„მე მიყვარს ჩემი სამშობლო. მიყვარს საქართველო და აქ ვაპირებ ცხოვრებას ჩემს ოჯახთან ერთად და მუშაობას. 2008 წლის ომის შესახებ რომ გავიგე, წასული ვიყავი, მაგრამ დავბრუნდი საქართველოში. ძალიან ვნერვიულობდი ჩემს მეგობრებზე და გული შემტკიოდა საქართველოზე. ჩვენი ორგანიზაციის შენობაც კი დავუთმეთ ომის დროს დაზარალებულ ასობით ადამიანს, დავაპურეთ, თავშესაფარი მივეცით. ახლა რომ აქ, სასამართლოში ვარ ეს უსამართლობაა“, - განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა სასამართლო სხდომაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების სარჩელი, რომლითაც მოითხოვენ ბათილად იყოს ცნობილი პირველი ინსტაციის გადაწყვეტილება, მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მიუნიჭებლობის თაობაზე.
ჩაბუქი ამბობს, რომ თუ თურქეთში დააბრუნებენ, იქ მას ცუდად მოეპყრობიან.
„15 წელია, საქართველოში ვცხოვრობ და მასწავლებლად ვმუშაობ. არც თურქეთში და არც საქართველოში დანაშაული არ ჩამიდენია. 2016 წლის გადატრიალების შესახებ მეც საქართველოში ვიყავი და, როგორც ყველამ, ტელევიზიით გავიგე... თუ აქ არ დამტოვებენ და თურქეთში გამგზავნიან, იქ ცუდად მომეპყობიან. ვისაც თვლიან, რომ გიულენთამ კავშირი აქვს, ძალიან ცუდად ექცევიან თურქეთში. ვიმედოვნებ, რომ სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც დამიცავს ამ ყველაფრისგან. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიყვარს საქართველო და არც აქ და არც თურქეთში არაფერი ცუდი არ ჩამიდენია", - განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა