ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს. კვლევის მიხედვით, მთავრობის გაცხადებულ პოზიციას ევროკავშირში გაწევრებაზე გამოკითხული მოქალაქეების 72%, NATO-ში შესვლას კი 64% უჭერს მხარს. ევროკავშირში გაწევრება მიუღებელია მოქალაქეთა 21%-თვის, NATO-ში შესვლა კი - 26 პროცენტისთვის. გამოკითხულთა 7%-მა შეკითხვას, მისაღებია თუ არა მათთვის საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, უპასუხა, რომ „არ იცის“. იგივე პასუხი გასცა მოქალაქეთა 9%-მა, NATO-ს წევრად გახდომის მიზანზე.
NDI-ის კვლევის ეს ნაწილი შეეხებოდა ქვეყნის განვითარების კურსთან, საცხოვრებელ პირობებთან, ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან, 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებთან, ხელისუფლების საქმიანობასა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ მიგნებებს.
აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს
მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე,
ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა
(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი
არის +/- 1.9 პროცენტი.
NDI-ის კვლევები წარმოებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.