„მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა" - საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში მიქელანჯელო ბუონაროტის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენას მოაწყობს.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი იქნება მიქელანჯელოს მიერ 1508-1510 წლებში სიქსტეს კაპელის მოხატულობაზე მუშაობის პერიოდში (1508-1512) შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები. გამოფენა გაიხსნება 2 თებერვალს და 3 აპრილმადე გაგრძელდება.
„2 თებერვლიდან 3 აპრილის ჩათვლით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს რენესანსის ეპოქის იტალიელი მოქანდაკის, მხატვრის, არქიტექტორისა და პოეტის მიქელანჯელო ბუონაროტის (1475-1564) 6 გრაფიკულ ნამუშევარს ფლორენციის „კაზა ბუონაროტის" მუზეუმიდან, რომლის კოლექცია, მიქელანჯელოს სხვა შედევრებთან ერთად, ინახავს 200-ზე მეტ ჩანახატსა და ხელნაწერს, ბუონაროტის საგვარეულოს სხვადასხვა თაობის მიერ შეგროვებული სურათების, ქანდაკებებისა და არქეოლოგიური ნიმუშების მდიდარ კოლექციას.
დამთვალიერებელი იხილავს ადამიანის სახისა და სხეულის გრაფიკულ დეტალებს, მათ შორის, ხელის გამოსახულებას ფრესკისთვის „ადამის შექმნა" და ფიგურებს ფრესკისთვის „სამოთხიდან განდევნა." ექსპოზიციაში ჩართული იქნება მულტიმედია. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ დოკუმენტური ფილმი „მოგზაურობა მიქელანჯელოს აღმოსაჩენად“, - ნათქვამია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში. ასევე ორგანიზებაში ჩართული იყო სხვადასხვა ინსტიტუცია; კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, პროექტი „Check in Georgia“-ს ფარგლებში „ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით ხორციელდება.
გამოფენა ხორციელდება მუზეუმთან „კაზა ბუონაროტი" და კულტურულ ასოციაცია „მეტამორფოზისთან" თანამშრომლობით.