აწყურის ეკლესიას, რომელიც XI- XIV საუკუნეებს განეკუთვნება სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. ძეგლის პასპორტში მისი მდგომარეობა შეფასებულია როგორც დანგრეული. ნაგებობის ¾ განადგურებულია. ძეგლზე მიმდინარე სამუშაოები 2019 წლის 20 დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის 31 მარტს მიტროპოლიტმა აბბა ალავერდელმა მიმართა სააგენტოს, რის საფუძველზეც დაიწყო ახალციხის მუნიციპალიტეტის აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტი ითვალისწინებს საკათედრო ტაძრის სრულ რეაბილიტაციას, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია:
მაგ: მორღვეული კედლების ამოყვანა კირ-დუღაბით, უფრო მეტად დაზიანებული ადგილების კი შეფარული რკინა ბეტონის კონსტრუქციის გამოყენებით. ასევე, გუმბათის აღმართვა რკინა-ბეტონის კონსტრუქციით.
ნებართვის მფლობელია სამშენებლო კომპანია „ივერთმშენი“. სააგენტოს ინფორმაციით, ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი 2008 წელს მომზადდა, თუმცა მოგვიანებით პროექტში ცვლილებები შევიდა.
მანამდე კი, საგენტოს ინფორმაციით, 2002 და 2006-2007 წლებში ძეგლზე ადგილობრივი ბიზნესმენის მხარდაჭერით დაიწყო სამუშაოები, რომელიც არასწორი მეთოდით მიმდინარეობდა.
„ლიბერალი“ დაუკავშირდა არაერთ სპეციალისტს, იმისთვის, რომ შეეფასებინათ პროექტი, თუმცა მათ ძეგლზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ სრული ინფორმაცია არ ჰქონდათ.