულს, საპატრიარქო აღნიშნავს, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის წარმოდგენილ ვარიანტში აღნიშნული მიმართულებები არ არის ასახული, რაც მისი განხილვის შეჩერების აუცილებლობაზე მეტყველებს.

თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კანონპროექტის მოიცავს როგორც საკანონმდებლო, ასევე სამკურნალო-სარეაბილიტაციო და ზიანის შემცირების პროგრამების კუთხით გასატარებელ ღონისძიებებს.

პლატფორმის წევრის, „ალტერნატივა ჯორჯიას“ ხელმძღვანელის, დავით ოთიაშვილის თქმით, აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობისას მათ სერვისების განვითარების გარდამავალი გეგმა/კონცეფციაც შეიმუშავეს, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობას ნარკოლოგები, სერვისის მიმწოდებლები და მომხამარებელთა თემის წარმომადგენლები იღებდნენ.

მისი თქმით, კანონმდებლობის ცვლილების პარალელურად, სამკურნალო-სარეაბილიტაციო აქტივობების განხორციელება დააზღვევს იმ შესაძლო რისკებს, რომლებიც პოსტდეკრიმინალაციის პერიოდშია მოსალოდნელი.

„საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ მიერ შემუშავებული კონცეფცია 4 კონპონენტისგან შედგება:

  1. ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციაზე მიმართული სისტემის ამუშავება (ცალკე შემუშავებულია პრევენციის სტრატეგიის დოკუმენტი);
  2. შეფასების და გადამისამართების კომისიების ამოქმედება (პორტუგალიის მოდელის მსგავსად);
  3. კონსულტირებისა და მკურნალობის სერვისების სპექტრის გაფართოება (ასევე იმ სერვისების დამატება, რომლებიც აუცილებელია, მაგრამ დღეს საქართველოში არ გვაქვს);
  4. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სისტემის ჩამოყალიბება;

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია

ნარკოპოლიტიკის პლატფორმა აღნიშნავს, რომ რეკომენდებულია ასაკობრივი თავისებურებების შესაბამისი პრევენციული პროგრამების შექმნა და დანერგვა. ბავშვებსა და ახალგაზრდებზე მიმართული პრევენციული პროგრამები უნდა იყოს გრძელვადიანი, დროთა განმავლობაში ცალკეული ელემენტების განმეორებითა და ასაკის შესაბამისად გაღრმავებით, რათა მოხდეს საწყისი პროფილაქტიკური ეფექტის განმტკიცება. პრევენციული განათლების დანერგვა უნდა მოხდეს სხვადასხვა საგანმანათლებლო დონეზე - სკოლამდელ დაწესებულებებში, სკოლებსა და 21 უმაღლეს სასწავლებლებში, რაც ერთიანი, მრავალსაფეხურიანი ანტინარკოტიკული აღზრდის სისტემის შექმნის საფუძველი გახდება.

მათივე თქმით, აუცილებელია ანტინარკოტიკული საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებაში ნარკოტიკების მოხმარებისადმი ადეკვატური განწყობის შესაქმნელად. ნარკომანიის პრობლემებთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია უნდა ხორციელდებოდეს გეგმაზომიერად, განსაკუთრებული სიფრთხილით და გარკვეული პრინციპების დაცვით.

შეფასების და გადამისამართების კომისიების ფუნქციონირება

პლატფორმის კონცეფციით, საკანონმდებლო რეფორმის შემდეგ, შეფასების და გადამისამართების კომისია შეასრულებს პირველადი რეაგირების და შუალედური რგოლის ფუნქციას, რომელიც განტვირთავს პოლიციის, პროკურატურის და სასამართლო სისტემებს ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეების (გარდა ფლობისა მცირე ოდენობაზე მეტი ოდენობით და გასაღების საქმეებისა) წარმოება/განხილვისაგან და დააკავშირებს ნარკოტიკების მომხმარებელ პირებს მათთვის საჭირო სერვისებთან.

„კომისიების გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად საჭირო იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპი) შექმნა. სსიპის მმართველ რგოლში დასაქმდება 3 ადამიანი. სსიპი ხელშეკრულების საფუძველზე დააკონტრაქტებს კომისიებში მიწვეულ სპეციალისტებს და გაუწევს მათ ადმინისტრაციულ და ლოგისტიკურ მხარდაჭერას. გარდა ამისა, შეიქმნება ახალი კანონი „შეფასების და გადამისამართბის კომისიების“ შესახებ, რომელიც გახდება კომისიების სამართლებრივი სტატუსის განმსაზღვრელი და უზრუნველყოფს კომისიის მიერ ადმინისტრაციული სანქციების დაწესების კომპეტენციას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

კომისიის ფუნქცია: კომისიის მულტიდისციპლინური გუნდი განიხილავს პოლიციის (სასამართლოს, პროკურატურის) მიერ გამოგზავნილი ადამიანების საქმეებს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის სპეციფიკიდან და პიროვნების მახასიათებლების და საჭიროებებიდან გამომდინარე, იღებს გადაწყვეტილებას პირის შემდგომი გადამისამართების ან შემაკავებელი ზომების (სანქციების) გამოყენების თაობაზე.

