ბექა წიქარიშვილს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა სასამართლოს მისამართით შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო შეეფარდა და არა სასამართლოს შესასვლელი კარის შუშის ჩამტვრევისთვის.
Facebook-ზე მომხმარებლების კომენტარების მიხედვით ჩანს, რომ უმრავლესობის აზრით, რაკიღა მოსამართლემ სახდელის თითქმის უმაღლესი ზომა (15-იდან 14 დღე) გამოიყენა, მან ეს წიქარიშვილის მიერ ფანჯრის ჩამტვრევის გამო გააკეთა.
თუმცა, აქტივისტს 14-დღიანი პატიმრობა წვრილმანი ხულიგნობისთვის შეფარდა, რაც საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას ითვალისწინებს. რაც შეეხება შუშის ჩამტვრევას, ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ცალკე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტს, ანი ნასრაშვილს, რომელიც ბექა წიქარიშვილის ინტერესებს იცავს, მოსამართლის დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდა:
„საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ დამრღვევის პიროვნებიდან გამომდინარე და მის მიერ ჩადენილი ქმედების ხარისხის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებული უნდა იქნას ადმინისტრაციული პატიმრობა, რადგან მისთვის ჯარიმის დაკისრება ვერ უზრუნველყოფდა სახდელის მიზნების განხორციელებას“, - წერს მოსამართლე დადგენილებაში.
„როდემდე უნდა ვითმინოთ, თქვენი დედას *** ", - აღნიშნული სიტყვები სასამართლოს ეზოში ბექა წიქარიშვილმა მას შემდეგ გამოიყენა, რაც მოსამართლე შორენა გუნცაძემ გიორგი გიორგანაშვილს („ბახალა") 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
„საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების მხრიდან პროცესზე გაკეთებული ზეპირი განმარტების მიხედვით, წიქარიშვილის მხრიდან წვრილმანი ხულიგნობა გამოიხატა მხოლოდ სასამართლოს მისამართით შეურაცხმყოფელ გამონათქვამებში, ხოლო ნივთის დაზიანების ფაქტზე გამოძიების დამოუკიდებელი პროცესი მიმდინარეობს", - აცხადებენ EMC-ში
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პარლამენტში ოპოზიციონერ დეპუტატს აგინა, და ეს ფაქტი უმრავლესობის წევრებმა მის მიერ ღირსების დაცვად შეაფასეს.