პოლიცია (სასამართლო, პროკურატურა) ამისამართებს ადამიანს კომისიაში იმ შემთხვევაში, როდესაც:

  • დაფიქსირდა ნარკოტიკებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევა (მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის 22 ადგილას, თრობის მდგომარეობაში ტრანსპორტის მართვა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება მაღალი რისკის სიტუაციებში, ბავშვებთან და მოზარდებთან ურთიერთობისას და ა.შ.);
  • დაფიქსირდა ადმინისტრაციული კანონმდებლობის სხვა დარღვევა და პირი, პოლიციელის აზრით, იმყოფება ნარკოტიკული თრობის ქვეშ ;
  • აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ მოსამართლე/პროკურორი წყვეტს საქმეს და აგზავნის პირს კომისიაში;

გადამისამართების კომისია უფლებამოსილია, მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება:

  • მისცეს პირს ზეპირი გაფრთხილება/შენიშვნა;
  • პირის საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად გადაამისამართოს პირი ნარკოლოგიური მომსახურების დაწესებულებაში (კლინიკა, სარეაბილიტაციო ცენტრი) მოკლე ინტერვენციის კურსის გასავლელად;
  • გადაამისამართოს პირი ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში სტაციონარული ან ამბულატორული დეტოქსიკაციის და პირველადი სამედიცინო რეაბილიტაციის კურსის გასავლელად;
  • პირის საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, გადაამისამართოს პირი ზიანის შემცირების პროგრამაში;
  • პირის საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, გადაამისამართოს პირი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამაში;
  • დაუწესოს პირს კანონით გათვალისწინებული სანქციები (უფლებების შეზღუდვა ან ჩამორთმევა, ფულადი ჯარიმა);

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრების ფუნქციონირება

ნარკოპოლიტიკის პლატფორმა აღნიშნავს, რომ საქართველოში წამალდამოკიდებულების მკურნალობის სისტემაში ფსიქო- სოციალური რეაბილიტაციის რგოლი პრაქტიკულად არ არსებობს. მათი თქმით, სარეაბილიტაციო ეტაპის ამოგდება მკურნალობის პროცესიდან დრამატულად ამცირებს მკურნალობის ეფექტურობას და ხშირ შემთხვევაში წარუმატებელი მკურნალობის მთავარი მიზეზი ხდება.

პლატფორმის კონცეფციით, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრების ფუნქცია იქნება:

  • ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებს აწვდის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისებს;
  • ფსიქოლოგიური კონსულტაცია;
  • მოტივაციური ინტერვიუირება;
  • კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია;
  • 12 ნაბიჯის პროგრამა;
  • თვითდახმარების ჯგუფების მოდერაცია;
  • სოციალური დახმარება;
  • სიმპტომური ფარმაკოლოგიური თერაპია;

პლაფტომა აღნიშნავს, რომ სარეაბილიტაციო ცენტრში ბენეფიციარების ძირითადი ნაწილი მოხვდება ნარკოლოგიურ კლინიკაში დეტოქსიკაციის და პირველადი რეაბილიტაციის ეტაპის შემდეგ. ბენეფიციართა გარკვეული ნაწილი ცენტრში რეფერირებულია გადამისამართების კომისიის მიერ. ცენტრი აგრეთვე მოემსახურება საპატიმროებიდან განთავისუფლებულ პირებს, ზიანის შემცირების პროგრამიდან ან სხვა წყაროდან რეფერირებულ ადამიანებს.

რაც შეეხება აღნიშნული ცენტრების მდებარეობას, პლატფორმის კონცეფციით, ცენტრებმა ფუნქციონირება უნდა დაიწყოს  საქართველოს 10 ქალაქში; ოფისად გამოიყენებს ქალაქებში არსებულ ჩანაცვლებითი მკურნალობის ან ზიანის შემცირების დაწესებულების ფართს, 2-3 ოთახს.

პლაფტომის გათვლებით, ერთი სარეაბილიტაციო ცენტრის მუშაობა საჭიროებს დაახლოებით 108,100 ლარს წელიწადში. 10 ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო იქნება 1,081,000.00 ლარი წელიწადში.

ხარჯები

პლატფორმის კონცეფციით, გარდამავალი გეგმის მიხედვით, დამატებითი სტრუქტურების დაარსების და ფუნქციონირების წლიური ხარჯი იქნება შემდეგი (არ შედის პრევენციის კომპონენტის ღირებულება და შეფასების და გადამისამართების სისტემის კოორდინაციისათვის ახალი სსიპი-ს ხარჯები):

სამუშაო ჯგუფის წევრთა თვალსაზრისით, სახელმწიფო ბიუჯეტს წლიურად შეიძლება მოუხდეს მაქსიმუმ 2 მილიონი ლარის დამატებით გამოყოფა, რათა დააკმაყოფილოს დეკრიმინალიზაციის შემდგომი პერიოდის საჭიროებები და უპასუხოს მოსალოდნელ დამატებით გამოწვევებს.

რას სთავაზობს პლატფორმა ხელისუფლებას ნარკოლოგიური სერვისების განვითარებისთვის - კონცეფცია

ანგარიში: თუ რეფორმა სრულად ამოქმედდება, 10 წელში ინექციურ მომხმარებელთა რიცხვი განახევრდება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^